„როიტერსის“ ინფორმაციით, ჩინეთმა ქვეყანაში აკრედიტებულ რამდენიმე უცხოურ დიპლომატიურ მისიას წერილობით მიანიშნა, რომ საკუთარ შენობებზე უკრაინის დროშები არ გამოფინონ

„როიტერსის“ ინფორმაციით, ჩინეთმა ქვეყანაში აკრედიტებულ რამდენიმე უცხოურ დიპლომატიურ მისიას წერილობით მიანიშნა, რომ საკუთარ შენობებზე უკრაინის დროშები არ გამოფინონ

ჩინეთმა ქვეყანაში წარმოდგენილ რამდენიმე უცხოურ დიპლომატიურ მისიას შეატყობინა, რომ საკუთარ შენობებზე არ გამოფინონ „პოლიტიზირებული პროპაგანდა“. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჩინეთის მოთხოვნა უკრაინულ დროშებს უკავშირდება, რომელიც პეკინში, დიპლომატიური მისიების შენობებზე რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გამოფინეს.

„ჩვენ, ისევე როგორც სხვებმა, მივიღეთ წერილი, რომელიც მოუწოდებს საელჩოებსა და წარმომადგენლობით ოფისებს თავი შეიკავონ საკუთარი შენობების ფასადებზე „პოლიტიზირებული პროპაგანდის“ გამოფენისგან, - ანონიმურობის პირობით განუცხადა „როიტერსს“ ერთ-ერთმა დიპლომატმა, რომლის საელჩოსაც უკრაინის დროშა აქვს გამოფენილი. დიპლომატის თქმით, საელჩო არ აპირებს დაემორჩილოს აღნიშნულ მოთხოვნას.

„როიტერსს“ ჩინეთის დედაქალაქში მომუშავე სამმა სხვა დიპლომატმაც დაუდასტურა, რომ მათ მსგავსი სახის შეტყობინება მიიღეს. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წერილში პირდაპირ აღნიშნული არაა უკრაინული დროშა, ის აშკარად სწორედ მასზე იყო მიმართული.