ქართული პრესის მიმოხილვა 26.10.2026

ვახტანგ ძაბირაძე - “არ მგონია “ოცნებამ” ხუთივე პარტია აკრძალოს, რადგან...”
ოპოზიცია პროტესტის ახალ ტალღას აანონსებს
კორნელი კაკაჩია - “პარტიების აკრძალვა საფუძველს ჩაუყრის ლეგალიზებულ პოლიტიკურ ვენდეტას”
* * *
ვახტანგ ძაბირაძე - “არ მგონია “ოცნებამ” ხუთივე პარტია აკრძალოს, რადგან...”
“ისევე როგორც მთლიანად სასამართლო სისტემა საქართველოში, საკონსტიტუციო სასამართლოც ხელისუფლების ნების პირდაპირი აღმსრულებელია. ამიტომ ამ პროცესში მთავარი და გადამწყვეტი არის ის, თუ ამ კონკრეტულ ეტაპზე “ქართული ოცნებისთვის” პოლიტიკურად რა იქნება უფრო ხელსაყრელი: ოპოზიციური პარტიების სრული და საბოლოო აკრძალვა, მათი ნაწილის აკრძალვა და ნაწილის დატოვება, თუ პროცესის მაქსიმალურად გაჯანჯლება ან გადადება... როგორც ჩანს, მმართველ გუნდში არ ელოდნენ, რომ ოპოზიცია ასე აქტიურად ჩაერთვებოდა ამ განხილვებში. სავარაუდოდ, ხელისუფლების ვარაუდი და გათვლა იყო, რომ ოპოზიციური პარტიები უარს იტყოდნენ პროცესში მონაწილეობაზე, ბოიკოტს გამოუცხადებდნენ მას. მაგრამ როდესაც ოპოზიცია გამოცხადდა სასამართლოში და სრული სერიოზულობით ჩაერთო პროცესში, “ოცნებას” აღარ უნდა ამ დარბაზიდან პოლიტიკური განცხადებები ისმოდეს”, - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “არ მგონია “ოცნებამ” ხუთივე პარტია აკრძალოს, რადგან...”
“ისინი ცდილობენ მხოლოდ გარკვეული პროცედურული საკითხების დაშვებას, მაგრამ უმარტივესი კითხვა იბადება: როგორ შეიძლება პროცესი არ იყოს პოლიტიკური? დიახ, ის მიმდინარეობს სასამართლოს შენობაში, მაგრამ განსახილველი საქმე წმინდა პოლიტიკური ხასიათისა და შეუძლებელია პოლიტიკური შინაარსის საქმე დარჩეს პოლიტიკური შეფასებებისა და პროცესის გარეშე! წარმოუდგენელია, რომ ოპოზიციამ სრულიად სწორი და ტაქტიკურად მართებული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ამ პროცესში ჩაერთო. თუ ამ საქმეს ექნება გაგრძელება - და როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, შიდაეროვნული სამართლებრივი ინსტანციების ამოწურვის შემდეგ პროცესი აუცილებლად გადაინაცვლებს ევროპულ სასამართლოში (სტრასბურგში), მაშინ თითოეულ დეტალს ოქროს ფასი აქვს. სტრასბურგის სასამართლოსთვის მთავარი იქნება არა ის, თუ რამდენ შუამდგომლობას დააკმაყოფილებს ან უარყოფს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, არამედ ის, თუ რამდენი შუამდგომლობა ექნება ოფიციალურად, სტატისტიკურად დაყენებული ოპოზიციას, რამდენზე იტყვის უარს სასამართლო და როგორი იქნება ამ უარის სამართლებრივი (ან უსამართლო) დასაბუთება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“არავის გვაქვს ილუზია, რომ საქართველოში ობიექტური და რეალურად სამართლებრივი პროცესი ჩატარდება... ნამდვილი სამართლებრივი განხილვა დაიწყება მხოლოდ მაშინ, თუ ევროპული სასამართლო მიიღებს ამ სარჩელს და დაიწყებს მის არსებით