ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან აბუ-დაბიში დაგეგმილი შეხვედრა და საჰაერო თავდაცვის საკითხი განიხილა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან სატელეფონო საუბარი გამართა. ზელენსკის თქმით, საუბარი ძალიან დეტალური იყო და საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა.
„ვემზადებით უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი შეხვედრისთვის, რომელიც გუნდების დონეზე ერთ კვირაზე ნაკლებ დროში გაიმართება“, - განმარტა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ხუთშაბათს ბრიუსელში გაიმართება შეხვედრა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე.
„მოლაპარაკებების ტემპი რაც შეიძლება ინტენსიური უნდა იყოს, რათა ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. უკრაინა მზადაა გადადგას საჭირო ნაბიჯები, ჩვენი წინადადებები ნათელია და ჩვენ ჩვენი წინადადებები ამერიკულ მხარეს გადავეცით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, საუბრის დროს ასევე განიხილეს საჰაერო თავდაცვის სისტემები.
„გვჭირდება Рatriot-ის ტიპის რაკეტები, რათა დავიცვათ სიცოცხლე რუსული დარტყმებისგან. უნდა გავაგრძელოთ ამერიკასთან თანამშრომლობა ყველა ორმხრივ საკითხზე, განსაკუთრებით დრონების შესახებ შეთანხმებების ფორმატში. უკრაინა მადლიერია შეერთებული შტატების უკრაინის დამოუკიდებლობის, ჩვენი ხალხის და ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევის მხარდაჭერისთვის. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ომისშემდგომი უსაფრთხოების გარანტიები ნამდვილად ურყევი უნდა იყოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

























