არჩილ გორდულაძე - ტყუილია, რომ „ქართულ ოცნებას“ პარტიების გაუქმება მათი პოლიტიკური თანამშრომლობის გამო სურს - ჩვენ ვედავებით თანამშრომლობას ქვეყნისთვის საზიანო და არაკონსტიტუციური ქმედებების განხორციელებაში

არჩილ გორდულაძე - ტყუილია, რომ „ქართულ ოცნებას“ პარტიების გაუქმება მათი პოლიტიკური თანამშრომლობის გამო სურს - ჩვენ ვედავებით თანამშრომლობას ქვეყნისთვის საზიანო და არაკონსტიტუციური ქმედებების განხორციელებაში

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა წითლიძის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ მტკიცება, თითქოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა პოლიტიკური თანამშრომლობის გამო ხდება, ტყუილია.

გორდულაძის განცხადებით, პარტიებს პოლიტიკურ თანამშრომლობას არ ედავებიან - საქმე ეხება თანამშრომლობას ქვეყნისთვის საზიანო და არაკონსტიტუციურ ქმედებებში. გორდულაძე აღნიშნავს, რომ მიუხედავად კონსტიტუციით დაცული პოლიტიკური თანამშრომლობისა, ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და კონსტიტუციის საწინააღმდეგო საქმეში თანამშრომლობა პარტიის აკრძალვის საფუძველია.

„ტყუილია, რომ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური პარტიების გაუქმება მათი პოლიტიკური თანამშრომლობის გამო სურს.

სინამდვილეში: სარჩელში მითითებულ პარტიებს ჩვენ პოლიტიკურ თანამშრომლობას არ ვედავებით. სარჩელში მითითებულ პარტიას ჩვენ ვედავებით თანამშრომლობას ქვეყნისთვის საზიანო და არაკონსტიტუციური ქმედებების განხორციელებაში. ჩვენი კონსტიტუციით მართლაც არის დაცული პოლიტიკური თანამშრომლობა, მაგრამ დაუშვებელია და პარტიის აკრძალვის საფუძველია თანამშრომლობა ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და კონსტიტუციის საწინააღმდეგო საქმეში”,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ასევე, არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცება, თითქოს ძალადობრივი ქმედებებისგან არგამიჯვნა სამართლებრივი აბსურდია.

მისი თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მყარი პრაქტიკით (მათ შორის Refah-ისა და batasuna-ს საქმეებზე), პარტიის ან მისი წევრების მიერ ძალადობისგან მყისიერად არ გამიჯვნა სრულად შეერაცხება პოლიტიკურ ძალას და კონკრეტულ სამართლებრივ შედეგებს იწვევს.

„ტყუილია, რომ დანაშაულისგან არ გამიჯვნა სამართლებრივი აბსურდია.

სინამდვილეში: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, მათ შორის, Refah-ისა და batasuna-ს საქმეში, ერთი პარტიის მიერ, მეორე პარტიის ძალადობრივი ქმედებებისგან არ გამიჯვნა, ასევე პოლიტიკური პარტიის მიერ, თავისი წევრების ძალადობრივი ქმედებებისგან მყისიერად არ გამიჯვნა, სრულად შეერაცხება იმ პარტიას, რომელიც უარს აცხადებს გამიჯვნაზე. შესაბამისად, არ გამიჯვნა კონკრეტული სამართლებრივი შედეგების მომტანია“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებასაც უპასუხა და განაცხადა, რომ მტკიცება, თითქოს პარტიის გაუქმებისას პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ავტომატურად უწყდება, სიცრუეა.

მისი თქმით, მოსარჩელეები მხოლოდ პარტიების აკრძალვას ითხოვენ და არა მანდატების გაუქმებას. გორდულაძე განმარტავს, რომ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება მხოლოდ პარლამენტის გადაწყვეტილებით და არავითარ შემთხვევაში ავტომატურად არ უწყდება.

„ტყუილია, რომ ჩვენი გუნდის მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, პარტიის აკრძალვის შემთხვევაში პარლამენტის წევრს ავტომატურად უწყდება უფლებამოსილება.

სინამდვილეში: პარტიის გაუქმების შემთხვევაში პარლამენტის წევრს ავტომატურად არ უწყდება უფლებამოსილება. ამ შემთხვევაშიც მოსარჩელეები მხოლოდ პარტიების აკრძალვას ვითხოვთ და პარლამენტის წევრების საპარლამენტო მანდატების გაუქმების გარეშე. მეტიც, პარლამენტის წევრს მხოლოდ პარლამენტის გადაწყვეტილებით შეიძლება შეუწყდეს უფლებამოსილება და არაერთ შემთხვევაში ავტომატურად”, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.