ევროკომისიის ანგარიში - ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიის საფუძვლებს - ოპოზიციის ლიდერთა უმრავლესობას ან სისხლისსამართლებრივი ბრალდებები აქვს წაყენებული, ან ემიგრაციაშია, ან პატიმრობაში

ევროკომისიის ანგარიში - ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიის საფუძვლებს - ოპოზიციის ლიდერთა უმრავლესობას ან სისხლისსამართლებრივი ბრალდებები აქვს წაყენებული, ან ემიგრაციაშია, ან პატიმრობაში

საქართველოში, საანგარიშო პერიოდში, დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა, რაც განპირობებული იყო დემოკრატიული ინსტიტუტების მზარდი ეროზიით, ძალაუფლების მზარდი კონცენტრაციით, სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლებების წინააღმდეგ რეპრესიების გაძლიერებით, სამოქალაქო სივრცის შემდგომი შეზღუდვით, ასევე ევროკავშირის საწინააღმდეგო მტრული რიტორიკისა და დეზინფორმაციის გავრცელებით, - ამის შესახებ ევროკომისიის გაფართოების 2026 წლის პაკეტის ფარგლებში საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული.

„საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმის ფარგლებში ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიის საფუძვლებს. ხელისუფლებას არ გადაუდგამს ნაბიჯები საარჩევნო სისტემის ზოგადი ჩარჩოს რეფორმირებისთვის, ხანგრძლივი დროის განმავლობაში გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშის თანახმად, 2025 წლის ოქტომბერში მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა „მკვეთრად პოლარიზებულ და რეპრესიულ გარემოში, რამაც სერიოზულად შეარყია საარჩევნო პროცესის კონკურენტუნარიანობა და გამჭვირვალობა“.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ამ გარემოს განმაპირობებელი ფაქტორები იყო: საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მმართველ პარტიას ანიჭებდა უპირატესობას; ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის მიერ არჩევნების ბოიკოტი; საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობის ნაკლებობა; ამომრჩეველთა დაშინება; ეუთო/ოდირისა და სანდო ადგილობრივი დამკვირვებლების არარსებობა.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ოპოზიციის ლიდერთა უმრავლესობას ამჟამად ან სისხლისსამართლებრივი ბრალდებები აქვს წაყენებული, ან ემიგრაციაში იყოფებიან, ან პატიმრობაში.

„საპარლამენტო ზედამხედველობა კვლავ შეზღუდულია, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლების ძალაუფლება კიდევ უფრო გაიზარდა. პოლიტიკური პოლარიზაცია გაღრმავდა, დემოკრატიული პლურალიზმი კი კიდევ უფრო გაუარესდა. ოპოზიციის ლიდერთა უმრავლესობას ამჟამად ან სისხლისსამართლებრივი ბრალდებები აქვს წაყენებული, ან ემიგრაციაში იმყოფებიან, ან პატიმრობაში. ქალები საჯარო თანამდებობებზე სულ უფრო ნაკლებად არიან წარმოდგენილი“, - აღნიშნულია ანგარიშში.