ჯო ბაიდენი და ემანუელ მაკრონი უკრაინას მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და ენერგეტიკაში დახმარებას ჰპირდებიან

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინას მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და ენერგეტიკაში დახმარებას ჰპირდებიან.
ამის შესახებ ვაშინგტონში პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ საერთო განცხადებაშია ნათქვამი.
ბაიდენმა და მაკრონმა აღნიშნეს, რომ რუსეთის მიერ უკრაინული ტერიტორიების ანექსიას არ აღიარებენ და გმობენ მის ნაბიჯებს, რომლებიც უკრაინაში ომის ესკალაციისკენაა მიმართული, “კერძოდ მის უპასუხისმგებლო ბირთვულ რიტორიკას და შესაძლო ქიმიური თავდასხმების, ბიოლოგიური და ბირთვული იარაღის შესახებ დეზინფორმაციას”.
საერთო განცხადებაში პრეზიდენტები ადასტურებენ უკრაინისადმი პოლიტიკური, უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარების მიწოდებით უკრაინის მიერ საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიმართ უცვლელ მხარდაჭერას “იმდენ ხანს, რამდენიც მას დასჭირდება”.
“ეს ეხება მნიშვნელოვანი რესურსების მიწოდებას ზამთრის პერიოდში უკრაინული სამოქალაქო მოსახლეობის სიმყარის შესანარჩუნებლად, კერძოდ საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და იმ აღჭურვილობის მიწოდების გაზრდას, რომელიც საჭიროა უკრაინის ენერგეტიკული ქსელის შესაკეთებლად”, - წერია საერთო განცხადებაში.
გარდა ამისა, მაკრონმა და ბაიდენმა საკუთარი მისწრაფების შესახებ განაცხადეს რუსეთს პასუხი აგებინონ სამხედრო დანაშაულებისთვის, რომლებიც ჩაიდინეს მისმა რეგულარულმა შეიარაღებულმა ძალებმა ისევე, როგორც “ვაგნერის” კერძო სამხედრო კომპანიის დაქირავებულმა მებრძოლებმა.

























