ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2021

ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2021

რატომ აღარ ერთვება დასავლეთი აქტიურად საქართველოში დაძაბულობის განმუხტვაში

“გადარჩენის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა” - რატომ იზრდება სიკვდილიანობა და რა გველის ახლო მომავალში

***

რატომ აღარ ერთვება დასავლეთი აქტიურად საქართველოში დაძაბულობის განმუხტვაში

"პოლიტიკური კრიზისი დღითიდღე მწვავდება, არჩევნების შემდეგ მიმდინარე მოვლენებმა ქვეყანაში პოლარიზაცია კიდევ უფრო გაზარდა, რაც ცალსახად ცხადყოფს, რომ სიტუაციის მშვიდობიანად გადაწყვეტას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა, ამის ფონზე „მიშელის ფორმატის" მსგავსი ინიციატივა დასავლეთის მხრიდან ჯერჯერობით არ ჩანს. ანალკიტიკოსთა აზრით ჩვენი პარტნიორების რეაქცია მედიაციის პროცესში შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევის ფონზე, აბსოლუტურად ბუნებრივია”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რატომ აღარ ერთვება დასავლეთი აქტიურად საქართველოში დაძაბულობის განმუხტვაში / "მატარებელი ბოლო სადგურზე გაჩერდა, არსად აღარ წავა, უნდა ჩამოვიდეთ“

"ევროკავშირს არ შეუძლია პრობლემის მოგვარება და არ შეუძლია რეფორმების გატარება, გასაღები თბილისშია, გასაღები ქართველი პოლიტიკოსების ხელშია - ასეთი განცხადება გააკეთა, ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა, რომლითაც შეაფასა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ზეგავლენა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე. ევროპარლამენტარი ამბობს, რომ ევროკავშირის ჩართულობა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოგვარების პროცესში იყო მაქსიმალურად ღრმა და განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პერსონალური ჩართულობა, რადგან მისი თქმით, როგორც წესი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ამას არ აკეთებს. „ევროკავშირის ჩართულობა იყო კრიტიკული და ძალიან ღრმა, მას არ შეუძლია წავიდეს უფრო ღრმად. შარლ მიშელის პერსონალური ჩართულობა არის აღსანიშნავი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ამას არ აკეთებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ ევროკავშირს არ შეუძლია პრობლემის მოგვარება და არ შეუძლია გაატაროს რეფორმები, გასაღები თბილისშია, გასაღები ქართველი პოლიტიკოსების ხელშია. „როდესაც არის კითხვა, რა შეუძლია გააკეთოს ევროკავშირმა, მას შეუძლია შუამავლობა, ევროკავშირს შეუძლია საუკეთესო გაკვეთილების გაზიარება, ევროკავშირს შეუძლია დახმარება, მაგრამ მას არ შეუძლია იმ პრობლემების გადაჭრა, რომელიც საქართველოშია, ამიტომ მინდა გავიმეორო, დროა, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა დააყენონ ეროვნული საკითხები მათ პირად ინტერესებზე წინ. „ეს არ არის მარტივი, პოლიტიკური გადაწყვეტილებები შეიძლება რთული იყოს, მაგრამ როდესაც ეს არის სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესებში, ეს უნდა იყოს მიღებული მხედველობაში და გახდეს პრიორიტეტი. „და ჩემი საბოლოო კომენტარი - ევროპარლამენტის წევრები არიან თავისუფლები თქვან ის, რაც მათ სურთ და რაც მათ სწორად მიაჩნიათ და ყოველთვის არ ხდება, როდესაც ევროპარლამენტის წევრები იზიარებენ ერთსა და იმავე პოზიციას. ის რაც მოხდა ზაფხულში, უნიკალურია, როდესაც ყველა პოლიტიკურმა გუნდმა გაიზიარა ერთი და იგივე პოზიცია და მოუწოდა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შეერთებოდნენ შარლ მიშელის დოკუმენტს. „ასევე აღსანიშნავია, რომ ყველა პარტია, რომელიც შეხვდა მიხეილ სააკაშვილს, მას მოუწოდა, რომ არ მოეხდინა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების პროვოცირება.დიახ, ჩვენ ვეკუთვნით სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას და ჩვენ გვაქვს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება, მაგრამ ერთი რაღაც არის რაც გვაერთიანებს, ეს არის ქართველი ხალხისა და ქართველი ერის ინტერესი,"- განაცხადა კალიურანდმა”, - განაგრძობს გამოცემა.

