ვოლოდიმირ ზელენსკი - უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭო რუსეთის ფედერაციაში მდებარე გავლენის ცენტრებთან აფილირებული რელიგიური ორგანიზაციების უკრაინაში საქმიანობის კანონით აკრძალვას ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნულმა საბჭომ მთავრობას დაავალა, უმაღლეს რადაში დასამტკიცებლად შეიტანოს კანონპროექტი, რომლითაც უკრაინაში აიკრძლება რუსეთის ფედერაციაში მდებარე გავლენის ცენტრებთან აფილირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა.
„ჩვენ უზრუნველვყოფთ სულიერ დამოუკიდებლობას. არავის არასოდეს მივცემთ უფლებას, უკრაინის სულში იმპერია ააშენოს. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ დაავალა მთავრობას წარუდგინოს უზენაეს რადას კანონპროექტი რუსეთის ფედერაციის გავლენის ცენტრებთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის უკრაინაში აკრძალვის შესახებ”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურს დაევალა ჩაატაროს ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს, აქვს თუ არა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას კანონიკური კავშირი მოსკოვის საპატრიარქოსთან და საჭიროების შემთხვევაში მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები.
ზელენსკის განმარტებით, შემოწმდება კიევი-პეჩორის ისტორიულ-კულტურული ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარე ქონების რელიგიური ორგანიზაციების მიერ გამოყენების პირობების შესაბამისობა და სამართლებრივი საფუძვლები.
„ყველა ორგანომ, რომელიც პასუხისმგებელია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, უნდა გააძლიეროს ზომები უკრაინის რელიგიურ გარემოში რუსული სპეცსამსახურების დივერსიული მოქმედებების გამოსავლენად და დასაპირისპირებლად და დააწესოს პერსონალური სანქციებო - გვარები მალე გახდება ცნობილი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ამ და სხვა გადაწყვეტილებით უზრუნველყოფილი იქნება უკრაინის სულიერი დამოუკიდებლობა.
“სამწუხაროდ, რუსეთის ტერორმა და სრულმასშტაბიანმა ომმაც კი ვერ დაარწმუნა ზოგიერთი მოღვაწე, რომ ღირს ბოროტების ცდუნების დაძლევა. ისე, ჩვენ უნდა შევქმნათ პირობები, სადაც აგრესორ სახელმწიფოზე დამოკიდებულ არცერთ მოღვაწეს არ ექნება საშუალება, მანიპულირება მოახდინოს უკრაინელებზე და დაასუსტოს უკრაინა შიგნიდან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

























