ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო - რუსეთის არმიის მიმართ ირანის მხარდაჭერა, სავარაუდოდ, გაიზრდება

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ირანი რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო მხარდამჭერი გახდა, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ანგარიშშია აღნიშნული.
უწყების შეფასებით, ირანის მხარდაჭერა რუსეთის არმიის მიმართ, სავარაუდოდ, გაიზრდება.
„ირანის მხარდაჭერა რუსეთის არმიის მიმართ, სავარაუდოდ, გაიზრდება უახლოეს თვეებში. რუსეთი ცდილობს მოიპოვოს მეტი იარაღი, მათ შორის, ასობით ბალისტიკური რაკეტა. სანაცვლოდ, რუსეთი, დიდი ალბათობით, სთავაზობს ირანს სამხედრო და ტექნიკურ მხარდაჭერას უპრეცედენტო დონეზე, რომელიც გარდაქმნის მათ თავდაცვის ურთიერთობებს“, - აღნიშნულია უწყების ანგარიშში.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთი ირანულ ბალისტიკურ რაკეტებს, სავარაუდოდ, უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისთვის გამოიყენებს.
„რუსეთმა, დიდი ალბათობით, საკუთარი „SS-26 ისკანდერის“ მოკლე მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების მარაგის დიდი ნაწილი ამოწურა. თუ რუსეთი მოახერხებს დიდი რაოდენობით ირანული ბალისტიკური რაკეტების გამოყენების დაწყებას, ის, სავარაუდოდ, გამოიყენებს მათ უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების კამპანიის გასაგრძელებლად და გაფართოებისთვის“, - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.

