"ანალიტიკოსი გია აბაშიძე "რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან მსგავსი ტიპის განცხადებები ჯერ კიდევ ადგილობრივ არჩევნებამდე კეთდებოდა, რაც მისი აზრით, იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში პოლიტიკურმა მხარეებმა პრობლემა თავად უნდა გადაჭრან. ამასთან, როგორც აბაშიძე დასძენს, ევროკავშირს შიდა პრობლემებიც აქვს, რაშიც მთელი პოლიტიკური რესურსებითაა ჩართული. "განცხადებები თავის დროზე რამდენიმე თვის წინაც გაკეთდა, როცა ოპოზიცია პარლამენტში შევიდა, მერე ფსევდობოიკოტი გამოაცხადა და სიტუაცია კიდევ დაიძაბა. ეს ყველაფერი ადგილობივ არჩევნებამდე იყო, ეს გაახმოვანა, როგორც ევროკავშირის ელჩმა, ისე ცაკლეულმა ევროპარლამენტარებმა. „ეს იმაზე მიუთითებს, რომ საქართველო სუვერენული, დამოუკიდებელი და დემოკრატიული ქვეყანაა და თუ მხარეები ერთ თუ მეორე მედიაციაზე ვერ თანხმდებიან, ვეროკავშირს იმისთვის ნამდვილად არ სცხელა, რომ აქ პოლიტიკური ემისრები აგზავნონ და შეთანხმება შეადგინონ, რომელსაც მერე ოპოზიცია რამდენიმე დღეში დაარღვევს. „ახლა ევროკავშირს ძალიან ბევრი პრობლემები აქვს,. როგორც პოლონეთის, ლიეტუვის და ბელარუსის საზღვარზე, ასევე პოლონეთისა და ბრიუსელის, ასევე უნგრეთისა და ბრიუსელის დაპირისპირებაში - ევროკავშირის მთელი პოლიტიკური რესურსები შიდა პრობლემების მოგვარებაზეა მობილიზებული. „თუ საქართველოს პოლიტიკურ ძალებს და უწინარესად რადიკალურ ოპოზიციას იმის უნარი არ ჰყოფნის, რომ ხელისუფლებასთან კონსენსუსზე წამოვიდნენ, აქ უკვე ის პრინციპი მოქმედებს, რომ რაც გინდათ ის გიქნიათ, უბრალოდ ჩვენ ნუღარ მოგვმართავთ, მომწიფებული პოლიტიკური პარტიები ხართ და საგარეო ემისრების გარეშე ერთმანეთში მოილაპარაკეთო. დიდი ალბათობით ბრიუსელიდან ჩამოსვლა არ იქნება" - განაცხადა ანალიტიოკოსმა”, - დასძენს გამოცემა.

