სოფიო ხორგუანი - დაზოგვის კულტურის შემოღებაზე ლაპარაკი ცინიზმი და უტიფრობაა, მოქალაქეები საკვებზე ზოგავენ ფულს, რომ გათბობა ხანდახან ჩართონ - მილიონერმა დეპუტატმა უნდა ასწავლოს გაჭირვებულ ადამიანს, როგორ იყოს უფრო ხელმომჭირნე?

პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს იყო კონკრეტული ბიზნეს-ჯგუფების ლობირება, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ იმიტომ, რომ საერთოდ არაფერი აინტერესებთ, მთავარია, თავიანთი ინტერესი დაიკმაყოფილონ. ამას მოჰყვება ის, რომ სულ უფრო მეტი ოჯახი გაუბედურდება. განსაკუთრებით, ახალგაზრდებში ხდება კატასტროფა, ძალიან პატარა ასაკიდან იწყება თამაშზე დამოკიდებულება და ოჯახებში ისეთი უბედურება ტრიალებს, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, სოფიო ხორგუანმა „პალიტრანიუსის” გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ „ქართული ოცნების” მიერ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ახალი ცვლილებების დამტკიცებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ხორგუანმა შოთა ბერეკაშვილის განცხადებას, რომ თითქოს საერთაშორისო აზარტული ტურნირი არატურისტულ სეზონზე ტურისტების მოზიდვას ემსახურება და ასეთი ტურნირები ევროპის ქვეყნებშიც ტარდება, ცინიზმი და უტიფრობა უწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყანას ტურისტებისთვის მოსაზიდად ბევრად მეტი პოტენციალი აქვს, თუმცა ინფრასტრუქტურა გაუმართავია, ამიტომ, მისი თქმით, პირველ რიგში, ეს პრობლემები უნდა აღმოიფხვრას.
„დაჩქარებული წესით მიღებული კანონპროექტები ადასტურებს, რომ ჩვენ ქვეყანაში გვყავს ხელისუფლება, რომლის ინტერესიც საერთოდ არ არის ხალხისა და სახელმწიფოს მსახურება, არც ხედვა გააჩნია, თუ როგორი უნდა იყოს სამართლებრივი სახელმწიფო და ამ სამართლებრივი, ქრისტიანული, დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფოსკენ როგორ უნდა წავიდეთ. ერთადერთი, რაც მათ აინტერესებს, ეს არის სულ უფრო მეტი ძალაუფლების კონცენტრირება, სულ უფრო მეტი შემოსავალი და პირადი კეთილდღეობის გაზრდა.
პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს იყო კონკრეტული ბიზნეს-ჯგუფების ლობირება, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ იმიტომ, რომ საერთოდ არაფერი აინტერესებთ, მთავარია, თავიანთი ინტერესი დაიკმაყოფილონ. ამას მოჰყვება ის, რომ სულ უფრო მეტი ოჯახი გაუბედურდება ამ სათამაშო ბიზნესით და კიდევ უფრო მეტი ოჯახი გახდება იძულებული, წავიდეს ემიგრაციაში. განსაკუთრებით, ახალგაზრდებში ხდება კატასტროფა, ძალიან პატარა ასაკიდან იწყება თამაშზე დამოკიდებულება და ოჯახებში ისეთი უბედურება ტრიალებს, თან ვერ ბედავენ ამაზე საუბარს, რცხვენიათ ან ეშინიათ. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი.
ეს განცხადება [შოთა ბერეკაშვილის განმარტება, რომ თითქოს საერთაშორისო აზარტული ტურნირი არატურისტულ სეზონზე ტურისტების მოზიდვას ემსახურება და ასეთი ტურნირები ევროპის ქვეყნებშიც ტარდება] არის ცინიზმი და უტიფრობა. როდესაც ჩვენ ველაპარაკებით, რომ გვინდა დემოკრატიული ღირებულებები და სამართლიანი სახელმწიფო, გვინდა ისეთი დაცული მოქალაქე, როგორც ეს ევროპაშია, მაშინ გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვართ ევროპის აგენტები და როდესაც მათი ჯიბისთვის საჭირო გადაწყვეტილებები აქვთ მისაღები, მაშინ ევროპის მაგალითები მოჰყავთ”, - განაცხადა ხორგუანმა.
კითხვაზე, რომელი პოლიტიკური ფიგურების მხრიდან ხედავს ის სათამაშო ბიზნესის ხელშეწყობასა თუ ლობირებას, ხორგუანმა განაცხადა, რომ ვარაუდებით ვერ ისაუბრებს, „მაგრამ პირდაპირ რასაც ვუყურებ და რაც არის, ეს არის თავად შოთა ბერეკაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა აზარტულ თამაშებს“.
„ყველაზე მძიმე სწორედ ის არის, რომ ის თავად არის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ხელმძღვანელი, იმ კომიტეტის, რომელმაც ქვეყანაში უნდა განსაზღვროს, როგორი იქნება ეკონომიკის პოლიტიკა.
