CIU-მ პროფესორების მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას წიგნი: „ლუარსაბ ანდრონიკაშვილი - ცხოვრება და ღვაწლი“ - გამოსცა

CIU-მ პროფესორების მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას წიგნი: „ლუარსაბ ანდრონიკაშვილი - ცხოვრება და ღვაწლი“ - გამოსცა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) პროფესორების მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას წიგნი - „ლუარსაბ ანდრონიკაშვილი - ცხოვრება და ღვაწლი“ (გამომცემლობა „უნივერსალი“) გამოსცა, რომლის რედაქტორია გამოჩენილი ქართველი კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი, წინასიტყვაობა ეკუთვნის ეკატერინე ანდრონიკოვას. - ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, მონოგრაფია ეძღვნება პროფესორ ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებით მემკვიდრეობას, რომლის მოღვაწეობა მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს ქართული სამართლებრივი აზროვნების უახლეს ისტორიაში.

„წიგნი გამოირჩევა მეთოდოლოგიური მრავალფეროვნებით. გამოყენებულია აქამდე უცნობი საარქივო მასალები, ოფიციალური დოკუმენტები თუ ეპოქის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ამსახველი სხვა წყაროები, რომლებიც შესაძლებლობას იძლევიან ანდრონიკაშვილის მოღვაწეობა შეფასდეს ერთიან, ისტორიულ-სამართლებრივ ჭრილში.

ნაშრომის სამეცნიერო ღირებულება გამოიხატება იმითაც, რომ იგი ქმნის საფუძველს შემდგომი ინტერდისციპლინური კვლევებისთვის სამართლის ისტორიისა თუ, ზოგადად, სამართლებრივი კულტურის მიმართულებით. ამასთან, წიგნი ხელს შეუწყობს ეროვნული სამართლებრივი მეხსიერების შენარჩუნებას.

ასევე განსაკუთრებით გამოკვეთილია სამართლის ნორმის ინტერპრეტაციის სფეროში ლუარსაბ ანდრონიკაშვილის უნიკალური უნარი. დასაბუთებულია, რომ იგი სამართლის ნორმას აღიქვამდა, როგორც სამართლებრივი აზროვნების ცოცხალ ინსტრუმენტს. წიგნში მოყვანილია იმდროინდელი სამართალმცოდნეების, საზოგადო მოღვაწეთა შეფასებები, წერილობითი მოსაზრებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ანდრონიკაშვილი იყო სამართლის ყველაზე ავტორიტეტული ჰერმენევტიკოსი“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უნივერსიტეტის ცნობით, წიგნში ლუარსაბ ანდრონიკაშვილი წარმოჩენილია, როგორც სახელმოხვეჭილი პოლიტიკური დამცველი. წიგნში მთელი სიზუსტით არის განხილული არაერთი საქმე და მისი სამართლებრივი პოზიცია. დაცვისას მას მოქმედი ნორმების ფორმალურ განმარტებასთან ერთად, მომარჯვებული ჰქონდა პოლიტიკური პროცესების სამართლებრივი შეფასების მეთოდი. იმხანად ეს პიროვნულ გამბედაობას და პროფესიულ სიმტკიცეს მოითხოვდა. მას შესწევდა უნარი, სამართლებრივი დისკურსი პოლიტიკური დაცვის ასპარეზად გარდაექმნა ისე, რომ არ გასცდენოდა იურიდიული არგუმენტაციის ჩარჩოებს.

როგორც ინფორმაციაში წერია, ლუარსაბ ანდრონიკაშვილი ქართული ადვოკატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი და განმავითარებელია. იგი აქტიურად იყო ჩართული ადვოკატურის პროფესიული კორპუსის ავტორიტეტის განმტკიცებასა და პროცესუალური სტანდარტების ჩამოყალიბებაში.

„ანდრონიკაშვილი იყო პირველი იურისტი საქართველოში, რომელმაც დაიწყო ფილოსოფიური საკითხების განხილვა საჯარო და აკადემიურ სივრცეში. ნაშრომში დასაბუთებულია ის, რომ მისი ინტელექტუალური მოღვაწეობა სამართლის დოგმატიკის გარდა, მოიცავდა სამართლის ფილოსოფიის ფუნდამენტურ საკითხებზე სისტემურ მსჯელობას. ამრიგად, წიგნი დამაჯერებლად წარმოაჩენს ლუარსაბ ანდრონიკაშვილს, როგორც სამართლის ფილოსოფოსს, რომელმაც პირველმა დაიწყო ფილოსოფიურ-სამართლებრივი საკითხების სისტემური გაშუქება საქართველოში.

პირველად არის ნაჩვენები ლუარსაბ ანდრონიკაშვილის პოლიტიკური საქმიანობა. მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი 1906-1912 წლებში მის მონაწილეობას რუსეთის იმპერიის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში, რომელიც ნაშრომში წარმოდგენილია, როგორც ანდრონიკაშვილის პოლიტიკური აქტივობის მცდელობა და მისი პოლიტიკური მსოფლმხედველობის ლოგიკური გაგრძელება. დასაბუთებულია, რომ არჩევნებში ანდრონიკაშვილის ჩართულობა დაეფუძნა მკაფიო ღირებულებით სტანდარტებს და არა პოლიტიკურ კონიუნქტურას.

