„ალდე“ - ერთი წელი შესრულდა ელენე ხოშტარიას დაკავებიდან - ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

„ალდე“ -  ერთი წელი შესრულდა ელენე ხოშტარიას დაკავებიდან - ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში „ალდეს“ ჯგუფი „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ „ალდეს“ თავმჯდომარე, იულიან ბულაი სოციალურ ქსელში წერს.

„ერთი წელი შესრულდა პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებიდან „ქართული ოცნების“ ბანერზე „რუსული ოცნების“ დაწერის გამო. Amnesty International-ი მისთვის მისჯილ 18-თვიან პატიმრობას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. ჩვენ ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“- წერს იულიან ბულაი.

ალდე ჯგუფის განცხადება

მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა სოციალურ ქსელში „ალდეს“ ჯგუფმაც:

„დღეს ერთი წელი შესრულდა ქართველი დემოკრატი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაპატიმრებიდან.

ოთხი შვილის დედა და ALDE-ს წევრი პარტიის, „დროას“ ლიდერი, რომლის „დანაშაულიც“ „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერზე „რუსული ოცნების“ დაწერა იყო.

დღეს ჩვენ მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ისევე, როგორც სხვა გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწეებისა და პოლიტპატიმრების უკანონო პატიმრობის დასრულებას.

დემოკრატიის საერთაშორისო დღეს, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მზაობას, ვიდგეთ ხოშტარიასა და ყველა იმ ქართველის გვერდით, რომელიც თავისი ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის იბრძვის“,- ნათქვამია „ალდეს“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.