განხილვას. აქ კი, საქართველოში, ეს არის წმინდა პოლიტიკური ბრძოლა. მოკლედ, დღეს “ოცნება” ცდილობს ოპოზიციამ ეს პლატფორმა ვერ გამოიყენოს თავის სასარგებლოდ, ვერც შიდაპროპაგანდისტული თვალსაზრისით და ვერც საერთაშორისო სამართლებრივი ასპექტით. გარდა ამისა, შევხედოთ საზოგადოებრივ მხარდაჭერას: ხელისუფლების მიერ ჩატარებული და გაანგარიშებული არჩევნების მონაცემებითაც კი ამ ოპოზიციურ პარტიებს ჯამურად მილიონამდე მხარდამჭერი ჰყავდათ. ამიტომ სრულიად აბსურდულია განცხადებები იმის შესახებ, თითქოს ეს პარტიები “ურეიტინგონი” არიან”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“დღეს შესაძლოა საზოგადოებრივი აზრის კვლევებში ეს ციფრი პირდაპირ არ ჩანს, სხვათა შორის, არც “ოცნების” რეალური რეიტინგი ჩანს მკაფიოდ, მაგრამ ხვალ რომ არჩევნები დაინიშნოს და ამომრჩეველი რეალური არჩევანის წინაშე დადგეს, ვითარება მკვეთრად შეიცვლება. სამწუხაროდ, საქართველოში ისე გვაქვს საქმე, რომ ამომრჩეველი ხმას აძლევს “საწინააღმდეგო პრინციპით” (ვიღაცის ჯიბრზე) და არა იმის მიხედვით, თუ ვინ მოსწონს. ამიტომ საარჩევნო პროცესში ოპოზიციის რეიტინგი აუცილებლად გაიზრდება. სწორედ ამის პრევენციას ცდილობს მმართველი პარტია ამ სასამართლო ფარსით... ამ ეტაპზე სიურპრიზებს არ ველი. ყველაზე დიდი ალბათობა არის ის, რომ ეს პროცესი გაჭიანურდეს. არა მგონია, დღეს პოლიტიკური ვითარება, როგორც ქვეყანაში, ისე მის გარეთ იმდენად იყოს მომწიფებული, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიიღოს რადიკალური გადაწყვეტილება: ან პარტიების საბოლოო აკრძალვაზე ან სარჩელის უკან გაწვევაზე და პროცესის გაუქმებაზე”, - მიიჩნევს კონსტიტუციონალისტი.
“დღეს ხელისუფლებისთვის ყველაზე რეალისტური და ხელსაყრელია პროცესის გაწელვა ოფიციალური განცხადების გარეშე. ნახეთ, რა ტაქტიკაა: განხილვები გაგრძელდება მომავალ კვირაში, შემდეგ გამოაცხადებენ, დავისვენებთო, მერე ნოემბრიდან განაახლებენ, მერე მოვა ახალი წელი, სადღესასწაულო დღეები და ასე შემდეგ. პროცესის ამგვარ გაჭიანურებას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ეფექტი: ის ნელ-ნელა აცხრობს აგრესიასა და საპროტესტო მუხტს ოპოზიციურ ელექტორატში. ადამიანები ეჩვევიან მოლოდინის რეჟიმს, მუხტი ვარდება და “ოცნება” ამ ფსიქოლოგიურ ფაქტორს ოსტატურად გამოიყენებს სათავისოდ. მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო ვითარებაც - მიმაჩნია, რომ 2027 წელი იქნება გადამწყვეტი წელი გლობალურ პოლიტიკაში, როგორც რუსეთ-უკრაინის ომის, ისე ამერიკა-ირანის ურთიერთობების მიმართულებით. საქმე ისაა, რომ 2028 წელი უკვე არის მორიგი საარჩევნო ციკლის წელი და იქ უკვე, ფაქტობრივად, ვერაფერი გადაწყდება ვერც ერთი და ვერც მეორე მიმართულებით! სწორედ ამ დიდმა გეოპოლიტიკურმა ძვრებმა შეიძლება მოახდინოს პირდაპირი გავლენა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზეც”, - ამტკიცებს ვახტანგ ძაბირაძე.
