ქართული პრესის მიმოხილვა 16.12.2021

ქართული პრესის მიმოხილვა 16.12.2021

“თუ გვსურს, რომ სახელმწიფო ფეხზე დადგეს, “შუაშიზმმა” უნდა გადაძალოს პოლიტიკურ მესიათა ბონაპარტიზმი” - ზაზა ფირალიშვილი

რა არის გამოსავალი “ომიკრონის” ელვისებური გავრცელებისას - “ბუსტერი” კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება

ნატოს ღია მხარდაჭერა საქართველოს - პრემიერ ღარიბაშვილისა და გენმდივან სტოლტენბერგის მთავარი გზავნილები

* * *

“თუ გვსურს, რომ სახელმწიფო ფეხზე დადგეს, “შუაშიზმმა” უნდა გადაძალოს პოლიტიკურ მესიათა ბონაპარტიზმი” - ზაზა ფირალიშვილი

“ვაშინგტონში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ინიცირებულ დემოკრატიის სამიტზე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას პირობა დადო, რომ საზოგადოებასთან ერთად ეროვნული მასშტაბის მოლაპარაკებას დაიწყებს, რათა ქვეყანამ პოლარიზაციას თავი დააღწიოს. ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი ეხმიანება პრეზიდენტის განცხადებას და აცხადებს, რომ ამ მიზანს ალტერნატივა არ აქვს და ყველას უნდა ახსოვდეს, რომ როგორი განსხვავებული შეხედულებებისაც არ უნდა ვიყოთ, ერთ სახელმწიფოში მოგვიწევს ცხოვრება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “თუ გვსურს, რომ სახელმწიფო ფეხზე დადგეს, “შუაშიზმმა” უნდა გადაძალოს პოლიტიკურ მესიათა ბონაპარტიზმი” - ზაზა ფირალიშვილი.

“ამ მიზანს ალტერნატივა არა აქვს, ეს დიდი ხანია ვიცით. ჯერ კიდევ შორეული 80-იანი წლების ბოლოს ბევრნი მოვუწოდებდით პოლიტიკურ ძალებს ერთიანი ეროვნული პლატფორმის ფარგლებში მოქმედებისაკენ. ეს მაშინ შეუძლებელი აღმოჩნდა. ცალკეულთა პიროვნული ბონაპარტიზმი დაუძლეველი იყო. დიალოგისა და თანამშრომლობის სურვილი ჯერ კიდევ მაშინ აღიქმებოდა სისუსტედ. ნებსით თუ უნებლიედ, პოლიტიკური ცხოვრების სტალინისტური პარადიგმის გამგრძელებლები აღმოვჩნდით. ეს გრძელდებოდა წლების განმავლობაში და დღესაც არსებითად იგივეა. დღესაც გვიჭირს გააზრება, რომ ქვეყნის ყველაზე დიდი მტერი ისაა, ვინც გვარწმუნებს, რომ ჭეშმარიტებასა და სიკეთეს მონოპოლურად ფლობს და ამით ქვეყანას განუწყვეტელი შიდა დაპირისპირების ქაოსისათვის სწირავს, ვისთვისაც განსხვავებული აზრის მქონესთან თანამშრომლობა სისუსტე და უპრინციპობაა. არადა, ასეთების ოდენო ბა ქვეყანაში სავალალოდ დიდია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაზა ფირალიშვილი.

