გიგი წერეთელი - კონგრესის ორივე პალატაში „რესპუბლიკელების“ მარცხი პერსონალურად ტრამპზეც გავრცელდება - რაღაც პერიოდი მაინც, რთულ დაპირისპირებას, პოლიტიკურ ომს უნდა ველოდოთ აღმასრულებელ შტოსა და პრეზიდენტთან

გიგი წერეთელი - კონგრესის ორივე პალატაში „რესპუბლიკელების“ მარცხი პერსონალურად ტრამპზეც გავრცელდება - რაღაც პერიოდი მაინც, რთულ დაპირისპირებას, პოლიტიკურ ომს უნდა ველოდოთ აღმასრულებელ შტოსა და პრეზიდენტთან

ძალიან მძიმე საყურებელი იყო ეს ყველაფერი. მძიმე ამბავი იყო ის, რომ დღეს, მმართველი გუნდის ლიდერი ასეთ ვითარებაში აღმოჩნდა - არ შეიძლება ასე რობოტულად ილაპარაკო მუდმივად ერთი და იგივე -„ისინი უნდა შეიცვალონ“ თურმე - ეს უბრალოდ არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს შესაძლებელია მოეწონოს მაგალითად, ივანიშვილს, ან ქვედა დონეზე ლაქიებიდან ვინმემ უთხრას [კობახიძეს], „დედა, რა მაგრად გამოხვედით, რა კარგი იყო, სათქმელი ყველაფერი უთხარით“, მაგრამ ეს ხომ საქართველოს აზიანებს?! - ასე აფასებს პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგი წერეთელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გამოსვლას „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე.

როგორც გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, ახლა საზოგადოების აღქმა უნდა იყოს სწორი, „ირაკლი კობახიძე კი არ უნდა გაგლიჯოს ვინმემ, უბრალოდ, პოლიტიკა უნდა შეცვალოს“ საზოგადოებამ.

„რომ გითხრათ, მარტივი საყურებელი იყო, რაღაც მომეწონა, რაღაცამ გამახარა, ასე ნამდვილად არ არის, ძალიან მძიმე საყურებელი იყო ის, რომ დღეს, მმართველი გუნდის ლიდერი ასეთ ვითარებაში აღმოჩნდა, აღმოიჩინა თავი თავადაც და მისმა გუნდმაც. ცხრაჯერ შეახსენეს, რომ საქართველოს მოქალაქეთა 80%-ს უნდა დასავლეთთან ინტეგრაცია და წარმოუდგენელი მგონია, ისევ აგრძელებდე იმას, რასაც აქ ამბობ ყოველ დღე, რომ ბიუროკრატია არის ცუდი. მესმის, რომ დარბაზში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იცინოდნენ, მაგრამ არ მგონი, რომ ეს ღიმილი და სიცილი მთლად სწორი ემოცია და გულწრფელი იყო, ხოლო როცა სხვები იღიმოდნენ, აი, ეს ღიმილი და სიცილი ჩემთვის ძალიან შემაწუხებელი და ბევრის მანიშნებელი იყო. არ შეიძლება ასე რობოტულად ილაპარაკო მუდმივად ერთი და იგივე - „ბიუროკრატია, რომ ეს ცუდია, რომ ისინი უნდა შეიცვალონ“. ეს უბრალოდ არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს შესაძლებელია მოეწონოს მაგალითად, ივანიშვილს, ან ქვედა დონეზე ლაქიებიდან ვინმემ უთხრას, „დედა, რა მაგრად გამოხვედით, რა კარგი იყო, სათქმელი ყველაფერი უთხარით“, მაგრამ ეს ხომ საქართველოს აზიანებს? ნაწილობრივ ვუსმინე სხვა გამომსვლელებს - ფაშინიანს და სულ სხვა განწყობაა, ალბანეთს, მონტენეგროს, უკრაინას. მე მგონია, რომ ახლა, ჩვენი საზოგადოების აღქმა უნდა იყოს სწორი! კობახიძე კი არ უნდა გაგლიჯოს ვინმემ, უბრალოდ, პოლიტიკა უნდა შეცვალონ.

რაც შეეხება კობახიძის მხრიდან ევროკომისიისთვის დიალოგის შეთავაზებას, ეს შეთავაზება გასაგებია, მაგრამ ამ დიალოგის წინაპირობები არ არსებობს, რადგან საქართველოს მთავრობას არაფერი შეუსრულებია და მის მიმართ ნდობა ძალიან დაბალია“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.

რაც შეეხება ევროკომისიის გაფართოების ყოველწლიურ ანგარიშს, წერეთლის შეფასებით, საქართველოს მიმართ მძიმე იქნება ევროკომისიის „2026 წლის გაფართოების პაკეტი“. მისი თქმით, ანგარიშში ვერ მოხვდება „ქართული ოცნების“ სარჩელი 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ, რადგანაც თვითონ ანგარიში შედგა ადრე, თუმცა პარტიების აკრძალვის პროცესი „კიდევ უფრო ძალიან ძლიერი დარტყმა იქნება ევროინტეგრაციის პროცესისთვის“.

„ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგაც, როდესაც იქნება დისკუსია პარტიების აკრძალვის საკითხზე, თუ ეს მოხდება და ასე იქნება, რა თქმა უნდა, ეს მოიტანს შემდეგ ახალ ტალღას- პერსონალურ სანქციების მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება მათ მიმართ, ვინც ამ პროცესში იქნება ჩართული, მოხდება ფინანსური შეზღუდვები, მოხდება როგორც ცალკეულ ქვეყნებთან, ისე ევროკავშირთან კიდევ უფრო დაშორება და ბუნებრივია, ვიზასთან დაკავშირებული საკითხები ხელახლა დაიძვრება. მე ვამბობ, რომ ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ასე უტიფრად მოხდება ისევ შებრძოლება და იქეთ დადანაშაულება და არ თქმა იმისა, რომ „კარგით, ჩვენც რაღაცას გადავხედავთ“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გარდა ამ საკითხისა, მან ისაუბრა აშშ-ში ჩატარებულ კონგრესის შუალედურ არჩევნებზე, რომლის პირველადი შედეგებით, კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობა „დემოკრატიულმა პარტიამ“ მიიღო. გიგი წერეთლის თქმით, „ეს ნიშნავს, რომ რაღაც პერიოდი მაინც, რთულ დაპირისპირებას, პოლიტიკურ ომს უნდა ველოდოთ აღმასრულებელ შტოსა და პრეზიდენტთან“.

„რეალურად, ეს იყო ტრამპის წინააღმდეგ მიმართული კამპანიაც იმიტომ, რომ თვითონ ტრამპი, „რესპუბლიკურ პარტიაში“, როგორც ყველაზე დიდი ფიგურა, თვითონაც იღებდა ძალიან ბევრ პასუხისმგებლობას. მან პერსონალურად შეარჩია ბევრ შტატში კანდიდატები, შემდეგ იყო მათთან ერთად და ბოლოს თქვა, რომ “მე რომ ვყოფილიყავი ბიულეტენზე, მოვიგებდიო“. ანუ ბუნებრივად ხდება ამ არჩევნების ტრამპთან პერსონიფიცირება და აღსაქმელად რამდენადაც რთული და მწარე არ უნდა იყოს, ეს დამარცხება მასზეც გავრცელდება. ტრამპის მხრიდან კარგი რაც უნდა აღვნიშნოთ არის ის, რომ მან ეს დამარცხება ძალიან მშვიდად და წყნარად მიიღო და თქვა, რომ შედეგებს აღიარებს.

რაც შეეხება შედეგებს, იქნება ძალიან სერიოზული დაპირისპირებები, ისტორიულადაც შეგვიძლია ვნახოთ იმიტომ, რომ ეს არ არის პირველი პრეცედენტი, როცა მოქმედი პრეზიდენტის პირობებში ერთი პარტია აგებს ორივე პალატას. ობამას პერიოდშიც წააგეს კონგრესის არჩევნები, მაგრამ შემდეგ ობამამ მოახერხა მეორედაც გამარჯვება, ამიტომ ეს შედეგები არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დასრულდა „რესპუბლიკელებისთვის“. მთავარია, როგორ პოლიტიკას აწარმოებენ იმიტომ, როგორც ვხედავთ, ამერიკელი ამომრჩეველი არის ძალიან გაცნობიერებული, უკვირდება ყველაფერს და არის ძალიან მოტივირებული“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

მისი შეფასებით, ამ არჩევნების შემდგომ ამერიკის მხრიდან უკრაინის დახმარების საკითხი მეტად „აიწევს“.

„განსაკუთრებით ბოლო პერიოდში შეცვლილმა პოლიტიკამ დარწმუნებული ვარ, საარჩევნო პერიოდში იმოქმედა ამომრჩევლის დამოკიდებულებაზე. „დემოკრატები“ კიდევ უფრო აქტიურად, განსაკუთრებით ტრამპის პოლიტიკის კრიტიკის პირობებში უპირისპირდებოდნენ ყველაფერს - უკრაინაში დახმარების შემცირებას, გადავადებულ საკითხებს და ა.შ. ბოლო პერიოდში, ტრამპი ცდილობდა, რომ რუსეთისკენ ჩართულობა თითქოს უფრო მეტი ყოფილიყო და ამის საწინააღმდეგოდ ძალიან ბევრი განცხადება იყო. ამიტომ, ჩემი აზრით, ახლა, კიდევ უფრო აიწევს უკრაინის დახმარების საკითხი,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.