“ჩემი აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ `ქართულმა ოცნებამ~ ხუთივე ოპოზიციური პარტია ერთბაშად აკრძალოს. სავარაუდოდ, რომელიღაც პარტიებს დატოვებენ ასპარეზზე, ნაწილს აკრძალავენ, ან პროცესს გაწელავენ. ამით მმართველი პარტია აღწევს მთავარს: ოპოზიციური ძალები მუდმივად სასამართლო გადაწყვეტილების მოლოდინის რეჟიმში იქნებიან და ვერ შეძლებენ არჩევნებში სრულფასოვან, ეფექტურ მონაწილეობას. უფრო მეტიც, ხელისუფლების წარმომადგენლებს გაცხადებულიც კი აქვთ, თუ რომელიმე პარტიას არჩევნებისას რეიტინგი გაეზრდება, მას არჩევნების შემდეგ შევიყვანთ ასაკრძალ სიაშიო, და ასე განაახლებენ ამ სამარცხვინო პროცესს. ეს პირდაპირ არის გადმოღებული რუსული გამოცდილებიდან. გახსოვთ, როგორ ჩამოაცილეს არჩევნებს პარტია “იაბლოკო” რუსეთში? ზუსტად ამ სქემას ვხედავთ საქართველოშიც. “ოცნებას” რეალობა და დემოკრატიული სტანდარტები არ ადარდებს. მათ შეუძლიათ არჩევნების შედეგების მანიპულირება და გაყალბება, თუკი არ იქნება ხილული, მასშტაბური და უწყვეტი საპროტესტო ტალღა”, - განმარტავს რესპონდენტი.
“მომავალი 2027 წელი იქნება გარდამტეხი რუსეთ-უკრაინის ურთიერთობაში და ეს გარდატეხა პირდაპირ აისახება საქართველოს მიმართულებაზეც. პუტინი ცდილობს საბჭოთა იმპერიის აღდგენას ახალი ფორმით - არა პირდაპირი 15 რესპუბლიკის სახით, არამედ ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების მსგავსად: ნახევრად დამოუკიდებელი, სატელიტური სახელმწიფოების ქსელის შექმნით ან დსთ-ის გაცოცხლებით. ამ გეგმისთვის ხორცის შესასხმელად პუტინს დრო 2027 წლის ჩათვლით აქვს. შემდგომ წლებში მას ამისთვის რესურსი აღარ ექნება... ეს რეალობა “ქართულმა ოცნებამ” ძალიან კარგად იცის და სწორედ ამიტომ გაააქტიურეს ეს რუსული ვექტორი. პრემიერის წარმომადგენლად მინისტრის მოადგილის რანგის პირის დანიშვნა უკვე უაღრესად სერიოზული პოლიტიკური განაცხადია. ნახეთ, რა პროცესები დაიწყო: რუსები უკვე ლაპარაკობენ იმაზე, რომ საქართველომ უნდა გააფორმოს ოფიციალური ხელშეკრულება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან “ძალის გამოუყენებლობისა და თავდაუსხმელობის შესახებ”, - დაასკვნის კონსტიტუციონალისტი.
