სომხეთის საელჩო გაერო-ს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოში სომხეთის საელჩოს ინფორმაციით, გაერო-ს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანს დაევალა, საქმეზე „სომხეთი აზერბაიჯანის წინააღმდეგ“ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ყველა ზომა მიიღოს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ლაჩინის დერეფნის გავლით მოქალაქეების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ტვირთების შეუფერხებელი მოძრაობა ორივე მიმართულებით.
როგორ სომხეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სომხეთი აზერბაიჯანის მიერ სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებას მონიტორინგს გაუწევს და სასამართლოს ნებისმიერი დარღვევის შესახებ შეატყობინებს.
„2023 წლის 22 თებერვალს გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ გამოაქვეყნა თავისი გადაწყვეტილებები „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ფარგლებში სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ წარდგენილი დროებითი ზომების გამოყენების შესახებ. სომხეთის მიერ წარმოდგენილ დროებით ზომებთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა, რომ 2022 წლის 12 დეკემბრიდან შეფერხდა კავშირი მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის ლაჩინის დერეფნის გავლით. სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ სიტუაციას მთელი რიგი შედეგები მოჰყვა და ეს ზემოქმედება შენარჩუნებულია დღემდე. სასამართლომ აღნიშნა, რომ მის ხელთარსებული ინფორმაცია აჩვენებს, რომ ლაჩინის დერეფნის გავლით გადაადგილების შეფერხებამ ხელი შეუშალა მთიან ყარაბაღში ჰოსპიტალიზებული სომეხი ეროვნების ან ეთნიკური წარმოშობის პირების გადაყვანას სომხეთის სამედიცინო დაწესებულებებში, გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ არსებობენ ხელის შემშლელი ფაქტორები მთიან ყარაბაღში პირველადი საჭიროების ნივთების იმპორტისთვის, რაც იწვევს საკვების, მედიკამენტების და სიცოცხლისთვის საჭირო სხვა სამედიცინო საშუალებების დეფიციტს.
სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია აზერბაიჯანის მიერ წარდგენილი მტკიცებები, რომ „აზერბაიჯანი უზრუნველყოფს და იღებს ვალდებულებას გააგრძელოს ადამიანების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ტვირთების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა ლაჩინის დერეფნის გავლით“, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მტკიცებები სრულად არ გამორიცხავს გამოუსწორებელი ზიანის მიყენების უშუალო საფრთხეს, რომელიც შექმნილია ლაჩინის დერეფნის გასწვრივ მოძრაობის შეფერხებით. შესაბამისად, სასამართლომ დააკმაყოფილა სომხეთის მოთხოვნა დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ და აზერბაიჯანს დაავალა:
საქმეზე „სომხეთი აზერბაიჯანის წინააღმდეგ“ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა ზომის მიღება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ლაჩინის დერეფნის გავლით მოქალაქეების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ტვირთების შეუფერხებელი მოძრაობა ორივე მიმართულებით.
რაც შეეხება აზერბაიჯანის მიერ სომხეთის წინააღმდეგ წარმოდგენილ სავარაუდო ნაღმების დაგებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, სასამართლომ ერთხმად აზერბაიჯანის ეს მოთხოვნები არ დააკმაყოფილა. სომხეთი აზერბაიჯანის მიერ სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებას მონიტორინგს გაუწევს და შეატყობინებს სასამართლოს ნებისმიერი დარღვევის შესახებ, რომელიც გამოვლინდება „სომხეთი აზერბაიჯანის წინააღმდეგ“ სასამართლო საქმის მიმდინარეობისას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























