სომხეთის საგარეო უწყება - მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ლაჩინის დერეფნის განბლოკვის შესახებ და არ დააკმაყოფილა აზერბაიჯანის შეგებებული სარჩელი

საქართველოში სომხეთის საელჩო, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს.
როგორც სომხეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ლაჩინის დერეფნის განბლოკვის შესახებ და არ დააკმაყოფილა აზერბაიჯანის შეგებებული სარჩელი.
„მივესალმებით მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ფარგლებში სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ დროებითი ზომების მოთხოვნის გამოყენების თაობაზე წარდგენილ შუამდგომლობებთან დაკავშირებით 22 თებერვალს მიღებულ გადაწყვეტილებებს.
სასამართლომ მიიღო იურიდიულად მავალდებულებელი გადაწყვეტილება სომხეთის მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ აღძრული საქმის ფარგლებში, ამავდროულად, კატეგორიულად უარყო აზერბაიჯანის მოთხოვნები აზერბაიჯანის მიერ სომხეთის წინააღმდეგ აღძრული პარალელურ სამართალწარმოებაში. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის ფარგლებში არსებობს სომხების უფლებების გამოუსწორებელი ზიანის დაუყოვნებელი საშიშროება და დაავალა აზერბაიჯანს მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ადამიანების, სატრანსპორტო საშუალებების და ტვირთების შეუფერხებელი გადაადგილება ორივე მიმართულებით, ლაჩინის დერეფნის გავლით.
ამის საპირისპიროდ, სასამართლომ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად, მთლიანად არ დააკმაყოფილა აზერბაიჯანის მიერ წარდგენილი დროებითი ზომების შესახებ შუამდგომლობა, ასევე უარყო სომხეთის მხრიდან მთიან ყარაბაღის და მიმდებარე ტერიტორიების დანაღმვის შესახებ ცრუ ბრალდებები.
ამრიგად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის ბლოკადა და სხვა ქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. სომხეთი ყურადღებით დააკვირდება სიტუაციას და აცნობებს სასამართლოს აზერბაიჯანის მხრიდან ნებისმიერი დარღვევის შესახებ, სანამ სომხეთის სარჩელი აზერბაიჯანის წინააღმდეგ განხილვაშია.
მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები, რათა უზრუნველყონ აზერბაიჯანის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება“, - ნათქვამია სომხეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

























