სემეკს უფლებამოსილება ენიჭება, როგორც წყალმომარაგების, ასევე ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, მოხმარებული მოცულობების მიხედვით, განსხვავებული ტარიფები დაადგინოს

სემეკს უფლებამოსილება ენიჭება, როგორც წყალმომარაგების, ასევე ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, მოხმარებული მოცულობების მიხედვით, განსხვავებული ტარიფები დაადგინოს

სემეკს უფლებამოსილება ენიჭება, როგორც წყალმომარაგების, ასევე ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მოხმარებული მოცულობების მიხედვით განსხვავებული ტარიფები დაადგინოს.

პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს პროექტს, რომლის მიხედვით, სემეკი უფლებამოსილი იქნება 2036 წლის 1-ელ იანვრამდე - წყალმომარაგების, ხოლო 2038 წლის 1-ელ იანვრამდე ბუნებრივი გაზის შემთხვევაში, ტარიფის დადგენის დროს, საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებულ მოცულობის მიხედვით განსხვავებული მომსახურების ღირებულება დაადგინოს.

ინიციატორთა განმარტებით, კანონპროექტი ხელს შეუწყობს საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა სოციალური ინტერესების დაცვასა და კომუნალური მომსახურების ხელმისაწვდომობის შენარჩუნებას.

“დღეის მდგომარეობით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის დგინდება ბუნებრივი გაზის მოხმარების ტარიფები განაწილების ლიცენზიანხტების ოპერირების არეალების მიხედვით და თითოეული მოხმარებული კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის მოხმარების ტარიფი არ იცვლება მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის მიხედვით.

აღნიშნული ცვლილების აუცილებლობა განპირობებულია საყოფაცხოვრებო მომხმარებლების, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების სოციალური ინტერესების დაცვის და საბაზისო მომსახურებასა და პროდუქტზე ხელმისაწვდომობის შენარჩუნების საჭიროებით. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება არ ცვლის სატარიფო რეგულირების ძირითად პრინციპებს და წარმოადგენს მხოლოდ გარდამავალ პერიოდში მოქმედ მექანიზმს, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური რისკების შემცირებასა და მომხმარებელთა კატეგორიებს შორის ტარიფების ცვლილების ეტაპობრივ განხორციელებას.

მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის, კომუნალური ხარჯებისადმი მაღალი მგრძნობელობისა და სატარიფო რეგულირების პერიოდების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია კომისიას შეუნარჩუნდეს უფლებამოსილება წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებების ღირებულება სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლებზე გადაანაწილოს განსხვავებული პროპორციით, ასევე, 2036 წლის 1 იანვრამდე წყალმომარაგების, ხოლო 2038 წლის 1 იანვრამდე – ბუნებრივი გაზის შემთხვევაში საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებული მოცულობის გათვალისწინებით დაადგინოს განსხვავებული ტარიფები“, - ვკითხულობთ კანონის პროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში.

პროექტი “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს. ინიციატივა შოთა ბერეკაშვილმა, გიორგი ბარვენაშვილმა, თორნიკე ბერეკაშვილმა, ლევან მაჭავარიანმა, ანტონ ობოლაშვილმა და ირაკლი მეზურნიშვილმა წარადგინეს.

მას პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.