თუ ამ ადამიანებს ტურიზმის განვითარება აინტერესებს, ჩვენ სხვა შესაძლებლობები გვაქვს. ჯერ ერთი, უამრავი პრობლემა არსებობს ამ სფეროში, ინფრასტრუქტურა გაუმართავია.
ბერეკაშვილის განცხადება მისივე ამომრჩევლის წინააღმდეგ არის მიმართული. საკუთარ ამომრჩეველს ეუბნებოდნენ, რომ ქრისტიანობისა და მართლმადიდებლობის დამცველები ვართო.
თუ შოთა ბერეკაშვილს ჰგონია, რომ აზარტული თამაშებით უნდა გავხდეთ ტურისტებისთვის მიმზიდველი, რა თქმა უნდა, ტურისტულადაც უნდა განვითარდეს, მაგრამ ჩვენს ქვეყანას ბევრად მეტი პოტენციალი აქვს და ბევრად სხვა შესაძლებლობა ამისთვის. ეს შეიძლება შენი ბუნებაც იყოს, შენი კულტურაც, შენი ისტორიაც, მაგრამ ამის ხედვა არ აქვთ. რომელ ტურისტულ განვითარებაზე ვლაპარაკობთ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს არ უვლიან და რის სანახავად უნდა ჩამოვიდეს ტურისტი? მათ თუ ჰგონიათ. რომ ტურისტი აქ მხოლოდ სათამაშოდ უნდა ჩამოვიდეს, მაშინ ჩვენი პოზიციაა, რომ ეს არ არის სწორი, ეს არ არის ის, რაც ჩვენი სამშობლოსთვის გვჭირდება.
თუ რამე არის შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესის ღალატი, არის ეს, როდესაც შენს მომავალ თაობას ამ ყველაფერს ნორმად სთავაზობ. შოთა ბერეკაშვილი საკუთარ შვილებს გაიმეტებს იმისთვის, რომ მოთამაშეები გახდნენ? მათ ჰგონიათ, რომ ნარკოტიკი და თამაში ისეთი რამ არის, რაც მათ არასდროს გაეკარება და ამისგან საკუთარ ოჯახებს დაიცავენ. ეს ისეთი თემებია, რომლისგანაც დაცული არავინ არის”, - განაცხადა ხორგუანმა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტის მიერ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მანიპულაციას მიმართავს, რათა ტარიფების ზრდამ საზოგადოებაში პროტესტი არ გამოიწვიოს.
„რაც შეეხება ჩვენს ენერგო დამოუკიდებლობას, ენერგო უსაფრთხოებასა და ენერგო პოლიტიკას, ჩვენ ქვეყანაში არ გვაქვს ის ენერგო პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში უზრუნველყოფს ტარიფის შემცირებასა და ენერგო უსაფრთხოებას. სულ უფრო მეტად ვხდებით დამოკიდებული რუსეთის გაზზე. თუ მთელი მსოფლიო ცდილობს, რომ ნაკლებად დამოკიდებული იყოს რუსეთის გაზზე, ჩვენ ამ წლების განმავლობაში გავაორმაგეთ ჩვენი დამოკიდებულება რუსეთის გაზზე.
ამ ხელისუფლებას მოქალაქეების მიმართ ასეთი დამოკიდებულება აქვს, რომ დღეს ერთს გეტყვის, ხვალ მეორეს. როგორი ზეიმით გვამცნეს, რომ განსაკუთრებული ხელშეკრულება გააფორმეს. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ რა საჭირო გახდა გაზის ტარიფი გაზარდონ? ფაქტია, რომ ეს გადაწყვეტილი აქვთ უკვე. მიხვდნენ, რომ ტარიფის გაზრდა დიდ პროტესტს გამოიწვევდა, ამიტომ ასეთი მანიპულაციას გვთავაზობენ, რომ ვინც მდიდარია, ის გადაიხდის უფრო მეტს და ვინც ნაკლებს მოიხმარს, ისინი ნაკლებს გადაიხდიან.
დაზოგვის კულტურის შემოღებაზე რომ ლაპარაკობენ, ეს არის ცინიზმი და უტიფრობა, ადამიანები ისედაც ზოგავენ ყველაფერს. მოქალაქეებს უთქვამთ, რომ საკვებზე ზოგავენ ფულს იმისთვის, რომ გათბობა ხანდახან მაინც ჩართონ სახლში, წინ კიდევ მთელი ზამთარია. მილიონერმა დეპუტატმა უნდა ასწავლოს გაჭირვებულ ადამიანს, როგორ დაზოგოს და როგორ იყოს უფრო ყაირათიანი და ხელმომჭირნე? ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა ისედაც იძულებით ხელმომჭირნეობაში ცხოვრობს”, - განაცხადა სოფიო ხორგუანმა.

























