ირაკლი ფავლენიშვილი - საქართველო უფრო მეტად ეფლობა დიქტატურის ჭაობში, წითელი ხაზის გადალახვასთან ძალიან ახლოს ვართ - რაც შეეხება „ოპოზიციის ალიანსს“, ისევ ერთიანობისთვის გამოვეცალეთ, რასაც ჩვენი იქ ყოფნა ხელს უშლიდა

ირაკლი ფავლენიშვილი - საქართველო უფრო მეტად ეფლობა დიქტატურის ჭაობში, წითელი ხაზის გადალახვასთან ძალიან ახლოს ვართ - რაც შეეხება „ოპოზიციის ალიანსს“, ისევ ერთიანობისთვის გამოვეცალეთ, რასაც ჩვენი იქ ყოფნა ხელს უშლიდა

ეს ქვეყანა ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტად ეფლობა დიქტატურის ჭაობში და ევროპას მარტივი მოცემულობა აქვს, წითელი ხაზის გადალახვასთან უკვე ძალიან ახლოს ვართ, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ფავლენიშვილი ევროკომისიის ანგარიშს.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ ევროკომისიის ანგარიშში საქართველოზე წერია, რაც უფრო გადის დრო, პრობლემები უფრო და უფრო მძიმდება.

„ეს ანგარიში არის უპრეცედენტო. როგორც ამავე ანგარიშში წერია, რაც უფრო გადის დრო, კიდევ უფრო ღრმავდება ადამიანის უფლებების დარღვევაც, საკანონმდებლო ბაზაც უფრო და უფრო რეპრესიული ხდება, პრობლემები უფრო და უფრო მძიმდება. ევროპა ეფუძნება ღირებულებებს და ნორმებს, მაგრამ [საქართველოში] პროტესტი ადამიანებისთვის ხდება საფრთხის შემცველი, შეიძლება გაწამონ, შეგაგდონ სპეციალურ სამარშრუტო ტაქსიში, სადაც საწამებელი ოთახია გაკეთებული. ამ დროს ფუნდამენტური უფლება გაქვს, კონსტიტუციით გათვალისწინებული, გამოხატო შენი პროტესტი ქვეყანაში მიმდინარე პროტესტზე, ეს უფლება შეზღუდულია; პოლიტიკური პარტიების აკრძალვას აპირებენ; ცესკო რომ უკანონობას ჩაიდენს, იმის გასაჩივრების უფლებაც აღარ გაქვს“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „ოპოზიციის ალიანსის“ დატოვებას, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ მათი ალიანსში ყოფნა ერთიანობას ხელს უშლიდა, ამიტომაც დატოვეს გაერთიანება.

„ერთიანობა ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, მაგრამ [ჩვენი ოპოზიციის ალიანსში ყოფნა] ერთიანობას ხელს უშლიდა იმიტომ, რომ მუდმივად დაპირისპირება ხდებოდა, ამიტომ გამოვეცალეთ. ისევ ერთიანობისთვის გამოვეცალეთ, ჩვენი პირადი მიზნისთვის კი არა, ერთიანობა რომ უფრო შედგეს. რადგან ამ ფორმატში ჩვენი ყოფნა ამას ხელს უშლიდა, ჯობდა ამ ფორმატის გარეთ ვყოფილიყავით“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.