ირანში, ორი მამაკაცი ყურანის დაწვისა და მუჰამადის შეურაცხყოფისთვის სიკვდილით დასაჯეს

ირანში, ორი მამაკაცი ყურანის დაწვისა და მუჰამადის შეურაცხყოფისთვის სიკვდილით დასაჯეს

ირანში სიკვდილით დასაჯეს ორი მამაკაცი, რომლებიც მსჯავრდებულნი იყვნენ ყურანის დაწვისა და მუჰამადის შეურაცხყოფისთვის, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ იუწყება ქვეყნის სასამართლო.

ირანის სასამართლო სისტემას დაქვემდებარებული საინფორმაციო სააგენტო Mizan-ი წერს, რომ იუსეფ მეჰრადსა და სადროლა ფაზელი-ზარეს სოციალურ ქსელებში ათობით ანგარიში ჰქონდათ, რომლებიც „ათეიზმსა და სიწმინდეების შეურაცხყოფისას“ ემსახურებოდა.

ნორვეგიაში დაფუძნებულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ირანის ადამიანის უფლებები“ იუსეფ მეჰრადსა და სადროლა ფაზელი-ზარეს სიკვდილით დასჯა დაგმო და შუა საუკუნეების რეჟიმის სასტიკ ქმედებად შეაფასა.

"იუსეფისა და სადროლას სიკვდილით დასჯა მუჰამედის შეურაცხყოფისთვის არა მხოლოდ შუა საუკუნეების რეჟიმის სასტიკი ქმედებაა, არამედ გამოხატვის თავისუფლების სერიოზული შეურაცხყოფაა", - განაცხადა ორგანიზაციის დირექტორმა, მაჰმუდ ამირი-მოგადამმა.

„ირანის ადამიანის უფლებების“ მონაცემებით, ირანში, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე სიკვდილით 200-ზე მეტი ადამიანი დასაჯეს.