ნაშრომში ღირსეული ადგილი ეთმობა ლუარსაბ ანდრონიკაშვილის საქმიანობას რუსეთის იმპერიის სენატში, რომელიც იმ დროს უზენაესი სასამართლოს ფუნქციასაც ასრულებდა. დოკუმენტური წყაროებით დასაბუთებულია, რომ სენატის მოსამართლედ ანდრონიკაშვილის დანიშვნა, მისი პროფესიული ავტორიტეტის ოფიციალური დასტური იყო იმპერიის მასშტაბით.

ლუარსაბ ანდრონიკაშვილი იყო საქართველოში უმაღლესი იურიდიული განათლებისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ფუძემდებელი. ავტორები ეყრდნობიან საარქივო პირველწყაროებს. ანდრონიკაშვილი აქტიურად მონაწილეობდა იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროგრამების შემუშავებასა და აკადემიური სტანდარტების განსაზღვრაში. სწორედ მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა სამართლის სწავლების ისეთი მოდელი, რომელიც დამახასიათებელი იყო ევროპული უნივერსიტეტების აკადემიური ტრადიციებისათვის. ანდრონიკაშვილის დიდი პედაგოგიური მოღვაწეობა საფუძვლად დაედო სამართლის სფეროში პირველ აკადემიურ საზოგადოებას საქართველოში.“- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი წერს, რომ საყოველთაო აღიარების მიუხედავად, იგი უნივერსიტეტის დამაარსებლებთან ერთად, რეპრესიების სამიზნე გახდა. მათიუვე ცნიბით წიგნში პირველადაა მთელი სიზუსტით ნაჩვენები, თუ როგორ გადაურჩა იგი დახვრეტას. ჟამიანობის მიუხედავად, მან შეძლო აკადემიური მოღვაწეობის გაგრძელება, სამართლებრივი მსოფლმხედველობის ერთგულება და პირადი პრინციპების დაცვა.

„ნაშრომში ლუარსაბ ანდრონიკაშვილი წარმოდგენილია, როგორც მრავალმხრივი ინტელექტუალი. იგი იყო თეატრალური კულტურის, ეროვნული და მსოფლიო ლიტერატურის, პოეზიის და მხატვრობის დიდი მცოდნე. წიგნი დამაჯერებლად წარმოაჩენს ლუარსაბ ანდრონიკაშვილს, როგორც უნივერსალურ სწავლულს.

ნაშრომი იმ ეპოქის ერთგვარი „სახისებრი სარკეა“. ავტორები დეტალურად აღწერენ ანდრონიკაშვილის ეპოქას პოლიტიკური ქარტეხილებითა და წინააღმდეგობრივი დინამიკით. ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ღვაწლი შესწავლილია ეპოქის პოლიტიკური პროცესების კონტექსტში.

ავტორთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ წიგნში გამოყენებულია ეროვნული და უცხოური არქივების, მუზეუმებისა და პირადი კოლექციების დოკუმენტები, რომლებიც საშუალებას აძლევს მკითხველს მყარი წარმოდგენა შეუქმნას ლუარსაბ ანდრონიკაშვილის მოღვაწეობის შესახებ. წიგნში დასაბუთებულია, რომ ლუარსაბ ანდრონიკაშვილი არ ყოფილა საბჭოთა იურისტი, რომელზეც მეტყველებს მისი ლექციები, საჯარო გამოსვლები თუ პროფესიული პრაქტიკა. ესენი ყოველივე ნასაზრდოები იყო ევროპული სამართლის ტრადიციებითა და სამართლის იდეალებით.“- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი წერს, რომ ნაშრომში წარმოჩენილია, რომ სამართლის განვითარება, ასევე განისაზღვრება იურისტთა დოქტრინალური შეხედულებებით. ამ მხრივ, წიგნი მეთოდოლოგიურია სამართლის პერსონოლოგიისთვის და საფუძველს უყრის სამართალმცოდნეობის პერსპექტიულ მიმართულებას.

„დიდად საინტერესოა ანდრონიკაშვილის ახალი ფოტოდოკუმენტები, რომლებიც წარმოადგენენ ნაშრომის არა მარტო ვიზუალურ მხარეს, არამედ მნიშვნელოვან სამეცნიერო წყაროებსაც, რომლებიც აფართოვებენ ანდრონიკაშვილის პიროვნების, ეპოქის სოციალური, პოლიტიკური თუ კულტურული გარემოს შესახებ მკითხველის აღქმას.

პროფესორების მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას ნაშრომი არა მარტო ასახავს და გამოხატავს ქართული მეცნიერული და საგანმანათლებლო მოღვაწეობის მაღალ დონეს, არამედ იმავდროულად ახალ მიჯნებს სახავს ამ მიმართულებით შემდგომი განვითარებისათვის. ამრიგად, წარმოდგენილი წიგნი სოლიდური სამეცნიერო და კულტურული ღირებულების მქონე ნაშრომია.“- წერია ინფორმაციაში.