ქართული პრესის მიმოხილვა 08.11.2021

გია ხუხაშვილი - “ძალადობრივი სცენარი ჩვენს სახელმწიფოს საბოლოოდ დაასამარებს”
კოვიდპასპორტებს ორშაბათიდან ოფიციალურად შემოიღებენ - რისთვის კეთდება ეს და სად დაგვჭირდება ამ საბუთის წარდგენა
ნანა დოლიძე - “სააკაშვილი კი არ უნდა გააათავისუფლონ, სწორად უნდა გაასამართლონ”
შიმშილობა, სასამართლო და სახელმწიფო გადატრიალება - რა გეგმა აქვს სააკაშვილს და რისთვის ემზადება ხელისუფლება
მამუკა ხაზარაძე - „ძალიან დიდ დროს გავატარებ წალენჯიხაში, სანამ დასახულ მიზანს არ მივაღწევ“
* * *
გია ხუხაშვილი - “ძალადობრივი სცენარი ჩვენს სახელმწიფოს საბოლოოდ დაასამარებს”
“სამწუხაროდ, სუს-ის განცხადება იყო ერთგვარი პოლიტიკური გაფრთხილება, მცდელობა იმისა, რომ აქცია ჩაშლილიყო. აშკარაა, რომ სუს-ი პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებულად მოქმედებს, ანუ პოლიტიკურ ხაზს მიჰყვება. დღეს ხელისუფლების ამოცანაა სააკაშვილის არა ფიზიკური, არამედ მორალური განადგურება, მისი დისკრედიტაცია. სუს-ის ეს განცხადებაც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ეს განცხადება ორი ნაწილისგან შედგებოდა: ერთის მიხედვით, სააკაშვილს ვითომდა ვიღაც ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაცია ჰქონდა დაგეგმილი. წარმოუდგენელი რამაა - სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდნენ, ასეთ მძიმე განცხადებებს აკეთებენ და ამას არ მოჰყვება არანაირი სამართლებრივი შედეგი. თუ ამას აქვს რეალური საფუძველი, ასეთი განცხადების გაკეთებისას, წესით, რამდენიმე პირი უკვე უნდა ჰყოლოდათ დაკავებული ამ ბრალდებით”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ძალადობრივი სცენარი ჩვენს სახელმწიფოს საბოლოოდ დაასამარებს” / “იმ ვითარებაში, როდესაც საზოგადოება გახლეჩილია, მშვიდობიანი რევოლუცია ვერ შედგება, მხოლოდ ძალადობრივად შეიძლება განვითარდეს პროცესები”.
“სუს-მა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობის გაჩანაგებისკენ. ეს იყო გაგრძელება ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებისა და ამჯერად მისი ერთი ნაწილი მიმართული იყო იმისკენ, რომ აქციაზე წასვლის შეშინებოდათ მსურველებს. დაშინება-დისკრედიტაციის თამაშებშია ჩართული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც უნდა ზრუნავდეს ქვეყნის სისტემურ ინტერესებზე, იმის მიუხედავად, თუ ვინ არის ხელისუფლებაში... ჩანაწერის გამოქვეყნებაც ერთ ხაზს - სააკაშვილის მორალურ განადგურებას ემსახურება და ყოვლად არასწორია. ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ემსახურება ერთ მიზანს, სააკაშვილის დისკრედიტაციას. მე თუ მკითხავთ, სააკაშვილს დისკრედიტაცია მეტად აღარც სჭირდება, იმდენი რამ აქვს ამ ქვეყანაში დაშავებული, მაგრამ ხელისუფლებამ მთავარ მიზნად ეს დაისახა და წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებენ. ამას სადიზმის მეტს ვერაფერს დავარქმევ. სიმართლე გითხრათ, ძალიან მეეჭვება ეს ყველაფერი ხელისუფლების სასარგებლოდ ეფექტიანად მუშაობდეს - თუ ადამიანი ლოგიკურად აზროვნებს, მისთვის ეს ჩანაწერი მხოლოდ იმის დამადასტურებელია, რომ სააკაშვილი ნამდვილად შიმშილობს. ეს მუშაობს ისევ იმათზე, ვინც მზად არის ხელისუფლების ნებისმიერი პროპაგანდისტული ნაბიჯი დაიჯეროს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“ჩემი აზრით, სააკაშვილი ნამდვილად შიმშილობს, ეპიზოდურად შესაძლოა ფაფა მართლაც შეეჭამა, წვენიც დაელია და მედიკამენტებიც მიეღო, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ის, ძირითადად, შიმშილობდა და მისი შიმშილობა, როგორც პოლიტიკური აქტი, შედგა. ახლა, რაც უნდა ილაპარაკოს ხელისუფლებამ, რომც დავუშვათ, შეიძლება რაღაცას ეშმაკობდეს, გარანტირებულებად იმის თქმა, რომ მის სიცოცხლეს არაფერი ემუქრება, შეუძლებელია. რომც არ იყოს ისეთ ვითარებაში სააკაშვილი, რომ კერძო კლინიკაში გადაყვანა სჭირდებოდეს, მხოლოდ პოლიტიკური ვითარების განმუხტვისთვის აქამდე მაინც უნდა გადაეყვანათ. არ გადაჰყავთ იმიტომ, რომ ეშინიათ გარკვეული პოლიტიკური პროცესების განვითარების. ჩვენ ჩამოვყალიბდით შერჩევითი მორალის საზოგადოებად, სადაც ჩვენიანზე ძალადობა დანაშაულია, სხვაზე კი კანონის აღსრულება. სააკაშვილისა და შევარდნაძის მმართველობის დროსაც ასე ხდებოდა. მოკლედ, ასე იყო, ასე არის და ასე იქნება, თუ სისტემური გარყვნილება ერთხელ და სამუდამოდ არ ამოიძირკვა. ჩვენ ხომ მხოლოდ პოლიტიკური ელიტის პრობლემა არა გვაქვს, ეს ყველაფერი, უპირველესად, საზოგადოების მანკიერებაა, როდესაც მორალი მოქმედებს მხოლოდ ჩვენს მიკროსამყაროზე...” - განაგრძობს რესპონდენტი.
“სამწუხაროდ, ქვეყანაში კვლავ მივიღეთ მოცემულობა, როდესაც ისევ ყველაფერი გაკეთდა შუის გასაკრეფად, პოლიტიკურ ველს კვლავაც ავსებს ორი პოლიტიკური ცენტრის კუნთების თამაში. ტატამზეა ორი ძალა და ვხედავთ მათ შორის უკიდურესად აგრესიულ დაპირისპირებას, რომელიც არა და არ სრულდება და არავინ იცის, ეს სად მიგვიყვანს. დიალოგისა და კონსენსუსისთვის ადგილს მათი დამოკიდებულება არ ტოვებს. შესაბამისად, ისევ ტრადიციად ქცეულ მანკიერ წრეზე ვტრიალებთ. რაც მთავარია, ამ დაპირისპირების გრადუსი ყოველ შემდეგ ციკლში უფრო იზრდება და რისკებიც, შესაბამისად, მეტად საფრთხის შემცველი ხდება. მგელი მოდის! - საზოგადოების ამგვარად დაშინების პრინციპი შეიცვალა და სააკაშვილი უკვე ფიზიკურად დაბრუნდა ქართულ პოლიტიკურ ბაზარზე და ახლა ყველაფერი ვითარდება მის გარშემო. შეიძლება ითქვას, რომ დღეს, ფაქტობრივად, 2 პატიმარი განსაზღვრავს დღის წესრიგს: ერთი - გისოსებს მიღმიდან, მეორე - შუშის სასახლიდან. ამ დროს ჩვენი მოსახლეობის პრობლემები უყურადღებოდ არის დარჩენილი. ამაზე არავინ ლაპარაკობს, არავის აინტერესებს”, - მიიჩნევს ექსპერტი.