“მთავარი ისაა, რომ ქართული საზოგადოება იცვლება და გაჩნდა ფენომენი, რომელსაც დღევანდელი დაპირისპირების ორივე მხარე შიშნარევი ირონიით “შუაშიზმს” უწოდებს. თუ ასეა, ვიტყოდი, რომ პრეზიდენტის განცხადება “შუაშიზმია”, ოღონდ ისეთი, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს. შუაშიზმი არ ნიშნავს პოლიტიკური დისკუსიების აღკვეთას. ის ნიშნავს მოთხოვნას, რომ პოლიტიკური დისკუსია ნარცისიზმისა და ლუდომანიისაგან იქნას გათავისუფლებული. თუ გვსურს, რომ ქართული სახელმწიფო, ბოლოს და ბოლოს, ფეხზე დადგეს, სწორედ “შუაშიზმმა” უნდა გადაძალოს პოლიტიკურ მესიათა ბონაპარტიზი”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“პრეზიდენტის განცხადება გარკვეულ იმედებს აჩენს. მნიშვნელოვანია, რომ ამ რამდენიმე ხნის წინ მსგავსი პლატფორმის შექმნის სურვილი გამოთქვეს “ლელოს” ლიდერებმაც. როგორც ჩანს, პოლიტიკურ სპექტრშიც დაიწყო ერთგვარი მსოფლმხედველობრივი ცვლილებები და ეს მხარდაჭერას საჭიროებს. ინფანტილიზმია იმის წარმოდგენა, რომ დემოკრატია მხოლოდ განსხვავებული შეხედულებების ჭიდილია. თუ ეს ჭიდილი რამდენიმე უზოგადეს პრინციპს არ ეფუძნება, თუ დაპირისპირება თვითმიზნად და საკუთარი ნარცისისტული ვნებების დაკმაყოფილების საშუალებად იქცა, მივიღებთ იმას, რასაც ოცდაათი წელია ვუცქერთ. ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე ხისტი დაპირისპირების დროსაც მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ ყველას, როგორი განსხვავებული შეხედულებებისაც არ უნდა ვიყოთ, ერთად გვიწევს და ერთად მოგვიწევს ცხოვრება და ეს ცხოვრება ჩვენი თავისთვისაც და სხვისთვისაც აუტანლად არ უნდა ვაქციოთ”, - მიიჩნევს ფილოსოფოსი.

“თუ თავს დავაღწევთ ინფანტილურ რწმენას, რომ ვიღაც აბსოლუტურ სიბრძნესა და სიკეთეს განასახიერებდა თუ განასახიერებს და ვიღაც - აბსოლუტურ სიცრუესა და ბოროტებას, თუ შევძლებთ ჩვენი პოლიტიკური აქტორების მოღვაწეობისადმი მაქსიმალურად ობიექტური დამოკიდებულების შემუშავებას, ეს შესაძლებელია. ისტორია არასოდეს არის ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი რამ. მომავალშიც ბევრი რამ გვექნება გასარკვევი, მაგრამ თუ გვექნება რწმენა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების ყველა ფაზაში არის რაღაც სიკეთე, რასაც შეიძლება დავეყრდნოთ, ისტორიის საერთო კონტურებში ხედვა შესაძლებელი იქნება. მთავარია, შევიმუშავოთ რამდენიმე პრინციპი, რომელთა შესაბამისობაშიც განვიხილავთ ყველა მოვლენას”, - განმარტავს ზაზა ფირალიშვილი.