"კითხვაზე რამდენად შესაძლებელია, სიტუაცია ისე გამწვავდეს, რომ დასავლეთი იძლებული გახდეს მედიაცია ჩართოს, აბაშიძემ განაცხადა: "ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ ჩანს იქიდან გამომდინარე, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დაქირავებული აქტივისტების გარდა მრავალათასიან მიტინგებს ვერ აგროვებს, ეს შეუძლებელია, რადგან მათი ამომრჩეველი ქუჩის დესტრუქციებზე უარს ამბობს, ისინი ბედს ძირითადად საარჩევნო ყუთთან წყვეტენ. „თუ „ნაცმოძრაობა" პიკეტირების მცდელობებს გააგრძელებს, ჯანდაცვის სამინისტრო იქნება ეს თუ სუსი, მათ ქუჩაში მხარდამჭერები კიდევ უფრო მოაკლდება და ამიტომაც, როცა ასეთი რადიკალური ძალა, კიდევ უფრო რადიკალური გახდება, იქ უკვე კონსტრუქციულ და რაციონალურ მოლაპარაკებაზე დასავლეთის მხრიდან საუბარიც კი ზედმეტია, ქუჩაში იყვირებენ, იყვირებენ და იძულებულები იქნებიან, რომ დაიშალონ და უკვე თვითონ პარტიულად რღვევები განიცადონ" - განაცხადა აბაშიძემ. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ დასავლეთის რეაქცია ბუნებრივია, რადგან რაც საქართველოსთვის მედიაციის კუთხით გააკეთა, შედეგად „გადაგდების გარდა არაფერი მიუღია". „დასავლეთმა რაც გააკეთა შედეგი რა მიიღო - დაცინვისა და გადაგდების გარდა არაფერი არ მოუღია, ამიტომ მათი რეაქცია აბსოლუტურად ბუნებრივია, რამდენ ხანს უნდა გველოლიავებოდნენ და ჩვენ საქმეს თვითონ აკეთებდნენ, აქედან გამომდინარე, მათი რეაქცია ჩემთვის გასაგები და მისაღებია. „ჩვენ როგორც ვცხოვრობთ, დედამიწის ზურგზე ასეა სახელმწიფოების 80%, ანუ მთელი აფრიკა, აზია ასეა. ისინი მიხვდნენ. რომ ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო არ ვართ, ანუ ჩვენ ამ ეტაპზე მაინც ვერაფრით ვერ გადავლახავთ საზღვარს, ამიტომ ენერგია ჩვენთან რაღატომ უნდა ხარჯონ? „ფულზე უარი ვთქვით, სასამართლო რეფორმებს ვერ ჩავატარებთო, უამრავი რაღაცეები იყო ისეთი, რაზედაც ისინი მიხვდნენ, რომ ჩვენ ჩვენ თავს ევროპაში ვერ ვხედავთ, ახლა რომ ამის შემდეგ ევროკავშირის განაცხადზე ვისაუბროთ, მათ ჩვენთან დალაპარაკება აღარც კი უნდათ, იმდენად გულაცრუებულები არიან და მე მესმის მათი. „ჩვენებს დემოკრატია არ სჭირდებათ, მათ მხოლოდ ძალაუფლებაში ყოფნა უნდათ. ვიდრე დასავლეთი აწყობდათ, იყენებდნენ, ახლა რესურსები ამოწურეს და ურჩევნიათ, რომ ასე იყვნენ, ორი არჩევნები გაინაღდეს, მათი აზრით სამი წელი არაფერი პრობლემა არ იქნება, ამიტომ ეს პერიოდი პოზიციებს კარგად გაიმყარებენ. „ასე ფიქრობენ, რომ გვირაბებით და გზებით მოსახლების დიდ ნაწილს მოთაფლავენ და 2024 წელსაც გაიმარჯვებენ. ერთადერთი ჩვენი მხარდამჭერი არის ქართველი ხალხი, რამდენად შეძლებენ, რომ ეს გადახარშონ და მიიღონ გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსთვის სასარგებლო იქნება და არა ამა თუ იმ პარტიისთვის."- განაცხადა მან. საკითხზე არსებული დაძაბულობისა და მედიაციის არარსებობის ფონზე, სიტუაცია სადამდე შეილება მივიდეს, ზაქარეიშვილი ამბობს, რომ „უკვე მისულები ვართ". „სადაც ვართ იქამდე, უკვე მისულები ვართ, მატარებელი ბოლო სადგურზე გაჩერდა და ჩვენ გვგონია, რომ კიდევ წავა, არსად აღარ წავა უნდა ჩამოვიდეთ - სადგურში მივედით. არ მესმის რისი იმედი გვაქვს, ჩვენ იქ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ, ეს ყველაფერი 2016 წელს დაიწყო, როგორც ამ დრომდე მოვედით, ასე 2024 წლამდე გაგრძელდება. „თუ არჩევნებმა არ შეცვალა ვითარება და „ოცნებას" უარი არ უთხრა, ეს კიდევ უსასრულოდ გაგრძელდება, ვიდრე ქართული საზოგადოება პასუხისმგებელი არ გახდება იმაზე, რაც მას ეკისრება, რომ ღირსეული ხელისუფლება აირჩიოს, რათა ხელისუფლებამ ქვეყანას უპატრონოს, ეს დღეს არაა. „დასავლეთის მხრიდან ამაზე მეტი არაფერი არ იქნება, მე არ მესმის უბრალოდ საზოგადოებას რისი იმედი აქვს - ასე ცხოვრობს ბევრი სახელმწიფო, რუსეთის მეტი არავინ გვემტერება, მან წაიღო რისი წაღებაც უნდოდა და როგორც ვართ ასე ვიქნებით," - განაცხადა ზაქარეიშვილმა”, - წერს სტატიის ავტორი.

