თავდაცვის მინისტრი - ოფიცერთა და სერჟანტთა გარკვეული კატეგორიისთვის ბინის მიღება კანონმდებლობით განისაზღვრება, რაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება იქნება სამხედროების დაფასების მიმართულებით

თავდაცვის მინისტრი - ოფიცერთა და სერჟანტთა გარკვეული კატეგორიისთვის ბინის მიღება კანონმდებლობით განისაზღვრება, რაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება იქნება სამხედროების დაფასების მიმართულებით

გვაქვს ინიციატივა, თავდაცვის კოდექსში შევიდეს ცვლილება, რომლის შედეგად, ოფიცერთა და სერჟანტთა გარკვეული კატეგორიისთვის კანონმდებლობით ბინის მიღება განისაზღვრება, რაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება იქნება სამხედროების დაფასების მიმართულებით, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, წარმატებით მიმდინარეობს სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფის პროექტი.

მინისტრის განცხადებით, დღეს უკვე 7-სართულიანი 39 კორპუსია აშენებული, რომელშიც 1000-ზე მეტი ბინაა განთავსებული.

„ხელფასების ზრდის პარალელურად, წარმატებით მიმდინარეობს მრავალწლიანი, პროფესიული სამხედრო კარიერისა და ქვეყნის სამსახურის დაფასების მიზნით დაწყებული, სამხედროების ბინებით უზრუნველყოფის პროექტი. დღევანდელი მდგომარეობით, აშენებულია 7-სართულიანი 39 კორპუსი, რომელშიც 1000-ზე მეტი ბინაა განთავსებული. ამ ეტაპზე, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსების გარე პერიმეტრის მოპირკეთება. პროექტში სამხედრო მოსამსახურეებს ერთ კვადრატულ მეტრში 100 ამერიკული დოლარის გადახდა უწევთ. გადახდას არა საბანკო სესხით, არამედ უპროცენტო შიდა განვადებით ახორციელებენ. პროექტი განგრძობითი ხასიათის იქნება.

ასევე, გვაქვს ინიციატივა, რომ თავდაცვის კოდექსში შევიდეს ცვლილება, რომლის შედეგად ოფიცერთა და სერჟანტთა გარკვეული კატეგორიისთვის კანონმდებლობით განისაზღვრება ბინის მიღება, რაც სერიოზულად, უპრეცედენტო გადაწყვეტილება იქნება სამხედროების დაფასების მიმართულებით“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.