“ყოველდღიურად 50-ზე მეტი კაცი გვეღუპება “კოვიდისგან”, რომელთაც შეეძლოთ ეცოცხლათ, მაგრამ ეს პრობლემა თითქოს არც არსებობს, თითქოს არც ის არის ჩვენი პრობლემა, თუ როგორ იზრდება ტარიფები და ძვირდება სამომხმარებლო კალათა... აღარავინ ლაპარაკობს იმაზე, რომ ამ არჩევნებში ქურდული სამყარო იყო აქტიურად ჩართული და, ბუნებრივია, ამაში ქართველ საზოგადოებას თავისი ფასის გადახდა მოუწევს კრიმინალთა ყელყელაობის შედეგად მოტანილი ზიანით... ამ ყველაფერზე ლაპარაკის ნაცვლად, ჩვენი დღე იწყება ერთი პატიმრის განცხადებით და სრულდება მისი ადვოკატებისა თუ ექიმის კომენტარებით. ეს არის ვითარება, რომელიც დიდწილად ხელისუფლებასაც აწყობს, რადგან მიიჩნევს, რომ სააკაშვილის შესახებ კითხვებზე მას აქვს პასუხები და ეს პოლემიკა მისთვის მომგებიანია. მათთვის გაცილებით არაკომფორტული იქნებოდა იმ პრობლემებზე კითხვების დასმა, რომლებიც რეალურად აწუხებს საზოგადოების უდიდეს ნაწილს. მაგალითად, პანდემიის შესახებ, რომლის საწინააღმდეგოდ, ფაქტობრივად, არაფერი კეთდება, მხოლოდ კომენტარებს აკეთებენ, ხელისუფლება კომენტატორად იქცა და ჩვენც შევეჩვიეთ ამ ფაქტობრივ გენოციდს”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი.
“მოკლედ, ძალიან ბევრ საკითხზე ხელისუფლებას პასუხები არა აქვს და შესაბამისად, სააკაშვილის დანაშაულებზე ლაპარაკი ურჩევნია, ცდილობს საზოგადოების ნაწილის მთელი აგრესია სააკაშვილისკენ მიმართოს... ჩვენ არ დაგვიქირავებია ეს ხელისუფლება იმისთვის, რომ პოლიტიკურ ბრძოლებში გამარჯვებები გამოაცხადოს და ამით დაკმაყოფილდეს. ჩვენ ის დავიქირავეთ იმისთვის, რომ სახელმწიფოებრივ პრობლემებზე ზრუნავდეს და მათ გადაწყვეტაზე ფიქრობდეს. ერთადერთი, რითაც არის დაკავებული, არის პოლიტიკური ბრძოლები. რაც შეეხება სააკაშვილს, თავი რომ დავანებოთ მისი ჯანმრთელობის საკითხს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მას მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა და ქვეყანაში დღის წესრიგის განსაზღვრა, თან, გარკვეულწილად, კრიტიკის მიღმაა, რადგან ძნელია მოშიმშილე პატიმრის აქტიური გაკრიტიკება მორალური სტანდარტიდან გამომდინარე. ის შეიძლება ფიზიკურად ცუდად არის, მაგრამ როგორც პოლიტიკური ეგოცენტრიკი, ამ ვითარებაში მშვენივრად გრძნობს თავს”, - განმარტავს რესპონდენტი.
“დღეს პოლიტიკური სპექტრი სახელმწიფოებრივი დღის წესრიგით კი არ ცხოვრობს, არამედ წმინდად პოლიტიკური ინტერესებით, რის უკანაც სახელმწიფო საერთოდ არ ჩანს. ორმხრივ შულერულ თამაშს ვადევნებთ თვალს, რომელშიც ყველა საკუთარ გამორჩენაზე ფიქრობს. ვინ მოიგებს, აზრი დიდად არა აქვს. ასე თუ გაგრძელდა, სახელმწიფო ნებისმიერ შემთხვევაში წაგებული დარჩება. მარტივი გამოსავალი ამ ვითარებიდან არ ჩანს. ერთი მხარე სააკაშვილის ჯანმრთელობის გართულებით რევოლუციური პროცესის ინიცირებას ცდილობს, მეორე მხარე კი ელოდება, რომ მისი ოპონენტები დაუშვებენ შეცდომებს, რის მერეც გაუსწორდება მათ... რეალურად რევოლუციური პროცესების განვითარების წინაპირობები საქართველოში რა თქმა უნდა, არ არის. რევოლუციას რამდენიმე კომპონენტი განსაზღვრავს. რევოლუციის წინ აუცილებელია ხელისუფლება იმდენად იყოს დასუსტებული და სტერილური, რომ სისტემის მართვა ვერ შეძლოს. ასევე საჭიროა ხალხის უკიდურესი მობილიზება, რაც დღეს ნამდვილად არ ჩანს. მოსახლეობის რაღაც ნაწილი შეიძლება უჭერს მხარს რევოლუციურ განვითარებას, მაგრამ საზოგადოების დიდ ნაწილს, აღარ უნდა ამგვარ პროცესში მონაწილეობა. შეიძლება ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ, მაგრამ მათ არ სურთ არეულობა და რევოლუციური განვითარება, მით უფრო ეს ხალხი არაფრით გაჰყვება მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ანგელოზი ნამდვილად არ არის და სულ ცოტა პოლიტიკური დამნაშავეა”, - თვლის ექსპერტი.