“გადარჩენის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა” - რატომ იზრდება სიკვდილიანობა და რა გველის ახლო მომავალში

კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა კრიტიკულ ნიშნულზე ავიდა - დღეში ქვეყანა თითქმის 80-მდე ადამიანს კარგავს, პირველიდან 10 ნოემბრის მონაცემებით ლეტალობის საერთო რიცხვი 617-ია, ჯანდაცვის ექსპერტების შეფასებით, ვირუსი ადამიანებში რაც უფრო მეტად ცირკულირებს, მით მეტად ძლიერდება და ლეტალობის კრიტიკული მაჩვენებელიც ამის შედეგია, სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი კი ვაქცინაციაა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, “გადარჩენის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა” - რატომ იზრდება სიკვდილიანობა და რა გველის ახლო მომავალში

"10 ნოემბერს სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 78 პაციენტი, მაღალია ასევე ინფიცირებაც და ამავე დღის მონაცემით 5751 ახალი შემთხვევა გვაქვს, იმის გამო, რომ ყოველდღიური დაინფიცირება 6 ათასის ფარგლებშია სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ლეტალობის მაჩვენებელი კიდევ გაიზარდოს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 662 პირი ემსხვერპლა. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ვირუსი ხალხში რაც უფრო მეტად ცირკულირებს, მით მეტად ძლიერდება, აქედან გამომდინარე, ლეტალობის კრიტიკული მაჩვენებელიც ამის შედეგია, მისი თქმით, ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციაა. „არაა გამორიცხული ლეტალობამ მოიმატოს, რაც უფრო მეტი გადამდებლობა იქნება, ანუ გავრცელების მასშტაბი მეტია, ვირუსი მით უფრო მეტად ძლიერდება, შესაბამისად მატულობს მისი როგორც გადამდებლობის უნარი, ისე ვირულენტურობა, ანუ დაავადების სიმძიმე, სწორედ ამითია გამოწვეული ეს ვითარება”, - აღნიშნავს გამოცემა.

"პასაჟირება - ვირუსი, როცა ერთიდან მეორე ადამიანს გადაეცემა, ძლიერდება, როგორც სპეციალური მომზადების სამხედროები მთელი ცხოვრება ვარჯიშობენ და ძლიერდებიან, ასეა ვირუსიც - ეს „ვარჯიში" მის ამტანობას აძლიერებს და ადვილად უმკლავდება იმ ძალებს, რომელიც მას ახალ ორგანიზმში ხვდება. „მერე ნუ გვავიწყდება, რომ შტამი შეიცვალა, ეს არც ბრიტანულია, არც ვუხანის, ესაა დელტა შტამი, რომელმაც ინდოეთი მოიარა და ჩვენამდე მოვიდა, წარმოიდგინეთ რა „ნავარჯიშები" და გაძლიერებულია. შესაბამისად, სიკვდილიანობამაც იმიტომ მოიმატა, შესაძლოა ლეტალობა შემცირდეს კიდეც, მაგრამ თუ ინფიცირების რაოდენობა ისევ მაღალ ნიშნულზე იქნება, სიკვდილიანობა ჩემი აზრით გაიზრდება, 75 და 78 არაფერი იქნება, თუ აცრები ინტენსიურად არ გაგრძელდა. „ამ ხალხის აზრამდე როგორღაც უნდა დავიყვანოთ ის, რომ გადარჩენის ერთადერთი გზა არც პირბადეა და არც ხელების ბანვა, პირველ რიგში ესაა ვაქცინაცია, აქ უკვე იმაზე ლაპარაკი აღარაა ადამიანს კოვიდი დაემართება თუ არა - აქ საუბარია იმაზე დაინფიცირებული ადამიანი სტაციონარში მოხვდება თუ არა. რამდენად მოუწევს ჰოსპიტალიზაცია და ყველაზე მნიშვნელოვანი რამდენად გადარჩება" - განაცხადა ხმალაძემ. მისივე თქმით, გამორიცხული არაა, რომ ლეტალობის ზრდა დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის ბრალიც იყოს. „არაა გამორიცხული ისიც, რომ ლეტალობის ზრდა დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის გამოც იყოს. ჩემს პირად მაგალითზე გეტყვით, სამწუხაროდ დაინფიცირებამდე აცრა ვერ მოვასწარი და ძალიან მძიმე ფორმა მქონდა, ერთი დღეც რომ დამეგვიანებინა, ლეტალური შედეგი თუ არა, შეიძლებოდა ძალიან მძიმე შედეგი დამდგარიყო, ერთ ღამეში ათბალიანი პნევმონია განმივითარდა, მეორე დღეს უკვე 24-იანი იყო”, - განაგრძობს გამოცემა.