“ეს რეალურად ნიშნავს ამ ორი ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო და დე იურე დამოუკიდებლობის აღიარებას საქართველოს ხელისუფლების მიერ. ყველამ მშვენივრად ვიცით, რომ არც აფხაზეთს და არც სამხრეთ ოსეთს არ გააჩნიათ არც დემოგრაფიული, არც ეკონომიკური და არც ინსტიტუციური რესურსი, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად იარსებონ. მათი “დამოუკიდებლობის აღიარება” ავტომატურად ნიშნავს ამ ტერიტორიების პირდაპირ მიერთებასა და ანექსიას რუსეთის ფედერაციის მიერ! იმავდროულად, აქტიურად განიხილება სატრანსპორტო ხაზებისა და რკინიგზის გახსნის საკითხი. თავის დროზე ეს ფორმატი კულტურული და ჰუმანიტარულ-ეკონომიკური თემებით ინიღბებოდა, ახლა კი ემატება მძიმე პოლიტიკური საკითხები. რუსეთი შეეცდება ეს პროცესი ისე ფრთხილად წარმართოს, რომ საქართველოში მწვავე საზოგადოებრივი პროტესტი არ გამოიწვიოს. თუმცა არ არის გამორიცხული, უკრაინის ფრონტზე კონფლიქტის გაყინვის შემდეგ რუსეთმა მთავარი პრიორიტეტი სწორედ სამხრეთ კავკასიაზე გადმოიტანოს და აქ სერიოზული არეულობის კერები შექმნას”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე
ოპოზიცია პროტესტის ახალ ტალღას აანონსებს
“ოპოზიცია საპროტესტო აქციების ახალ ტალღას იწყებს ლოზუნგით - “საქართველო ივანიშვილის გარეშე”, რომელიც, ოპოზიციის გეგმით, ყოველდღიურად უნდა გაფართოვდეს და 28 ნოემბერს, პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ გაკეთებული განცხადების წლისთავზე, ყველაზე მასშტაბურ აქციამდე მივიდეს. ოპოზიცია პროტესტის განახლებას საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პარტიების შესაძლო აკრძალვის პროცესს უკავშირებს და აცხადებს, რომ პოლიტიკური ძალების აკრძალვის საფრთხის ფონზე საზოგადოებამ წინააღმდეგობა კი არ უნდა შეასუსტოს, არამედ გააძლიეროს. ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია ამ ეტაპზე მასშტაბური საპროტესტო მობილიზების ორგანიზებას ვერ შეძლებს, რადგან 2024 წლის აქციების მსგავსი სცენარის გასამეორებლად რესურსი არ ჰყოფნის. შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე კი აცხადებს, რომ მასობრივი პროტესტით ოპოზიცია ზეგავლენას შეძლებს პროცესებზე, თუმცა მანამდე მათ ხალხთან სამუშაო აქვთ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ოპოზიცია პროტესტის ახალ ტალღას აანონსებს - რა გავლენას მოახდენს გამოსვლები პარტიების აკრძალვაზე.
“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია წერს: “პარტიებს აკრძალავენ, ხალხს აკრძალავენ, ამომრჩეველს აკრძალავენ, მაგრამ ჩვენ არა თუ უნდა დავრჩეთ, არამედ გავძლიერდეთ! მხოლოდ კი არ უნდა გავუძლოთ და ფენიქსივით კი არ უნდა აღვდგეთ ფერფლიდან, ჰიდრასავით ახალი თავები უნდა ამოგვივიდეს, მეტნი გავხდეთ და კიდევ უფრო გავძლიერდეთ! გაძლება აღარაა საკმარისი შედეგი, გაძლიერებაა საჭირო! ამიტომ, ბევრნი უნდა ვიყოთ დღეს და დასაწყისი უნდა იყოს შთამბეჭდავი! და სულ უნდა გვახსოვდეს: ქარი სანთელს აქრობს, კოცონს კი - აღვივებს! სუსტი ცეცხლი