“ყველა პირველი პირი საქართველოში იმ რწმენით იწყებდა, რომ წარსული რადიკალურად უნდა დანგრეულიყო და რომ მისი მოსვლით ქვეყნის ისტორია ხელახლა იწყებოდა. არადა, ესაა ერთიანი ისტორია თავისი შეცდომებითა და წარმატებებით, ტკივილითა და სიხარულით, მავანთა თავნებობით და ამასთანავე, მრავალთა თავგანწირვით. ვიმეორებ, ბევრ რამეში მომავალშიც ვერ შევთანხმდებით. მთავარი ეს არ არის. მთავარია, ერთად ცხოვრებისა და შეთანხმების ნება გვქონდეს. საზოგადოება უთუოდ მზად არის თავი დავაღწიოთ პერმანენტული ცივი სამოქალაქო ომის მდგომარეობას. გადახედეთ სოციალურ ქსელებს - კრიტიკულად ბევრი ადამიანისათვის ერთნაირად არის მიუღებელი ის, რაც დღევანდელი დაპირისპირების სუბიექტებს ერთნაირად ახასიათებს: სიხისტე, წინასწარი განწყობა, რომ მეტოქესთან შეთანხმება დაუშვებელია, რომ მიზანი მეტოქის სრული განადგურებაა... დღეს ჩვენი საზოგადოების კრიტიკულად დიდ ნაწილს კარგად ესმის, თუ როგორი დამღუპველია პოლიტიკური ცხოვრების ასეთი რეჟიმი. ეს უკვე ჩვენი საზოგადოების სიმწიფეს ნიშნავს”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“ჩვენ შევძელით და საკუთარ თავში საბჭოთა ეპოქიდან გამოყოლილ ბოროტ ინფანტილიზმს ამა თუ იმ ხარისხით თავი დავაღწიეთ და პოლიტიკური სპექტრი თავის რადიკალურ მომხრეებთან ერთად უკვე რამდენიმე ნაბიჯით ჩამოგვრჩება. კარგად მესმის, რომ განვლილმა წლებმა ჩვენ ყველას დიდი ტკივილები დაგვიტოვა. აღარ შევუდგები ჩამოთვლას. მაგრამ ისიც ცხადია, რომ დღეს პოლიტიკური დაპირისპირება ისეთ ფაზაშია შესული, როდესაც რაღაც ზღვრამდე ურთიერთმიტევების გარეშე ერთად ვეღარ ვიცხოვრებთ. არ ვგულისხმობ დამნაშავეთა დაუსჯელობას. ვგულისხმობ იმას, რომ დამნაშავე უნდა დასაჯოს სამართალმა და არა პოლიტიკურმა მოტივებმა. არადა, ეჭვი მაქვს, რომ “ოცნებაშიც” და “ნაციონალურ მოძრაობაშიც” კრიტიკულად მცირეა ისეთების ოდენობა, ვინც ხვდება ამას და მზად არის, პოლიტიკური ცხოვრების განსხვავებული წესი შესთავაზოს ჩვენს საზოგადოებას. დღეს მთელი ჩვენი პრობლემა ესაა: მიხვდებიან კი საომრად შემართული აქტორები, რომ დიალოგს ალტერნატივა არა აქვს და რომ ქვეყნის მომავლი ამაზეა დამოკიდებული. ამასობაში მტერი განაბულია და ელის, შიდა ბრძოლებით დაქანცულები როდის მოვიწყენთ დამოუკიდებლობას”, - დასძენს ზაზა ფირალიშვილი.

რა არის გამოსავალი “ომიკრონის” ელვისებური გავრცელებისას - “ბუსტერი” კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება

“ახალი კვლევებით “ომიკრონი” ისე სწრაფად ვრცელდება, რომ ქვეყანაში შეღწევის შემდეგ დომინანტური რამდენიმე საათში ხდება, სპეციალისტები და ფარმაცევტული კომპანიები აცხადებენ, რომ არსებული ვაქცინების ეფექტურობა ახალი ვარიანტის წინააღმდეგ მნიშვნელოვნად შემცირებულია და უკვე ოპტიმალურ დაცვად სამ დოზას ასახელებენ. ჯანდაცვის ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ თუ მცირე შანსი მაინც არის, რომ არსებულმა ვაქცინებმა “ომიკრონის” წინააღმდეგ იმოქმედოს, ყველა ადამიანის ვაქცინირება მაინც უნდა მოხდეს. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის “ომიკრონ” შტამი 76 ქვეყანაშია დაფიქსირებული, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით 4 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 47 000-ზე მეტი გარდაიცვალა. ჯამოს განცხადებით, წინა კვირასთან შედარებით, ინფიცირებულთა რაოდენობა 5%-ით, ხოლო დაღუპულთა რიცხვი 10%-ით შემცირდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა არის გამოსავალი “ომიკრონის” ელვისებური გავრცელებისას - “ბუსტერი” კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება. “ბოლო კვლევებზე დაყრდნობით სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ “ომიკრონი” ქვეყანაში შეღწევიდან რამდენიმე საათში დომინანტური გახდება, აღნიშნული პროგნოზი აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ და გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა გააკეთეს. რაც შეეხება საქართველოს, ჯანდაცვის ჯერ კიდევ მოქმედი მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალი შტამის გავრცელებისა და მოსალოდნელი მომდევნო ტალღისთვის ქვეყანას სრული მზაობა აქვს. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით და ქვეყნის ჯანდაცვის არსებული დატვირთვით, ქვეყანას ნებისმიერი სირთულის ტალღის გამკლავება შეუძლია. მედიცინის დოქტორი და ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი ხმალაძე “რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ თუ მინიმალური შანსი მაინც არის, რომ არსებულმა ვაქცინებმა “ომიკრონის” წინააღმდეგ იმოქმედოს, ადამიანი უნდა აიცრას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მინიმალური პროცენტიც თუ არის რაღაცა შანსი, რომ არსებულმა ვაქცინებმა “ომიკრონის” წინააღმდეგ იმოქმედოს, ყველა ადამიანის ვაქცინირება მაინც უნდა მოხდეს. ჯერ ერთი, რატომ ჰგონიათ, რომ წინ მაინცდამაინც “ომიკრონი” დახვდებათ? არავის გაუქრია ის წინა ვირუსები, რომლებიც ჯერჯერობით აქტიურია, თუნდაც “დელტა”. ამიტომ, “ომიკრონის” საწინააღმდეგოდ კი არ უნდა ავიცრათ, უნდა ავიცრათ საერთოდ კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგოდ. მერე ის, რომ, როცა ჩვენ ვაქცინა არ გვქონდა მაშინ რას ვაკეთებდით? ნებისმიერი ინფექციის გავრცელების მთავარი წინაღობა ვაქცინირების გარდა არის ეპიდემიოლოგიური თავდაცვაა, იგივე თავშეყრებისგან თავის არიდება, სოციალური დისტანცირება, ჰიგიენის დაცვა და განსაკუთრებით ხელების დაბანა. ეპიდემიოლოგიური თავდაცვის გარეშე არ გამოვა, ხომ ხედავთ, რომ ვაქცინირებულ ადამიანსაც შეიძლება რომ ვირუსი დაემართოს, რადგან ეს ადამიანი ისეთ ადგილზე მოხვდა, სადაც ინფიცირებული ადამიანიც იყო, სოციალური დისტანცირება არ დაიცვა და ხელი არ დაიბანა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

