პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გერმანია არასაკმარისად ეხმარება უკრაინას

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავეცკის განცხადებით, გერმანია არასაკმარისად ეხმარება უკრაინას. ამის შესახებ მან ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტის შემდეგ გამოცემა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის აზრით, ევროკავშირის უდიდესი ეკონომიკა უფრო აქტიურად უნდა მოქმედებდეს და უკრაინისთვის დახმარების ლოკომოტივი უნდა გახდეს. მორავეცკი თვლის, რომ ბერლინმა “მეტი იარაღი, მეტი საბრძოლო მასალა და მეტი ფული” უნდა გადასცეს, ვინაიდან გერმანია ევროპის “ყველაზე მდიდარი და ყველაზე დიდი ქვეყანაა”.
"ისეთი გულუხვები არ იყვნენ, როგორებიც უნდა ყოფილიყვნენ. ჯერ კიდევ მოვუწოდებ მათ ამისკენ", - განაცხადა მორავეცკიმ. მან უახლოეს წარსულში გერმანიასა და რუსეთს შორის არსებული მჭიდრო ეკონომიკური კავშირებიც გაიხსენა.
“რუსეთთან მიმართებაში თავისი გაზისა და ნავთობის ძალიან მცდარი პოლიტიკის გამო ისინი კოლექტიურ პასუხისმგებლობას ატარებენ იმისთვის, რაც ხდება, ენერგეტიკულ ბაზარზე ამ არეულობისთვის”, - განაცხადა მორავეცკიმ.
მისი თქმით, პოლონეთი და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები გერმანიას აფრთხილებდნენ შეცდომა არ დაეშვა და რუსეთისგან ენერგეტიკულ დამოკიდებულებაში არ აღმოჩენილიყვნენ. მორავეცკი აღნიშნავს, რომ გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან რეგულარულ საუბრებში იგი ხშირად ეხება ამ თემას.

