მის ძალასთან უძლურია, ძლიერი ცეცხლი კი, პირიქით, სათავისოდ იყენებს და ძლიერდება!” მამრაძე კი მიიჩნევს, რომ ვითარების შესაცვლელად საჭიროა არა მხოლოდ მრავალრიცხოვანი საპროტესტო გამოსვლები, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობის პარალიზება, ძალოვანი სტრუქტურების ნაწილის პროტესტის მხარეს გადასვლა და ფისკალური კრიზისი. მისი შეფასებით, ამ ეტაპზე საქართველოში მსგავსი წინაპირობები არ არსებობს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“მასობრივ პროტესტს ესენი ვერ შეძლებენ. ნიკა გვარამია, ადამიანი, რომელიც თავისი ტელევიზიით, სავსე ჭიქით გამოდიოდა და ამბობდა, ქართველებო, დავლევ თქვენს სისხლს, მეორე დღეს კი ამბობდა, მოვშარდავ თქვენს ღვინოშიო, აი ეს ადამიანი მოუწოდებს ქართველ ხალხს, რომ გამოვიდნენ და გააპროტესტონ კრიმინალური ბანდის აკრძალვის გამო. რესურსი აღარ არის. მაშინ საღამოხანს ზოგჯერ 3 000 ადამიანს აგროვებდნენ და ჰყავდათ ძირითადად დაქირავებულები, რომლებიც ისროდნენ ფეიერვერკებს. ფეიერვერკები შემოდიოდა უწყვეტი ნაკადით, მათ შორის ისეთები, ერთი ცალი რომ 400 დოლარი ღირდა და მართლა ტყვიამფრქვევს ჰგავდა. არადა 2-3 ათასი მილიონნახევრიან ქალაქში სტატისტიკური ნულია. ზოგჯერ საერთოდ 300-400 ადამიანიც იყო, მაგრამ ტელესურათს ქმნიდნენ. მეორე დღეს, ვთქვათ, გერმანიის საგარეო მინისტრი ანალენა ბერბოკი და სხვები ამბობდნენ, ნახეთ, როგორ ფრიალებს ევროკავშირის დროშა პოლიციის ჭავლების ქვეშო. ახლა ამის რესურსიც არ არის. კანონმდებლობა მიღებულია, სულ სხვა დონეზე მუშაობს შესაბამისი სამსახურები დღეს, ვერ შემოიტანენ ამ ფეიერვერკებს, ვერ გააკეთებენ მოლოტოვის კოქტეილებს. ფაქტია რამდენიმე მილიონლარიანი ზარალი მიადგა პარლამენტის შენობას”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.
“სიტუაციას ცვლის ის, როდესაც ხდება სახელმწიფო ინსტიტუტების პარალიზება, როცა იმდენი ხალხია ქუჩაში ვერც მინისტრთა კაბინეტი, ვერც ძალოვანი სტრუქტურები ვეღარ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. როდესაც სწორედ ძალოვანების წარმომადგენლები გამოდიან მიტინგზე, როგორც ეს იყო “ვარდების რევოლუციის” დროს და ამბობენ, რომ ჩვენ ხალხის გვერდით ვართ, ნუ გეშინიათ, ხელსაც არ გავანძრევთო. ეს გასაგებიცაა, რადგან ტოტალური კორუფცია იყო და ხალხს ეს ყელში ამოუვიდა. მაშინ ეს ძალოვნებმაც იცოდნენ, რომ არავითარი მხარდაჭერა აღარაა. ასეთ შემთხვევაში შეიძლება მინისტრთა კაბინეტი გადადგეს და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს. ხუთი-ექვსი პირობა ერთად უნდა შესრულდეს, რომ შესაბამისად ბევრი ხალხიც გამოვიდეს, სახელმწიფომ ხელფასები ვერ გასცეს, მათ შორის ძალოვნებისთვის ვერ გასცეს ხელფასები, უსათუოდ უნდა იყოს ფისკალური კრიზისი, როგორც იყო 2003 წელს და ა.შ. ახლა მსგავსი არაფერი არაა. ამის ნაცვლად, კვირა ისე არ გავა, რომ ახალი მაღალი რეიტინგი არ მიიღოს საქართველომ საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა, როგორც ინვესტიცია და ა.შ.” - დაასკვნის მამრაძე.