"ამ ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ეს უბრალო გრიპი არაა და პირდაპირ ფილტვებს ურტყამს - მერე უკვე დაავადება ძალიან მძიმედ მიმდინარეობს, მთავარია რომ არ დაგვემართოს და თუ დაგვემართა, დროულად მიმართონ ექიმს. "კლინიკაში დაწვენა არაა აუცილებელი, ოჯახის ექიმს დაურეკონ, შესაძლოა ოჯახის წევრებმა ადვილად მოიხადონ, მაგრამ შესაძლოა რომელიმეს მძიმედ განუვითარდეს, ამიტომაც სხვას ნუ უყურებენ, ყველა პაციენტი ინდივიდუალურია და ამიტომ უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ოჯახის ექიმს თუ სამედიცინო დაწესებულებას,"- განაცხადა ხმალაძემ. ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი კი გაუმჯობესდა, ოთხშაბათის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 6 976-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 018 336 აცრა ჩატარდა. ვაქციაციის ტემპის გაზრდის მიზნით პირველი დეკემბრიდან ძალაში მწვანე პასპორტები შევა, იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ამის მიზანია, რომ გაიზარდოს ვაქცინაციის მაჩვენებელი და ყოველდღიური ცხოვრება უსაფრთხო გავხადოთ”, - დასძენს გამოცემა.

"მწვანე პასპორტები დანერგილია ევროკავშირის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენთან მივიღეთ მაშინ, როდესაც ვაქცინაციის პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს. ამ გადაწყვეტილების უკან დგას სწორედ იმის სურვილი, რომ გავზარდოთ ვაქცინაციის მაჩვენებელი და გავხადოთ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება უსაფრთხო. „სოციალური, გასართობი, სარესტორნო სივრცე, არის ის სფერო, სადაც პირველი დეკემბრიდან დაშვებული იქნებიან მწვანე პასპორტის მქონე პირები. ეს ჩამონათვალი არ არის საბოლოო, ამის გაფართოება იგეგმება და განიხილება. ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი იქნება დიდი სავაჭრო მოლები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სავაჭრო ცენტრების ადმინისტრაციამ უნდა შეძლოს უზრუნველყოს ის მარტივი მექანიზმი, რაც ძალიან კარგად მოქმედებს - ნიღბების ტარება, რაც შეამცირებს ინფიცირების რისკს. „რჩება მეორე მხარე, მომსახურე პერსონალი. ჯერჯერობით ამ თვალსაზრისით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. უფრო მეტად არის აქცენტი იმაზე, რომ კერძო სტრუქტურების ხელმძღვანელობამ უნდა უზრუნველყოს თანამშრომლების ვაქცინაცია და ეს სტრუქტურები უნდა იყოს აუცილებლად უსაფრთხო ზონები. ეს ჯერჯერობით არის კერძო ბიზნესების პასუხისმგებლობა და არა სახელმწიფოსი, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ესეც შეიცვალოს", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ „იმედთან". ასევე აღსანიშნავია, რომ იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით 12-დან 15 წლამდე ბავშვების „ფაიზერით" აცრა მათი ჯანმრთელობის სტატუსის მიუხედავად იქნება შესაძლებელი”, - წერს სტატიის ავტორი.