ლიეტუვამ აშშ-სთან HIMARS-ის სარაკეტო სისტემების შესაძენად 495 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა

ლიეტუვამ აშშ-სთან HIMARS-ის სარაკეტო სისტემების შესაძენად 495 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა

ლიეტუვამ შეერთებულ შტატებთან ხელი მოაწერა 495 მლნ. აშშ დოლარის კონტრაქტს HIMARS ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების შეძენაზე, - ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„მოხარული ვარ, რომ გავაფორმეთ ხელშეკრულება ამ მნიშვნელოვანი სისტემის შესაძენად. ახლა ჩვენ ვიწყებთ საუბარს შეერთებულ შტატებთან HIMARS-ის ინტეგრაციის კუთხით თანამშრომლობაზე, როგორიცაა პერსონალის მომზადება, ტექნიკური მომსახურება", - განაცხადა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუსაუსკასმა, რომელიც ხუთშაბათს შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრს, ლოიდ ოსტინს შეხვდა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ HIMARS-ი ბალტიის ყველა ქვეყანა ყიდულობს.

„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობდით და ვითანამშრომლებთ ესტონეთთან და ლატვიასთან ამ შესაძლებლობების განვითარებისა და მთელი რეგიონის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით. HIMARS-ის პირველი მიწოდება დაგეგმილია 2025 წელს", - განაცხადა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა.

კონტრაქტის წინასწარი ღირებულება დაახლოებით 495 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს და მას ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ი განახორციელებს. ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შეძენილი საარტილერიო სარაკეტო სისტემა თავსებადია იმ ტექნოლოგიებთან, რომელსაც ქვეყნის არმია იყენებს და შესაბამისად, არსებულ თავდაცვის გეგმებში მისი ინტეგრაცია გაადვილდება.

ხელშეკრულების თანახმად, ლიეტუვა ყიდულობს რვა სარაკეტო საარტილერიო სისტემა HIMARS-ს სხვადასხვა ტიპის საბრძოლო და საწვრთნელი რაკეტებით, მათ შორის ე.წ. ATACMS-ებს, რომლის მოქმედების რადიუსი 300 კილომეტრს შეადგენს.