“შესაძლებელია მასობრივი პროტესტით ზეგავლენა მოახდინონ, ოღონდ მარტო გვარამიაზე არაა დამოკიდებული, ძალიან ბევრი ადამიანი უნდა გამოვიდეს. რუსთაველზე ვინც გამოდიოდა, დღეს ამბობს, რომ აზრი არ აქვს და ეს ადამიანები უნდა დაარწმუნონ. 28 ნოემბერს ალბათ ბევრი ხალხი გამოვა, თუმცა აქციამდე მთავარია, რას სთავაზობენ მოსახლეობას ოპოზიციური პარტიები და ბრძოლა როგორ უნდა გაგრძელდეს. პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, ბრძოლა მაინც უნდა გაგრძელდეს, ამ შემთხვევაში ხალხის მობილიზებაა საჭირო. აუცილებლად უნდა არსებობდეს კონკრეტული რაღაც პროგრამა, შეთავაზება ხალხისთვის, რა არის აუცილებელი, რომ ქვეყანაში გაკეთდეს. გავიგეთ, რომ ივანიშვილი და “ქართული ოცნება” ცუდია და ქვეყანა მიჰყავს რუსეთისკენ, მაგრამ მეორეა რას შესთავაზებს ოპოზიცია ხალხს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძემ.
კორნელი კაკაჩია - “პარტიების აკრძალვა საფუძველს ჩაუყრის ლეგალიზებულ პოლიტიკურ ვენდეტას”
“ყველაზე საშიში პროცესი მიმდინარეობს, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა მხოლოდ საშინაო პოლიტიკის საკითხი არ არის. ეს პირდაპირ გავლენას ახდენს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე, სტაბილურობასა და დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაზე. ამიტომ ხელისუფლებამ კარგად გაიაზროს, თუ რა რისკებს შეიცავს მსგავსი გადაწყვეტილება. ქვეყნები ასეთ ნაბიჯს მხოლოდ მაშინ დგამენ, როდესაც დემოკრატიასა და ეროვნულ სუვერენიტეტს საფრთხე ემუქრება (მაგალითად, ნაცისტური ან კომუნისტური პარტიების აკრძალვა ისტორიულად). ეს, ფაქტობრივად, ეროვნული უსაფრთხოების საკითხია... მმართველი გუნდის არგუმენტი, თითქოს ოპოზიციის ნაწილს ჯერ არ აკრძალავენ და მათ გაძლიერებას დაელოდებიან, პოლიტიკური ისტორიისთვის უპრეცედენტო და ალოგიკურია”, - აცხადებს პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “პარტიების აკრძალვა საფუძველს ჩაუყრის ლეგალიზებულ პოლიტიკურ ვენდეტას”.
“ბოლო არჩევნებში ოპოზიციას ამომრჩეველთა ნახევარმა და თბილისის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. ოპოზიციური პარტიების აკრძალვა მათ მხარდამჭერებს არ გააქრობს. პირიქით, საზოგადოებრივი უკმაყოფილება სახელმწიფოსგან გაუცხოებას გაზრდის, პოლიტიკურ დაპირისპირებას გაამწვავებს და რადიკალიზაციას შეუწყობს ხელს, რადგან გაჩნდება განცდა, რომ დემოკრატიული არჩევნებით ცვლილებები შეუძლებელია. შედეგად, პოლიტიკური კრიზისების მშვიდობიანი მართვა გაცილებით რთული გახდება, მუდმივ კრიზისულ რეჟიმში სახელმწიფოს მართვა კი საკმაოდ რისკიანია. პარტიების აკრძალვით პოლიტიკური სივრცე არ გაჯანსაღდება. საგარეო პოლიტიკაში კი ეს კიდევ უფრო გაართულებს საქართველოს ისედაც შეჩერებულ ევროინტეგრაციას. ვენეციის კომისიის დასკვნების გათვალისწინებით, მსგავსი ნაბიჯები ხელისუფლების სანდოობას ამცირებს და კიდევ უფრო დაბალ ნიშნულამდე დასწევს ურთიერთობებს ევროატლანტიკურ პარტნიორებთან, მათ შორის აშშ-სთან. საგარეო პოლიტიკური არჩევანის შევიწროება გამოიწვევს დასავლეთიდან დიპლომატიური, ეკონომიკური და უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის ოკუპაციის საკითხებში მხარდაჭერის კლებას, ხოლო მოლოდინი, რომ ამ ნაბიჯით “ოცნება” რუსეთს ასიამოვნებს და სანაცვლოდ ტერიტორიულ დათმობებს მიიღებს, მიამიტური და ფუჭი ილუზიაა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.
“ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ რუსეთისგან დე ფაქტო ანექსიის გაძლიერებას ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში. რუსეთის საამებლად გადადგმული ნაბიჯებით ქვეყანა მხოლოდ იზოლაციაში აღმოჩნდება. გახლეჩილი საზოგადოების პირობებში კი სახელმწიფოს მდგრადობა უკიდურესად დასუსტდება, რაც ისევ რუსეთის საქმეს გაამარტივებს. და ბოლოს, თუ სხვა ქვეყნების, მაგალითად, ლათინური ამერიკის გამოცდილებას გადავხედავთ, ასეთ გადაწყვეტილებებს ხშირად ბუმერანგის ეფექტი აქვს - ის შეიძლება თავად მის მიმღებს დაუბრუნდეს უკან, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საზოგადოებას მის მიზანშეწონილობაში ეჭვი ეპარება. ასეთი ნაბიჯი საქართველოში საფუძველს ჩაუყრის ახალი ტიპის უკვე ლეგალიზებულ პოლიტიკურ ვენდეტას. თუ აქამდე პოლიტიკური ანგარიშსწორება არაფორმალური იყო, ახლა ეს დაკანონდება, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი მომავალი ხელისუფლება იმავეს გააკეთებს. ეს უმძიმესი დარტყმაა საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე”, - განაგრობს რესპონდენტი.
“მოკლევადიან პერსპექტივაში ხელისუფლება პოლიტიკური ველის გასუფთავებას გეგმავს, თუმცა გრძელვადიანად ეს გადაწყვეტილება მათ ბუმერანგივით დაუბრუნდებათ. თუ ხალხი ირწმუნებს, რომ არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია, ქვეყანაში რადიკალიზაცია გაძლიერდება. ჩვენ ისედაც გამოუცხადებელი სამოქალაქო ომისა და მწვავე დაპირისპირების პირობებში ვცხოვრობთ, მსგავსი ნაბიჯები კი სიძულვილსა და პოლარიზაციას უკიდურესად გააღრმავებს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ეს პროცესი სერიოზულად ასუსტებს ეროვნულ ერთიანობას. გახლეჩილი ქვეყანა იდეალური სცენარია რუსეთისა და სხვა არაკეთილმოსურნეებისთვის, რადგან ასეთი სახელმწიფოს დაჩოქება ძალიან მარტივია. შესაბამისად, პოლიტიკა “გარეთ მშვიდობა, შიგნით ომი” პირდაპირ ანგრევს სამოქალაქო მედეგობას, არყევს ქვეყნის სტაბილურობასა და ეროვნულ სუვერენიტეტს”, - მიიჩნევს პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი.
