ამერიკული დრონის რუსულ გამანადგურებელთან შეჯახების შემდეგ ჩამოვარდნის გამო ვაშინგტონმა რუსეთის ელჩი დაიბარა

ამერიკული დრონის რუსულ გამანადგურებელთან შეჯახების შემდეგ ჩამოვარდნის გამო ვაშინგტონმა რუსეთის ელჩი დაიბარა

რუსული გამანადგურებელი თვითმფრინავი ამერიკულ დრონს შეეჯახა, რის შედეგადაც ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი შავ ზღვაში ჩამოვარდა, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ.

მათი განმარტებით, დრონი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში რუტინულ მისიას ასრულებდა, როდესაც რუსული Su-27 ტიპის ორი გამანადგურებელი მისთვის დაბრკოლების შექმნას შეეცადა.

„ჩვენი MQ-9 დრონი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში რუტინულ ოპერაციებს ახორციელებდა, როდესაც მას დაბრკოლება შეუქმნა რუსულმა თვითმფრინავმა, რის შედეგადაც MQ-9 ჩამოვარდა“, - აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში.

რუსეთში კი განაცხადეს, რომ დრონი "მკვეთრი მანევრის" შემდეგ ჩამოვარდა.

მომხდარის გამო პროტესტის გამოსახატად, რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს. რუსული მედიის ცნობით, შეხვედრის შემდეგ ანტონოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი დრონთან დაკავშირებულ ინციდენტს "პროვოკაციად" აფასებს.