აუდიტის სამსახური - სახელმწიფო საწარმოებში 33 თანამშრომელზე გაცემული 2 116 864 ლარის შრომის ანაზღაურების მართლზომიერება ვერ დადასტურდა

აუდიტის სამსახური - სახელმწიფო საწარმოებში 33 თანამშრომელზე გაცემული 2 116 864 ლარის შრომის ანაზღაურების მართლზომიერება ვერ დადასტურდა

სახელმწიფო საწარმოებში 33 თანამშრომელზე გაცემული 2 116 864 ლარის შრომის ანაზღაურების მართლზომიერება ვერ დადასტურდა, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია საუბარი, რომელიც 2023-2024 წლებს მოიცავს. ანგარიშის თანახმად, „საქართველოს ფოსტაში“ დასაქმებული პირი ორი წლის განმავლობაში სამუშაო ადგილზე მხოლოდ ხუთ დღეს ფიქსირდებოდა.

როგორც bpn-ი წერს, დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო საწარმოებში 2023-2024 წლებში შრომის ანაზღაურების, სამუშაო დროის აღრიცხვისა და თანამშრომელთა წახალისების პროცესში არაერთი ხარვეზი გამოვლინდა.

ანგარიშის მიხედვით, „სახელმწიფო საწარმოებში თანამშრომელთა მიღების მარეგულირებელი ერთიანი საკანონმდებლო ნორმები არ არსებობს, შემოწმებულ არცერთ კომპანიაში შიდა წესებით განსაზღვრული არ იყო, რა შემთხვევაში უნდა მომხდარიყო დასაქმება კონკურსის საფუძველზე და როდის იყო შესაძლებელი უკონკურსოდ მიღება“. აუდიტის შეფასებით, არსებული პრაქტიკა დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებსა და პროცესის გამჭვირვალობას სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს.

„მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები გამოვლინდა მრჩევლებისა და კონსულტანტების შრომის ანაზღაურების მიმართულებითაც. „საქართველოს რკინიგზაში“ ვერ წარმოადგინეს საკონსულტაციო საბჭოს 2023-2024 წლებში ჩატარებული სხდომების ოქმები, რომლებიც კომპანიის პრიორიტეტული და სტრატეგიული საკითხების განხილვას დაადასტურებდა. ამავე პერიოდში საბჭოს რვა წევრსა და აღმასრულებელ მდივანზე შრომის ანაზღაურების სახით 383 841 ლარი გაიცა.

გარდა ამისა, რკინიგზაში, სატრანსპორტო კომპანიასა და ფოსტაში მრჩევლისა და კონსულტანტის პოზიციაზე დასაქმებულ 25 პირს სამუშაო აღწერილობები არ ჰქონდა, ხოლო 24 მათგანის შემთხვევაში ვერ წარმოადგინეს კომპანიის საქმიანობაში ჩართულობისა და შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია. 12 მრჩეველ-კონსულტანტის საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში სამსახურში არყოფნის მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტებიც ვერ მოიძებნა, თუმცა აღნიშნული დღეები ნამუშევრად ჩაეთვალათ.

აუდიტის დოკუმენტის თანახმად, ამ და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, ვერ იქნა მიღებული სათანადო რწმუნება სახელმწიფო საწარმოებში 33 თანამშრომელზე 2023-2024 წლებში შრომის ანაზღაურების სახით გაცემული 2 116 864 ლარის მართლზომიერ ხარჯვაზე. ამასთან, 2025 წლის 25 ივნისიდან კანონმდებლობით მრჩევლის პოზიცია არაანაზღაურებადი გახდა”, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, ხარვეზები გამოვლინდა დასაქმებულთა სამუშაო დროის აღრიცხვის მიმართულებითაც.

„საქაერონავიგაციის“ საავიაციო ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრში (ARCC) პილოტის პოზიციაზე დასაქმებული სამი თანამშრომელი 2023-2024 წლებში სხვადასხვა პერიოდში, ჯამურად 265 დღით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა ისე, რომ მათ სამსახურებრივი მივლინებით ან შვებულებით არ უსარგებლიათ. ამასთან, ორი პილოტი ერთსა და იმავე პერიოდში 92 დღით, ხოლო სამივე ერთად ცხრა დღით იმყოფებოდა საზღვარგარეთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში მათ შესაძლოა ვერ უზრუნველეყოთ ცენტრისთვის საჭირო საფრენოსნო დავალებების შესრულება, აღნიშნული დრო ნამუშევრად ჩაეთვალათ და ხელფასი სრულად აუნაზღაურდათ.

