საბერძნეთში სარკინიგზო ავარიას საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, ათენში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

საბერძნეთში სარკინიგზო ავარიას საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, ათენში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

საბერძნეთში სარკინიგზო ავარიის გამო, რომელსაც 43 ადამიანი ემსხვერპლა, საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.

BBC-ის ინფორმაციით, ათენში პოლიციასა და კომპანია Hellenic Train-ის ოფისთან გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა. აღნიშნული კომპანია საბერძნეთის რკინიგზის ტექნიკურ მომსახურებაზეა პასუხისმგებელი.

საპროტესტო აქციები ასევე გაიმართა სალონიკსა და ლარისაში.

ლარისაში რკინიგზის სადგურის 59 წლის სპეციალისტს გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდება წაუყენეს, თუმცა მან რაიმე სახის დარღვევის ჩადენა უარყო და ავარიის მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა დაასახელა. საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მთელი სისტემის ნაცვლად პასუხი მხოლოდ ერთმა სპეციალისტმა არ უნდა აგოს.

საბერძნეთის რკინიგზის პროფკავშირი თვლის, რომ უსაფრთხოების სისტემები გამართულად არ მუშაობდა, რის შესახებაც ისინი რამდენიმე წლის განმავლობაში აფრთხილებენ ხელისუფლებას.

გუშინ, საბერძნეთის ქალაქ ლარისასთან ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახა. ტრაგედიის დროს სამგზავრო მატარებელში 342 მგზავრი იმყოფებოდა. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა, სამდღიანი გლოვა გამოაცხადა და სახელმწიფო დროშების დაშვების განკარგულება გასცა. კირიაკოს მიცოტაკისმა პირობა დადო, რომ მომხდარის მიზეზების დასადგენად სრულყოფილი და დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდება. მომხდარის გამო თანამდებობა დატოვა საბერძნეთის ტრანსპორტის მინისტრმა.