“სამართლებრივ საქმეებზე შეიძლება იკამათოს კიდევ ვინმემ, მაგრამ სააკაშვილს პოლიტიკური ვერდიქტი ხალხმა 2012 წელს გამოუტანა, მისი რეაბილიტაციის დრო კი ჯერ არ დამდგარა. რეაბილიტაცია რომ მოხდეს, ამას მონანიება სჭირდება. სააკაშვილისგან მონანიება და დანაშაულის აღიარება არავის მოუსმენია. ბოლო პროცესებიც ადასტურებს იმასაც, რომ ოპოზიციას მწყობრი გეგმა და სტრატეგია არა აქვს. ასე მგონია, ამის თაობაზე შიგნითაც არა აქვთ ერთი აზრი. ტაქტიკური მონახაზით მოქმედებენ, ისევე, როგორც ხელისუფლება. არც ერთს არა აქვს პოლიტიკური თუ სახელმწიფოებრივი განვითარების სტრატეგია. შესაბამისად, როცა ტაქტიკური ნაბიჯებით მიდიხარ, გადაწყვეტილებების მალ-მალე შეცვლის რისკი საკმაოდ მაღალია. ოპოზიცია სააკაშვილის მძევალია იმიტომ, რომ ბევრ მათგანს ესმის, რომ ქვეყანაში პროცესების რევოლუციური განვითარების პერსპექტივა არ არსებობს, მაგრამ გარკვეულწილად იძულებული არიან დაჰყვნენ სააკაშვილის სურვილს. როდესაც ადამიანის სიცოცხლე სასწორზეა, ძნელია გააკრიტიკო და არ გაიზიარო, რასაც ის გთავაზობს. პატიმარი, მით უფრო მოშიმშილე, კრიტიკის მიღმაა. მეც კი მიჭირს მისი ისე შეფასება, რასაც შეიძლება იმსახურებს. ვფიქრობ, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებშიც კი ბევრი ამას არ ეთანხმება, მაგრამ რა უნდა ქნან, მოქმედების რა დიაპაზონი აქვთ? - არავითარი”, - ამბობს გია ხუხაშვილი.
“ისმის ლაპარაკი მშვიდობიან რევოლუციაზე. მაგრამ იმ ვითარებაში, როდესაც საზოგადოება გახლეჩილია, მშვიდობიანი რევოლუცია ვერ შედგება. მხოლოდ ძალადობრივად შეიძლება განვითარდეს პროცესები, რაც ჩვენს სახელმწიფოს საბოლოოდ დაასამარებს. თუმცა, ჩემი აზრით, არც მშვიდობიანი რევოლუციისთვის არსებობს საფუძველი და არც ძალადობრივი რევოლუციისთვის საჭირო რესურსები აქვს ოპოზიციას”, - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “6 ნოემბერს რუსთავში გამართულ აქციაზე ხელისუფლებას წაუყენეს ულტიმატუმი, თუ 24 საათში არ გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს კერძო კლინიკაში, 8 ნოემბერს მასშტაბური აქცია გაიმართება თბილისში და არა მარტო თბილისში... რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ შექმნილ ვითარებაში?” - პასუხობს:
“თუ სახელმწიფოებრივად შეხედავენ ამ ყველაფერს, მაშინ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ კერძო კლინიკაში. სამწუხაროდ, ხელისუფლებას ისე აქვს ამოცანა დასახული, რომ ის დათმობას არ აპირებს. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა პროგნოზი შეიძლება გაკეთდეს, ლამის მთელი საავადმყოფო ციხეში გადაიტანონ, ოღონდ კი ის იქიდან არ გამოიყვანონ. თუმცა უმთავრესი მაინც მართლმსაჯულების საკითხია. პატიმარი სააკაშვილი ამბობს, რომ უდანაშაულოა და ამიტომაც შიმშილობს. თუ დარწმუნებული არიან, რომ დამნაშავეა და აქვთ მტკიცებულებები, მაშინ გახსნან მართლმსაჯულება, გაასაჯაროონ და ვნახოთ...”