“ჩემი აზრით, ქვეყანამ მთლად საგანგებო მდგომარეობა არ უნდა გამოაცხადოს, მაგრამ იქ სადაც შეკრების გაკონტროლება ვერ ხდება, ყოველგვარი მიტინგები და შეკრებები უნდა აიკრძალოს, რადგან ასეთ თავყრილობებზე თითოეული ადამიანი დაცული არაა და წესებს ვერ იცავს... თუ “ომიკრონ” ინფექცია რამდენიმე საათში გავრცელდა, ესე იგი მართლაც ძალიან ძლიერი ვირულენტობა აქვს. საერთოდაც ასეა, რომ თუ გადაცემის უნარი ძლიერი აქვს, ესე იგი ამ ვირუსს ტოქსიკურობა და დაავადების მძიმე ფორმებში წარმოქმნა ახასიათებს. მით უმეტეს ის ფაქტი, რომ ერთი ადამიანიდან მეორეზე გადადება, ანუ პასაჟირება ვირუსს კიდევ უფრო გააძლიარებს და არის დიდი შანსი, რომ კვლავ ახალი მუტანტური შტამები, შესაბამისად სიკვდილიანობა გაიზრდება. ნებისმიერი ინფეციური დაავადება, რაც უფრო მოკლე ინკუბაციური პერიოდი ახასიათებს, მაგალითად, ბოტულიზმი, ვისაც ემართება პირველ ერთ საათში თითქმის ყველა დაღუპულია, რადგან დიდი რაოდენობიოთ შხამი მიიღო”, - განმარტავს რესპონდენტი.

“ასევეა ნებისმიერი დაავადება. თუ ვირუსი ორგანიზმში დაავადებას მალევე იწვევს, ესე იგი ის ძალიან ძლიერია და იმუნურ სისტემას ძალიან ადვილად ერევა, შესაბამისად ეს ნიშნავს, რომ ყოველ სწრაფად განვითარებად აფეთქებას, სამწუხაროდ მეტი მსხვერპლი ჰყავს”, - ამბობს ირაკლი ხმალაძე. სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი ხარებავა კი “რეზონანსთან” ოპტიმისტურ სცენარზე საუბრობს და საშიშროებას მხოლოდ იმაში ხედავს, რომ თუ “ომიკრონით” ბევრი ადამიანი დაინფიცირდა, შესაძლოა ამის საფუძველზე სხვა უფრო რთული ვარიანტი წარმოიქმნას”, - განაგრძობს გამოცემა.