ფოსტაში 2023-2024 წლებში სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულ 123 თანამშრომელზე, რომელთაც ორი წლის განმავლობაში ჯამურად 3 261 863 ლარი გადაუხადეს, სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმები არ იწარმოებოდა. შესაბამისად, არ არსებობდა უფლებამოსილი პირების მიერ დადასტურებული მონაცემები ნამუშევარი საათების შესახებ. ამასთან, სამუშაო დროის აღრიცხვის შეუძლებლობის შემთხვევები შესაბამისი წესით განსაზღვრული არ იყო.

ფოსტაში სამუშაო დროის კონტროლი გარკვეულ თანამდებობის პირებზე არ ვრცელდებოდა. ელექტრონული დასწრების მონაცემების შესწავლით გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც ერთი თანამშრომელი ორი წლის განმავლობაში სამუშაო ადგილზე მხოლოდ ხუთ კალენდარულ დღეს ფიქსირდებოდა, სხვა შემთხვევაში კი სისტემაში ჩანაწერი „არ გამოცხადება“ - იყო მითითებული. აუდიტმა ვერ მიიღო სათანადო რწმუნება ამ თანამშრომელზე ხელფასის სახით გაცემული 159 145 ლარის მართლზომიერ ხარჯვაზე.

ამასთან, 2023-2024 წლებში სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულ 27 თანამშრომელს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნის პერიოდი ნამუშევრად ჩაეთვალა და მათზე 137 429 ლარი გაიცა. თუმცა ვერ იქნა წარმოდგენილი სამსახურებრივი მივლინების, დისტანციურად მუშაობის უფლებამოსილების, შვებულების ან სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ამ პერიოდის ანაზღაურების საფუძველს დაადასტურებდა”, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, პრობლემები გამოიკვეთა პრემიებისა და დანამატების გაცემის პროცესშიც.

„სახელმწიფო საწარმოებში ამ სახის ანაზღაურების მარეგულირებელი ერთიანი საკანონმდებლო ნორმები არ არსებობს და საკითხი კომპანიების შიდა წესებით რეგულირდებოდა. ამასთან, შემოწმებულ საწარმოებში თანამშრომელთა შეფასების სისტემა დანერგილი არ იყო, რის გამოც წახალისება კონკრეტული შესრულებული სამუშაოს შედეგებთან ყოველთვის დაკავშირებული არ ყოფილა.

აუდიტის თანახმად, საქაერონავიგაციაში 2023-2024 წლებში 853 თანამშრომელზე სადღესასწაულო და საერთაშორისო პროფესიულ დღეებთან დაკავშირებით 3 768 850 ლარის პრემია გაიცა. პრემიის გაცემის საფუძვლებში კონკრეტული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოები და წახალისების მოტივები მითითებული არ ყოფილა. ამასთან, 571 თანამშრომელმა, რაც ორი წლის განმავლობაში პრემირებული პერსონალის 67%-ია, ფულადი ჯილდო მხოლოდ სადღესასწაულო ან საერთაშორისო პროფესიულ დღეებთან დაკავშირებით მიიღო.

საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორის ინიციატივით, საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობისთვის 75 თანამშრომელზე გაცემულ 1 456 850 ლარის პრემიასთან დაკავშირებითაც ვერ წარმოადგინეს დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა, რა განსაკუთრებული მნიშვნელობის სამუშაო შეასრულეს მათ სანიმუშოდ ან შეზღუდულ ვადებში.

ფოსტაში სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით 3 207 316 ლარის დამატებითი ანაზღაურება გაიცა, რომელიც თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგებს არ უკავშირდებოდა. აეროპორტების გაერთიანებაში კი 3 561 055 ლარის პრემიის გაცემის საფუძვლებში კონკრეტული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოები საკმარისად დასაბუთებული არ იყო.

გარდა ამისა, ფოსტაში 1 008 075 ლარის დანამატთან დაკავშირებით წარმოდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული არ ყოფილა, რა სახის და მოცულობის სამუშაო შეასრულა თითოეულმა თანამშრომელმა. რკინიგზაში კი 147 თანამშრომელს მთელი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 375-ლარიანი დანამატი ჰქონდა დანიშნული, რის შედეგადაც ჯამურად 999 000 ლარი გაიცა. დანამატები დაკისრებული მოვალეობების შეუფერხებლად და მაღალ დონეზე შესრულების მიზნით იყო განსაზღვრული, თუმცა თანამშრომელთა საქმიანობის შედეგების შეფასება არ ხდებოდა. აუდიტის შეფასებით, არსებული პრაქტიკა წახალისების პროცესის გამჭვირვალობას სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს”, - ნათქვამია ანგარიშში.