“ჩვენთვის უცნობია, რა ურთიერთობა ჰქონდა წარსულში ან რა კავშირები აქვს დღეს ბიძინა ივანიშვილს რუსეთის ხელისუფლებასთან. ასევე გაურკვეველია მისი პოლიტიკური გათვლები - ომის ფონზე მანევრირებს თუ რუსეთიდან საგარეო კურსის შესაცვლელად კონკრეტული სიგნალები აქვს მიღებული. თუმცა ერთი რამ ცხადია - თუ “ოცნება” ერთპარტიულ მმართველობას დააკანონებს, დიდია ალბათობა, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის განმამტკიცებელი საკონსტიტუციო ჩანაწერებიც შეიცვალოს. ფაქტია, “ქართულმა ოცნებამ” უარი თქვა ევროპული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობაზე და პრაქტიკულად, ევრაზიული მოდელისკენ მიდის. შესაძლოა მიზანიც სწორედ ევროპულ ღირებულებებზე - კანონის უზენაესობაზე, მთავრობის ანგარიშვალდებულებასა და არჩევნებით ხელისუფლების ცვლილებაზე უარის თქმაა. ამის ნაცვლად, ვემსგავსებით ჩვენს პოსტსაბჭოთა, ავტორიტარულ მეზობლებს - რუსეთს, აზერბაიჯანს თუ ცენტრალური აზიის ქვეყნებს, რომლებთანაც ბოლო დროს იდეოლოგიური მსგავსება უფრო გაიზარდა, მათი რიტორიკა და საზოგადოებასთან შეუთანხმებელი ნაბიჯები ხშირად ერთი-ერთში ემთხვევა რუსულ პრაქტიკას”, - განმარტავს კორნელი კაკაჩია.
“ბოლო პერიოდში "ოცნებაში" ვერ შეძლეს მომავალი არჩევნებისთვის საზოგადოებისთვის რაიმე მნიშვნელოვანის შეთავაზება - ვერც სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება და ვერც ემიგრაციიდან მოსახლეობის დაბრუნება. პირიქით, ხალხი ქვეყნიდან მიდის. ბოლოს გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკაც ნათლად აჩვენებს, რომ უამრავი ახალგაზრდა ტოვებს ქვეყანას. ეს პროცესი არ შეჩერდება, რადგან ახალგაზრდები ავტორიტარულ ქვეყანაში არ იცხოვრებენ. როგორ წარმოუდგენიათ, თუ ახალგაზრდები და, ზოგადად, ხალხი აქ არ დარჩება, ვინ იმუშავებს და ვინ გადაიხდის გადასახადებს?” - დასძენს კაკაჩია და შეკითხვაზე - “საზოგადოებისგან რას ელოდებით? “ოცნების” მხარდამჭერები აცნობიერებენ იმას, რა შეიძლება მოჰყვეს მეორე ნაწილის ფაქტობრივად მეორეხარისხოვნად ჩათვლას?” - პასუხობს:
“მეორეხარისხოვანი მოქალაქეობის განცდა საზოგადოებაში დიდი ხანია გაჩნდა. “ოცნებამ” ფაქტობრივად საზოგადოების სეგრეგაცია დაიწყო.... პარტიების აკრძალვით ხელისუფლება დემოკრატიული უკუსვლიდან პირდაპირ ავტორიტარიზმის კონსოლიდაციაზე გადადის. მიზანი ერთი პირის გარშემო კონცენტრირებული რუსული ტიპის ერთპარტიული სისტემის შექმნაა, სადაც მხოლოდ მისთვის მისაღები ფორმალური ოპოზიცია იარსებებს. თუმცა თავად “ოცნებაც” აღარ არის მონოლითური. დაყოფისა და დაშინების პოლიტიკას უკვე მათივე მხარდამჭერები და ყოფილი ლიდერებიც ეჭვით უყურებენ... ის, რომ დღეს ხალხი ქუჩაში მასობრივად არ გამოდის, რაც ოპოზიციის მიმართ არსებული კითხვებითაც აიხსნება, სულაც არ ნიშნავს, რომ საზოგადოება არსებულ ვითარებას ეგუება. უკმაყოფილების ხელოვნურად ჩახშობა მის გაქრობას არ ნიშნავს _ პროტესტი ფარულია, თუმცა არავინ იცის, როდის და რა ფორმით ამოხეთქავს.

























