დონეცკში რუსული ძალების თავდასხმის შედეგად 4 მოქალაქე დაიღუპა და 17 დაშავდა

ბოლო ერთი დღის განმავლობაში დონეცკის რეგიონზე რუსეთის ძალების მიერ დაბომბვის შედეგად ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 17 დაშავდა.
შესაბამისი განცხადება დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ Telegram-ზე გააკეთა.
„2023 წლის 28 იანვარს რუსებმა დონეცკის რეგიონში ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: სამი კოსტიანტინივკაში და ერთი ბახმუტში. დაშავდა კიდევ ჩვიდმეტი ადამიანი“, - წერს კირილენკო.
გარდა ამისა, მისი თქმით, ახლა შეუძლებელია მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობის დათვლა მარიუპოლსა და ვოლნოვახაში.

























