მედია - კონვერტი ასაფეთქებელი მოწყობილობით მადრიდში აშშ-ის საელჩოშიც მივიდა

კონვერტი ასაფეთქებელი მოწყობილობით მადრიდში აშშ-ის საელჩოშიც მივიდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ადგილობრივ ტელეარხ La Sexta-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მადრიდში აშშ-ის საელჩომ მიიღო კონვერტი ასაფეთქებელი მოწყობილობით, როგორიც უკრაინის საელჩოსა და სხვა სამიზნეებს გაუგზავნეს.
მედია აღნიშნავს, რომ ესპანეთის დედაქალაქში აშშ-ის საელჩოს მიმდებარე გზა გადაკეტილია და ადგილზე პოლიცია მუშაობს. ინციდენტის დეტალები ირკვევა.
ცნობისთვის, ოთხშაბათს ესპანურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია მადრიდში უკრაინის საელჩოში მომხდარი აფეთქების შესახებ. საელჩოს კომენდანტმა, რომლის ხელებშიც აფეთქდა კონვერტი, მსუბუქი ჭრილობები მიიღო და ჰოსპიტალიზირებულ იქნა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ინციდენტი.
ასევე ცნობილი გახდა, რომ კონვერტი ასაფეთქებელი მოწყობილობით ადგილობრივმა იარაღის მწარმოებელმა კომპანია Instalanza-მ მიიღო, რომელიც მას უკრაინასაც აწვდის.
მოგვიანებით, ესპანეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ უსაფრთხოების ძალებმა იპოვეს მესამე შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობა კონვერტში, რომელიც მადრიდთან ახლოს მდებარე ტორეხონ-დე-არდოსის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაზე იყო გაგზავნილი.
ამას გარდა, ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის ოფისმა 24 ნოემბერს მიიღო მსგავსი კონვერტი ასაფეთქებელი მოწყობილობით.

