“ჩემი აზრით, საფუძველი არ არის, რომ “ომიკრონმა” მძიმედ ჩაიაროს, თუმცა, ფაქტია, რომ ეს ვარიანტი ძალიან სწრაფად ვრცელდება. არის მსუბუქი ფორმა, თუმცა საბოლოო ჯამში საშიშროებას მხოლოდ იმაში ვხედავ, რომ თუ სწრაფად გავრცელდა. შესაძლოა ამ შტამის საფუძველზე უფრო მეტად პათოგენური ვარიანტი წარმოიქნას, რომელმაც სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს, თუმცა, ამ ეტაპზე ამისი პრაქტიკული და რეალური საფუძველი არაა. რაც შეეხება იმას, რომ სხვები ცოტა უფრო პესიმისტურ პროგნოზებს აკეთებენ, ჩემი აზრით, ეს უფრო იმითაა გამოწვეული, რომ ამ პროგნოზებით ისინი უარესი სცენარის განვითარების შემთხვევაში თავს იზღვევენ, რომ მეტ-ნაკლებად მართლები იყვნენ, მაგრამ, მე ოპტიმისტურად ვუყურებ და ვფიქრობ, რომ ეს შტამი რამე განსაკუთრებულ დიდ პრობლემებს არ მოგვიტანს, თუმცა, მომავალი გვიჩვენებს. ასეთი მონაცემები უკვე გამოჩნდა, რომ “ომიკრონის” წინააღმდეგ ვაქცინაცია შესაძლოა შედარებით ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდეს. ჩემი აზრით ეს უფრო მეტ საფუძველს გვაძლევს, რომ პირიქით - ვაქცინები გავიკეთოთ და ამ სიტუაციის ფონზე მესამე “ბუსტერ” დოზის გაკეთება გაცილებით უფრო კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება”, - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ხარებავა.

ნატოს ღია მხარდაჭერა საქართველოს - პრემიერ ღარიბაშვილისა და გენმდივან სტოლტენბერგის მთავარი გზავნილები

“ნატოს ღია მხარდაჭერა საქართველოს მისამართით და ახალი გზავნილები ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას გააჟღერა - სტოლტენბერგმა პრემიერს ნატოს სათაო ოფისში უმასპინძლა, სადაც აღინიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე და ამ პროცესის გააქტიურების და კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დრო დადგა. ღარიბაშვილი-სტოლტენბერგის შეხვედრის შემდეგ, ნატოს სათაო ოფისში ლიდერებმა პრესკონფერენცია გამართეს. ბრიფინგზე ალიანსის გენმდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო გააგრძელებს მისი პარტნიორების პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, საქართველოსგან კი ელის დემოკრატიული სტანდარტების შენარჩუნებას. საქართველოს პრემიერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველო ალიანსთან მჭიდროდ თანამშრომლობს ნატო-ში ინტეგრაციის მკაფიო ხედვის შესამუშავებლად და საქართველო გულდასმით შრომობს 2008 წლის ბუქარესტის პრაქტიკულ რეალიზაციაზე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ნატოს ღია მხარდაჭერა საქართველოს - პრემიერ ღარიბაშვილისა და გენმდივან სტოლტენბერგის მთავარი გზავნილები.

“საერთაშორისო ექსპერტების აზრით კი შეხვედრა უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, რადგან ფაქტიურად ესაა პირდაპირი დახმარება და მხარდაჭერა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და ნატო რომ მხარს გვიჭერს, ეს ალიანსის ხელმძღვანელობამ ძალიან მკაფიოდ და კარგად დააფიქსირა. ნატოს წევრობა საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს საკითხს წარმოადგენს, რომელსაც მხარს უჭერს ქართველი ერის აბსოლუტური უმრავლესობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა... ”ალიანსთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საბოლოო ჯამშიც ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მკაფიო ხედვის შესამუშავებლად. გაწევრიანებისთვის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გაგვაჩნია და აქტიურ დიალოგს ვაწარმოებთ მოკავშირეებთან, რათა პოლიტიკური გადაწყვეტილება მომზადდეს ნატოში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით”, - თქვა პრემიერმა. მისივე განცხადებით, საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე და დადგა ქვეყნის ინტეგრაციის პროცესის გააქტიურების და კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დრო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რაც შეეხება სტოლტენბერგის გზავნილებს, ალიანსის გემდივანმა განაცხადა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში გაგრძელდეს მუშაობა სასამართლო სისტემის რეფორმაზე, მედია დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულებაზე. სტოლტენბერგმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნებისმიერ შემდგომ აგრესიას ექნება მაღალი ფასი და ამასთანავე, ექნება ძალიან სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები რუსეთისთვის. მისი თქმით, უკრაინასა და საქართველოს აქვს უფლება თავად აირჩიოს მისი მოკავშირეები და რუსეთს არ აქვს უფლება უკარნახოს მათ ეს არჩევანი”, - განაგრძობს გამოცემა.

“ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთისთვის მოწოდებას, რომ შეწყვიტოს აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" რეგიონების აღიარება და გამოიყვანოს სამხედრო ძალები. დღეს ჩვენ განვიხილეთ რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის რუსეთის მიერ სამხედრო წარმომადგენლობის ზრდა უკრაინასა და მის ირგვლივ და მისი დესტაბილიზაციისკენ მიმართული აქტივობები შავი ზღვის რეგიონში. ჩვენ შევთანხმდით, რომ ნატო იქნება ძალიან ფხიზლად, რათა თავიდან აიცილოს შემდგომი ესკალაცია. რუსეთის მხრიდან მომავალ ნებისმიერ შემდგომ აგრესიას ექნება მაღალი ფასი და ამასთანავე ექნება ძალიან სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები რუსეთისთვის. საქართველოს და უკრაინას აქვს უფლება თავად აირჩიოს თავისი მოკავშირეები და რუსეთს არ აქვს უფლება, რომ უკარნახოს ეს არჩევანი. ჩვენ უარვყოფთ ნებისმიერ იდეას ევროპაზე გავლენის მცდელობისა”, - განაცხადა სტოლტენბერგმა. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია აღნიშნავს, რომ ესაა პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაში”, - დასძენს გამოცემა.

“პირისპირ შეხვედრას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან, ფაქტობრივად ესაა პირდაპირი დახმარება და მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის წინაშე არსებული გამოწვევებზე. ნატო რომ მხარს გვიჭერს, ეს ალიანსის ხელმძღვანელობამ ძალიან მკაფიოდ და კარგად დააფიქსირა. რაც შეეხება უშუალოდ სტოლტენბერგის მესიჯებს, ეს იყო ერთგვარი კრიტიკული შენიშვნები, იმ პროცესზე, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს, ეს იქნება პოლარიზაცია, მედიის საკითხი და ა.შ. ამ კუთხით ეს შენიშვნები გასაგებიცაა. ახლა ნატოს ბევრ წევრ სახელმწიფოზე წინ ვართ, რომლებიც დღეს უკვე მიღებულია, მაგრამ ახლა ჯერი გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა და იმაზე თუ ნატოს წევრ სახელმწიფოებს რა პოზიცია ექნებათ. თორემ ჩვენ ახლოს ვართ და მხოლოდ ორი ქვეყანაღა დარჩა ვისაც ნატოს წევრობა უნდა - ესაა საქართველო და უკრაინა. ფაქტია, რომ ალიანსში გაწევრიანება სხვას აღარავის არ უნდა. ასე რომ, ჩვენ გაფართოვების ბოლო ნაბიჯი ვართ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“მიუხედავად მხარდამღერი განცხადებებისა, სკეპტიკოსი სახელმწიფოების გულის მოლბობა რამდენად დაიწყო, ამის თქმა რთულია. სანამ მაპის პრობლემა იქნება და ის კრიტერიუმები, რომლითაც ჩვენ ნატოში უნდა გავწევრიანდეთ, მანამდე ეს ასეა, ესაა ტერიტორიული მთლიანობის მოგვარება, პოლიტიკური კონფლიქტების მოგვარება და ა.შ. მაპის მოცემის საკითხიც კონსენსუსით მიიღება. ვერ გეტყვით წევრი სახელმწიფოები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუმცა, ამ შემთხვევაში შესაძლოა ტერიტორიული მთლიანობის და სხვა საკითხებმა გადამწყვეტი მნიშვნელობა არ იქონიოს. მაგრამ მაპის ქონის პერიოდში ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა მოგვარდეს. თუმცა, თუ პოლიტიკურ ნებას გამოიჩენენ, ახლაც თავისუფლად შეიძლება, რომ მაპი მოგვცენ”, - მიიჩნევს მაისაია.