ბერდია სიჭინავა სასამართლოს ე.წ. ჩორჩანას საქმეზე სხდომების დეკემბრამდე  გადადების შუამდგომლობით მიმართავს

ბერდია სიჭინავა სასამართლოს ე.წ. ჩორჩანას საქმეზე სხდომების დეკემბრამდე  გადადების შუამდგომლობით მიმართავს

ადვოკატი ბერდია სიჭინავა სასამართლოს ე.წ. ჩორჩანას საქმეზე სხდომების დეკემბრამდე გადადების შუამდგომლობით მიმართავს.

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქმე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება, რა დროსაც უნდა დაიკითხოს ყოფილი მაღალჩინოსანი, კახა ქემოკლიძე.

ბერდია სიჭინავას განმარტებით, ამ დროისთვის კახაბერ ქემოკლიძე საქართველოში არ იმყოფება, რის გამოც სხდომის გადადების შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს.

„დღეს, ჩვენ ვიშუამდგომლებთ სასამართლოს წინაშე გონივრული ვადით, დეკემბრის დასაწყისისთვის სხდომის გადადებას, რადგან სასამართლოში ჩვენს მიერ დასაკითხი პირი, კახაბერ ქემოკლიძე ამჟამად ქვეყანაში არ იმყოფება. მისი ჩვენება არის საკვანძო ჩვენება საქმეზე ობიექტური გარემოებების დადგენის თვალსაზრისით. ის საზღვარგარეთ არის, აკადემიურ საქმიანობას ეწევა, შესაბამისად, საქართველოში დეკემბრის დასაწყისში ბრუნდება და ამ პერიოდისთვის გვსურს გადაიდოს სხდომა. თუ სასამართლო არ დააკმაყოფილებს ამ შუამდგომლობას, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვიშუამდგომლებთ დისტანციურად დაკითხვასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სიჭინავამ.

ცნობისთვის, ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდებულია ყოფილი შს მინისტრი და პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია. მას ბრალდება წარდგენილი აქვს 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.