კახა კალაძე - ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს და სამართლებრივი დავისთვის საჭირო არგუმენტები არ გააჩნიათ - ვერ მოვისმინეთ ვერცერთი კონტრარგუმენტი

ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს, სამართლებრივი დავისთვის საჭირო არგუმენტები არ გააჩნიათ. ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი კონკრეტული კონტრარგუმენტი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი, კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს.
მისი თქმით, „ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ არანაირი კონტრარგუმენტი იმ დანაშაულზე, რაც ჩაიდინეს“.
კალაძემ ასევე აღნიშნა , რომ „ნეიტრალური საქართველოს“ მოთხოვნა „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვასთან დაკავშირებით, ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილთან თანხვედრაშია.
„ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის დაკვეთაც არის ამგვარი პარტიების აკრძალვა. როდესაც ხარ პოლიტიკოსი, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, პირველ რიგში, უნდა ასრულებდე ქართველი ხალხის დაკვეთას და არა გარე დავალებებს.
თავიანთი განცხადებებით, კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით ებრძვიან ქართულ სახელმწიფოებრიობას. ამის დასტურად ბევრი ფაქტი შეგვიძლია, მოვიყვანოთ.
გახსოვთ, როგორ იბრძოდნენ, რომ ქვეყანას არ მიეღო ასოცირების ხელშეკრულება, ქვეყნისთვის არ მიეცათ კანდიდატის სტატუსი. ეს კონკრეტული პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები ბრიუსელში კაბინეტებში დარბოდნენ, რომ ეს ყველაფერი ჩაეშალათ. ბევრი კონკრეტული ფაქტი და მაგალითია იმისა, რომ ესენი არიან ქვეყნის მტრები, ებრძვიან ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოებრიობას, ატარებენ კონკრეტული დაჯგუფების ინტერესებს გარედან, და რა თქმა უნდა ასეთი ადამიანების ადგილი ქართულ პოლიტიკაში და პოლიტიკურ პლატფორმაზე ვერ იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
კახა კალაძე აცხადებს, რომ აღნიშნული პროცესები პოლიტიკური ველის გაჯანსაღებაში პოზიტიურ წვლილს შეიტანს. მისი თქმით, პოლიტიკური არენა ოპოზიციის გარეშე ვერ დარჩება.
„დარწმუნებული ვარ, გაჩნდება სივრცე ახალი პოლიტიკოსებისთვის და პარტიებისთვის. პოლიტიკური არენა ოპოზიციის გარეშე ვერ დარჩება. ყველა ერთნაირ აზრზე ვერ ვიქნებით. უნდა იყოს განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ შენ როდესაც მიდიხარ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ და კონკრეტული შენი გადადგმული ნაბიჯებით აზიანებ ქართულ სახელმწიფოს ეს ძალიან მძიმეა, უმძიმესია ეს ყველაფერი, შესაბამისად დარწმუნებული ვარ გაჩნდება სივრცე ახალი პოლიტიკოსებისთვის და ახალი პოლიტიკური პარტიებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

























