სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილისა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების პროცესი მიმდინარეობს - დღეს ზაზა გოგავა დაიკითხება

სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილისა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების პროცესი მიმდინარეობს - დღეს ზაზა გოგავა დაიკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას ესწრება ბრალდებული სააკაშვილიც.

დღევანდელ პროცესზე სახელმწიფო ბრალდების მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ, სასამართლოში ერთი მოწმე იქნება წარმოდგენილი - გენერალი ზაზა გოგავა. ის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი იყო.

მოწმის დაკითხვამდე სააკაშვილი ტრადიციულად მიმართავს საზოგადოებას.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.