“მიხეილ სააკაშვილის საქმეებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია გირგვლიანის საქმე და მისი მკვლელების შეწყალების ეპიზოდი. მოდი ვნახოთ, რა ხდება ამ საქმეში: გირგვლიანის მკვლელები რომ შეეწყალებინა სააკაშვილს, ამისთვის საჭირო იყო მათთვის სასჯელის შემცირება, ანუ ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლა, სხვა შემთხვევაში ისინი ვერ მოხვდებოდნენ შესაწყალებელთა შორის. ასეც მოიქცნენ - მათ შეუმცირეს სასჯელი და ეს ვინ გააკეთა, იცით? - ბატონმა მურუსიძემ, რომელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ სამუდამოდ გაამწესა სასამართლოში. თუ ეს იყო დანაშაული, ამ დანაშაულის მონაწილე იყო მურუსიძეც, ანუ სააკაშვილი და მურუსიძე იყვნენ თანამზრახველები. ახლა გამოდის, რომ ერთი დამნაშავე მეორე დამნაშავეს, თავისივე თანამზრახველს ასამართლებს იმ დანაშაულზე, რაც ერთობლივად ჩაიდინეს. ამის მერე შეიძლება ნდობაზე ვილაპარაკოთ? გარდა ამისა, ქმნის თუ არა ეს იმის საფუძველს, რომ ვილაპარაკოთ პოლიტიკურ დევნაზე? პოლიტპატიმრის სტატუსი ადამიანს იმიტომ კი არ ენიჭება, რომ ის უდანაშაულოა, შეიძლება დამნაშავეც იყოს, მაგრამ პოლიტიკურ პატიმრად მას აქცევს ის, თუ ხელისუფლებას მის მიმართ პოლიტიკური ინტერესი აქვს. შესაბამისად, დღეს რასაც აკეთებს ხელისუფლება, ეს სააკაშვილის მიმართ მართლმსაჯულების განხორციელება კი არ არის, არამედ სააკაშვილის შავ საქმეებს ათეთრებს. ღარიბაშვილის ბრიყვული განცხადებები გავიხსენოთ. მისმა ლაპარაკმა გამოაჩინა ყველაზე მეტად პოლიტიკური სარჩული, დაწყებული იმით, გაჩერდეს, თორემ მუხლებს დავუმატებთო და ა.შ., ან კიდევ გამოვიდა და განაცხადა, იგეგმებოდა ორი პოლიტიკური ლიდერის მკვლელობაო. დიდი ბოდიში და, პრემიერ-მინისტრი რატომ არ დაჰკითხა დღემდე ამ საკითხზე პროკურატურამ?” - კითხულობს ექსპერტი.
