ევროკავშირი სასწრაფოდ გაააქტიურებს უკრაინისთვის ჰუმანიტარული და სამოქალაქო დაცვის დახმარების მიწოდებას

ევროკავშირი სასწრაფოდ გაააქტიურებს უკრაინისთვის ჰუმანიტარული და სამოქალაქო დაცვის დახმარების მიწოდებას და დაეხმარება ქვეყანას კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში, რათა მას ზამთრის გადალახვაში დაეხმაროს, -ამის შესახებ ევროკავშირის ლიდერების სამიტის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ბლოკის ლიდერები მოუწოდებენ ევროკომისიას გააძლიეროს კოორდინაცია ევროპულ ინდუსტრიასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უზრუნველყოს უკრაინაში პრიორიტეტული აღჭურვილობის მდგრადი მიწოდება.
„ევროპული საბჭო იწვევს ევროპის საინვესტიციო ბანკს, კომისიასთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, გააძლიეროს მხარდაჭერა უკრაინის ყველაზე გადაუდებელი ინფრასტრუქტურის საჭიროებებისთვის. ევროპული საბჭო ასევე იწვევს კომისიას, გააძლიეროს კოორდინაცია ევროპულ ინდუსტრიასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უზრუნველყოს უკრაინისთვის პრიორიტეტული აღჭურვილობის მდგრადი მიწოდება, როგორიცაა მობილური გათბობის სადგურები, ელექტრო გენერატორები, დენის ტრანსფორმატორები და მაღალი ძაბვისა და განათების მოწყობილობები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, ევროკავშირის ლიდერები ხაზს უსვამენ, რომ გააგრძელებენ უკრაინის პოლიტიკურ და სამხედრო მხარდაჭერას, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებისა და ტერიტორიების განაღმვაში დახმარების გაწევით.
"ევროკავშირი რჩება უკრაინის პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერის ერთგული, განსაკუთრებით ევროპული სამშვიდობო ფონდისა და ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიის მეშვეობით და ორმხრივი მხარდაჭერის გაძლიერებით, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებისა და ტერიტორიების განაღმვაში დახმარების გაწევით", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ევროკავშირის ლიდერებმა 2022 წლის ბოლო სამიტზე მიაღწიეს შეთანხმებას, რომ მომავალ წელს უკრაინას 18 მილიარდი ევროს მოცულობის ფინანსურდახმარებას გამოუყოფენ, რუსეთს კი დამატებით სანქციებს დაუწესებენ.

























