კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა

კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქართველი კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს კულტურის სამინისტრომ გაავრცელა.

„მწუხარებას გამოვთქვამთ ცნობილი ქართველი კომპოზიტორისა და მომღერლის, ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

ნუნუ დუღაშვილის შემოქმედება ქართული მუსიკალური კულტურის განუყოფელი ნაწილია. მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებაში. მისი სიმღერები დღემდე პოპულარობით სარგებლობს და მსმენელთა განსაკუთრებულ სიყვარულს იმსახურებს”,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი 1933 წლის 7 თებერვალს თბილისში დაიბადა. განსაკუთრებით ცნობილია მისი სიმღერები: „ქუთაისო“, „იმერეთის ნიავი“, „ღმერთი სიყვარულისა“, „ბათუმი რად ღირს, მარტო“, „ჩემი სიმღერა“, „კახეთო“, „სამშობლო“, „თბილისო, სიყვარულო“.

2012 წელს დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა ნუნუ დუღაშვილის ვარსკვლავი. ის ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისა და აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისათვის დაჯილდოებულია ღირსების ორდენითაც.