“როგორც უკვე ვთქვი, ხელისუფლების ამოცანაა არა ის, რომ სააკაშვილი ციხეში ჰყავდეს, არამედ მისი მორალურად განადგურება სურს. თორემ ციხეში სააკაშვილი არაფერში სჭირდება. სააკაშვილის ამოცანა კი არის ის, რომ თავისი სიცოცხლის სასწორზე დადებით ინიცირება მისცეს რაღაც მღვრიე პროცესს, რომელიც ღმერთმა უწყის, რით დასრულდება. არც ერთი მხარე არ ფიქრობს სახელმწიფო ინტერესებზე. ორივე ფიქრობს მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გატარებაზე, ანუ ერთგვარ ყომარბაზებთან გვაქვს საქმე, რომლებიც საკუთარი ვაიინტერესებიდან გამომდინარე, მიდიან ვა-ბანკზე... საფრთხე დიდია, მაგრამ ისიც საკითხავია, სად არის ეს კონსტიტუციური წესრიგი და ხელისუფლებამაც ხომ არ დააყენა უკვე საკუთარი თავი კონსტიტუციის მიღმა? ცივილიზებულ სამყაროში იმიტომ მოდიან ხელისუფლებაში, რომ გამოვიდნენ კანონის დაცვის გარანტად, ჩვენთან კი მოდიან კანონის დარღვევის უფლების მოსაპოვებლად. ასე იქცევა, სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლებაც. ვნახოთ, იმედი ვიქონიოთ, რომ მშვიდობიანად განვითარდება მოვლენები და ფატალურ შედეგს არ მივიღებთ”, - დასძენს გია ხუხაშვილი.
კოვიდპასპორტებს ორშაბათიდან ოფიციალურად შემოიღებენ - რისთვის კეთდება ეს და სად დაგვჭირდება ამ საბუთის წარდგენა
“ორშაბათს კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს საგანგებო სხდომა დანიშნული, რომლის შემდეგაც, სავარაუდოდ, ოფიციალურად გამოცხადდება მწვანე კოვიდპასპორტების შემოღება. რა უპირატესობას აძლევს ეს საბუთი მის მფლობელს, ამაზე ღიად არავინ საუბრობს, თუმცა გარკვეული მინიშნებები უკვე გაკეთდა. კოვიდპასპორტების შემოღების მთავარი მიზანი ვაქცინაციის ტემპის გაზრდაა. ცნობილია, რომ ამ “მწვანე საშვების” შემოღებით, აცრილი მოქალაქეები გარკვეულ უპირატესობებს მიიღებენ, აუცრელებს კი გარკვეული დისკომფორტი შეექმნებათ, რამაც, სხვადასხვა წამახალისებელ ღონისძებებთან ერთად, მათ აცრის გაკეთებისკენ უნდა უბიძგოს. კოვიდპასპორტების კონცეფცია საკოორდინაციო საბჭომ ხუთშაბათს განიხილა და მაშინ გადაწყდა, რომ მის დამტკიცება და “მწვანე საშვების” ოფიციალურად შემოღება საბჭოს საგანგები სხდომაზე მოხდებოდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხემლძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის ცნობით, ეს სხდომა 8 ნოემბერსაა დანიშნული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით კოვიდპასპორტებს ორშაბათიდან ოფიციალურად შემოიღებენ - რისთვის კეთდება ეს და სად დაგვჭირდება ამ საბუთის წარდგენა.
“ალბათ ორშაბათს სააკორდინაციო საბჭოს შემდეგ გამოცხადდება გარკვეული ზომები, რომლითაც იმ გზას გავივლით, რაც გაიარა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანამ. ეს იქნება მწვანე პასპორტების გარკვეული ამოქმედება, ე.წ. კოვიდ პასპორტების სისტემა. მოგეხსენებათ, იქ არ არის მხოლოდ აცრა, იქ არის არჩევანის საშუალება, შედის როგორც კოვიდის გადატანა, ასევე ორჯერადი აცრა და პისიარი ან სწრაფი ტესტირება, უბრალოდ ვადა ექნება განსხვავებული - სამ დღიანი “პისიარ” ტესტირება და ერთდღიანი სწრაფი ტესტირება. ეს არის აპრობირებული მეთოდი, რომელიც გამოიყენა ევროპის ყველა ქვეყანამ”, - განაცხადა იმნაძემ “ღამის კურიერში”. “რეზონანსი” შეეცადა მისგან ამ თემაზე დამატებითი ინფორმაცია მიეღო, თუმცა იმნამძემ დეტალების წინასწარ გამჟღავნებისგან თავი შეიკავა. “ხვალ გამოცხადდება, რაზე შეთანხმდება საბჭო”, - თქვა იმნაძემ. