მონტანაში TikTok-ის გამოყენება იკრძალება

მონტანა აშშ-ის პირველი შტატი გახდა, რომელიც ჩინური ტექნოლოგიური კომპანია ByteDance-ის კუთვნილ აპლიკაციას, TikTok-ს კრძალავს. მედიის ინფორმაციით, შტატის გუბერნატორმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც AppStore-ს და GooglePlay-ს შტატის მომხმარებლებისთვის აპლიკაციის შეთავაზებას უკრძალავს. აკრძალვა ძალაში 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შევა.
აღნიშნულთან დაკავშირებით TikTok-მა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ კანონპროექტი „არღვევს მონტანელი ხალხის უფლებებს TikTok-ის უკანონო აკრძალვით“ და რომ კომპანია აპირებს, დაიცვას საკუთარი მომხმარებლების უფლებები როგორც მონტანას შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ.
აშშ TikTok-ს ჩინეთის მთავრობასთან შესაძლო კავშირში ადანაშაულებს. უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული შეშფოთების გამო, ფედერალურმა მთავრობამ და აშშ-ის შტატების ნახევარზე მეტმა სამთავრობო მოწყობილობებზე აპლიკაციის ჩამოტვირთვა აკრძალა და ბაიდენის ადმინისტრაცია TikTok-ის საყოველთაო აკრძალვით დაიმუქრა იმ შემთხვევაში, თუ ByteDance მის აქციებს არ გაყიდის.

























