მაია კოპალეიშვილი - „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს - არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია - ოპტიმისტური მოლოდინი არ გვაქვს

„ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელი არის სრულიად დაუსაბუთებელი, ის არ უნდა დაკმაყოფილდეს. არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია, არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოწოდებები -ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიების არსებობა ამ ქვეყანაში აუცილებელია, „ეს მოსწონს თუ არა „ქართულ ოცნებას“.
„დაიწყო ახსნა-განმარტებების ეტაპი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამოვიდა გუშინ და საკმაოდ დამაჯერებლად გამოვიდა. სრული ფაქტები წარმოადგინა. ასე რომ, „ქართული ოცნება“ მხოლოდ სხვის დისკრედიტაციაზე რომ არის გადართული, ალბათ მისთვის უკეთესია, რომ საკუთარი თავის დისკრედიტაციას მიხედოს. არაფერი ღირებული და ნორმალური არ წარმოუდგენიათ. და საერთოდ, მათი სარჩელი თავიდანვე დაუსაბუთებელია და საკონსტიტუციო სასამართლოს ასე ერთიანად განსახილველად არ უნდა მიეღო. ჩვენ რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ შესაბამის სამართალწარმოებას. ჯერჯერობით, მიმდინარეობს ახსნა - განმარტებების ეტაპი.
რაც შეეხება ჩვენს მოლოდინს, არ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ერთიანად მიიღო ეს კონსტიტუციური სარჩელი, არანაირი ხარვეზი არ დაუდგინა მოსარჩელე მხარეს. შემდეგ ჩვენ არ მოგვცა შესაძლებლობა შესაბამისი საკითხები დაგვეზუსტებინა ამ წარმოდგენილი შუამდგომლობებით.
საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ „ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელი არის სრულიად დაუსაბუთებელი. ის არ უნდა დაკმაყოფილდეს. იმიტომ, რომ არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია. არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოწოდებები. დემოკრატია იცნობს პოლიტიკურ პლურალიზმს და აუცილებელია პოლიტიკური პარტიები არსებობდნენ ამ ქვეყანაში, ეს მოსწონს თუ არა „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.
ცნობისთვის, 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა დღეს, 12:00 საათზე განახლდება.

























