პროფესორ შალვა მაჭავარიანს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) ემერიტუსი პროფესორის წოდება მიენიჭა

გამორჩეულ მეცნიერს, პროფესორს, მკვლევარსა და ეკონომისტს შალვა მაჭავარიანს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული აკადემიური და სამეცნიერო წვლილისთვის, წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით ემერიტუსი პროფესორის წოდება მიენიჭა!
ემერიტუსი პროფესორის შესაბამისი მედალიონი და საპატიო დიპლომი შალვა მაჭავარიანს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ღონისძიებაზე უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა გადასცა.

პროფესორი შალვა მაჭავარიანის თითქმის 50-წლიანი პედაგოგიური და პროფესიული მოღვაწეობა განათლებისა და მეცნიერების სფეროს უკავშირდება. იგი მიეკუთვნება იმ იშვიათ მეცნიერთა რიცხვს, რომლებიც ღრმა თეორიულ ცოდნასთან ერთად მასშტაბური პრაქტიკული გამოცდილებით გამოირჩევიან. მას გავლილი აქვს აკადემიური განვითარების ყველა საფეხური - უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლიდან უმაღლესი დონის აღიარებულ მეცნიერამდე. სხვადასხვა წლებში იგი ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და დაგეგმვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საინვესტიციო დეპარტამენტსა და საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის რეფორმების ჯგუფს, იყო საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური კომისიის უფროსი მრჩეველი და მსოფლიო ბანკის პროგრამის „საქართველოში უმაღლესი განათლების რეფორმის“ ერთ-ერთი მიმართულების ხელმძღვანელი. იგი წამყვან სამეცნიერო პოზიციებს იკავებდა სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებში, ხოლო 2014 წლიდან არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი და ვიცე-რექტორი სამეცნიერო დარგში.

შალვა მაჭავარიანის ინიციატივითა და ორგანიზებით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში დაარსდა პირველი სამეცნიერო მულტიფუნქციური კვლევითი ცენტრი. მისივე ხელმძღვანელობითა და რედაქტორობით გამოიცა უნივერსიტეტის პირველი სამეცნიერო ჟურნალი. იგი გახლდათ ბიზნესის ადმინისტრირების პირველი სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი და სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე. მის სახელს უკავშირდება უნივერსიტეტში ყოველწლიური სამეცნიერო სტუდენტური კონფერენციის დაარსება, საუნივერსიტეტო გამოცემების რედაქტორობა და არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზება.

მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობის მანძილზე შალვა მაჭავარიანმა განახორციელა 15 და უხელმძღვანელა 6 საერთაშორისო სამეცნიერო პროექტს. იგი არის 64 სამეცნიერო პუბლიკაციის და 2 დაპატენტებული გამოგონების ავტორი, 20-მდე სამეცნიერო ჟურნალის რედაქტორი, 4 გლობალური გამოცემის ქართული თარგმანის პროექტის ხელმძღვანელი და სამეცნიერო რედაქტორი. შალვა მაჭავარიანი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
(R)

























