ლიეტუველი მრჩეველი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დაჯილდოვდა

ლიეტუველი მრჩეველი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დაჯილდოვდა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში მოვლენილ ნატოს მრჩეველთა ჯგუფის ლიეტუველ მრჩეველს მედალი „გენერალი კვინიტაძე “გადასცა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიცე-პოლკოვნიკმა ჟიდრუნას ვალიუსაიტისმა უწყებრივი ჯილდო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის 2019 წლიდან დღემდე გაწეული განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის მიიღო.

„ლიეტუველმა მრჩეველმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში JTEC-ის ინიციატივის განვითარებაში. ვიცე-პოლკოვნიკი ვალიუსაიტისი 3 წლის განმავლობაში დახმარებას უწევდა JTEC-ს დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა მომზადების საერთაშორისო კურსის (IOCT) დაგეგმვასა და აღსრულებაში. აღნიშნულ კურსში მონაწილეობას იღებდნენ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები. ლიეტუველი მრჩევლის აქტიური ჩართულობით IOCT კურსი ჩამოყალიბდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი JTEC-ისა და საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის. ვიცე-პოლკოვნიკი ვალიუსაიტისი ასევე აქტიურად იყო ჩართული ნატო-საქართველოს სწავლებების დაგეგმვასა და აღსრულებაში. ლიეტუველმა მრჩეველმა საკუთარი წვლილი შეიტანა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ტაქტიკური შეფასების ცენტრის ჩამოყალიბებაში”,- აღნიშნავენ უწყებაში.