თავდაცვის სამინისტრო - თავდაცვის ძალები ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ინტენსიურად ახორციელებს

სამხედრო მოსამსახურეები სტიქიის ზონის აღმოსავლეთით - სოფელ დვირის მიმართულებაზე არიან განაწილებული და ამოცანისა და რელიეფის სირთულის მიუხედავად ამ ეტაპზე წარმატებით უმკლავდებიან დავალებებს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლის ქრობის პროცესში ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობისა და აღმოსავლეთის სარდლობის I ბრიგადისა და საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეულის პირადი შემადგენლობა მონაწილეობს. სამხედროები სპეციალური ტექნიკის - მუხლუხებიანი ყველგან მავალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკის MTLB, წყალმზიდებისა და მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანების საშუალებით ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.
„საქართველოს თავდაცვის ძალები სტიქიის ზონაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკვე მესამე დღეა აქტიურად მონაწილეობს. ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად პროცესში თავდაცვის ძალები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით ჩაერთვნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

























