The Washington Post - ერთ დროს რეფორმატორად აღიარებული მიხეილ სააკაშვილი ციხეში იტანჯება

The Washington Post - ერთ დროს რეფორმატორად აღიარებული მიხეილ სააკაშვილი ციხეში იტანჯება

ერთ დროს რეფორმატორად აღიარებული მიხეილ სააკაშვილი ციხეში იტანჯება, - ამ სათაურით ამერიკულმა გამოცემამ The Washington Post-მა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სარედაქციო მოსაზრება გამოაქვეყნა.

ამერიკული გაზეთის სარედაქციო საბჭო აღნიშნავს, რომ ახლა დროა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვოს.

„ბატონი სააკაშვილი ერთხელ საქართველოში მყოფ ბაიდენს შეეგება სიტყვებით „ჩემო ძვირფასო მეგობარო“. ახლა დროა, რომ ბატონმა ბაიდენმა შესაბამისი პასუხი გასცეს და მისი გათავისუფლება მოითხოვოს. ბატონ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამედიცინო დახმარების გაწევის საშუალება უნდა მიეცეს. თუ ის ციხეში დაიღუპება, ეს ალბათ ასევე იქნება სამგლოვიარო ზარი საქართველოს ევროპაში გაერთიანების მიზნისთვისაც - და ბატონი პუტინის ტრიუმფი და საქართველოს 3.7-მილიონიანი მოსახლეობა კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ავტორიტარული მმართველობის ქვეშ მოექცევა", - აღნიშნა The Washington Post-მა.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ სააკაშვილი ქარიზმატული და მაპოლარიზებელი ფიგურაა, რომელიც ხშირად კრიტიკისადმი შეუწყნარებელია. მაგრამ, როგორც The Washington Post აღნიშნავს, სააკაშვილმა და რეფორმატორების ჯგუფმა ეკონომიკის მოდერნიზება შეძლეს, მნიშვნელოვნად შეამცირეს კორუფცია და უცხოური ინვესტიციებში მილიარდები მოიზიდეს.

გარდა ამისა, ამერიკული გაზეთი წერს, რომ "ივანიშვილის მთავრობა პუტინისკენ იხრება" და მან საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატია დაასუსტა.