საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორთან, მუჰსინ შენტურკთან შეხვედრა გამართა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ თურქეთის რესპუბლიკაში, ბალკანეთის ქვეყნების გენერალური პროკურორების სამუშაო ფორუმის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორთან, მუჰსინ შენტურკთან შეხვედრა გამართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ უწყებებს შორის სისხლის სამართლის სფეროში არსებულ მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
„აღინიშნა ორ ქვეყანას შორის საპროკურორო თანამშრომლობის მიმართულებით მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები და გამოითქვა მზაობა სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ერთობლივი ძალისხმევით თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობას.
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს გენერალური პროკურორი, მუჰსინ შენტურკი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.
ბალკანეთის ქვეყნების გენერალური პროკურორების სამუშაო ფორუმის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე კახაბერ მურადაშვილი, გენერალური პროკურორის მოადგილე ზურაბ ბელთაძე, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია და თურქეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები.
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად ბალკანეთის ქვეყნების გენერალური პროკურორების სამუშაო ფორუმში სპეციალური მიწვევით, სტუმრის სტატუსით მონაწილეობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

