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო კახაძე “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ “მწვანე საშვის” გამოყენება 4 კომპონენტის საშუალებით იქნება შესაძლებელი, რაზეც ორშაბათს საკოორდინაციო საბჭოს შემდეგაც ისაუბრებენ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გამწვავების ფონზე, ჯანდაცვის სფერო გვთავაზობს კოვიდპასპორტების - ე.წ. მწვანე საშვის იდეას, რომელიც საზღვარგარეთ უკვე საკმაოდ ეფექტურად გამოიყენება. ეს გულისხმობს, რომ ის დაწესებულებები, რომლებიც ადამიანებს თავის სივრცეში მასპინძლობენ, ეს იქნება სავაჭრო ცენტრები, სკოლები, კაფე-ბარები, სამედიცინო თუ კულტურული დაწესებულები, უნდა იყოს “მწვანე”. ანუ, მათ უსაფრთხო გარემოში უნდა შეძლონ მოქალაქეების მასპინძლობა, რაც ნიშნავს, რომ იქ მომსახურე ადამიანების ვაქცინირება არის აუცილებელი. ამასთან, რამდენადაც მე ვიცი, ამ საშვის გამოყენებისთვის 4 კომპონენტი არსებობს. ესენია: ორჯერადი აცრა; დაავადების გადატანიდან არ უნდა იყოს გასული 6 თვეზე მეტი; პისიარ ტესტი 72 საათის განმავლობაში; ან სწრაფი ტესტი უშუალოდ დაწესებულებაში შესვლამდე.სხვა ქვეყნების მაგალითებიდან და მეცნიერების მტკიცებიდან გამომდინარე, აქ არის 2 სტატუსი - მასპინძლისა და სტუმრის. მასპინძელი ვალდებულია სტუმარს დაახვედროს სუფთა, უსაფრთხო გარემო. ხოლო სტუმარი თავის მხრივ არის ვალდებული არ გახდეს დაავადების გამავრცელებელი ამ გარემოში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო კახაძე.
“როგორც მე ვიცი, ეს არის ამ ბარათის გამოყენების აუცილებელი პირობები და ალბათ ეს ყველაფერი ორშაბათს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გაჟღერდება. აღსანიშნავია ისიც, რომ საკითხში პარლამენტი იმ შემთხვევაში ჩაერთვება თუ საკოორდინაციო საბჭო მოგვმართავს და ნორმატიული აქტის მიღება იქნება სავალდებულო... დეკემბერში პანდემიის დაწყებიდან 2 წელი გავა. მსოფლიოში 250 მილიონამდე ადამიანი არის დაინფიცირებული და აქედან 5 მილიონი გარდაცვლილია. ეს იმ არასრულფასოვანი სტატისტიკიდან გამომდინარე, რომელიც შეიძლება მაღალი ხარისხით არც გვქონდეს მოცემული. მიუხედავად ასეთი მწვავე სიტუაციისა, საზოგადოებაში არ არის ნდობის ფაქტორი, რის გამოც დაბალია ვაქცინაციის დონე. ამ ყველაფერს კი ფატალურ შედეგამდე მივყავართ - დედამიწის 1,16 % უკვე დაავადებულია. აღნიშნულს, უნდობლობის ფაქტორთან ერთად, არსებული რეგულაციების უგულებელჰყოფაც უწყობს ხელს. არ აქვს მნიშვნელობა ვაქცინირებულსა და არავაქცინირებულს. შესაძლოა იყო აცრილი და არ გამოგივლინდეს ვირუსი, თუმცა გქონდეს გავრცელების უნარი. ამიტომ, აცრის მიუხედავად, პირბადე ყველამ უნდა ატაროს”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“სხვა მხრივ მე ვერ დავეთანხმები იძულების საკითხს. არ შეილება ადამიანები მათრახის ძალით მიიყვანო რაიმის გაკეთების გადაწყვეტილებამდე. თუ ადამიანს ვაქცინა არ სურს, ქუჩაში ვერ გამოვეკიდებით და აცრას ძალით ვერ გავუკეთებთ”, - თვლის ლადო კახაძე. საკოორდინაციო საბჭომ კოვიდპასპორტების კონცეფცია, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მოამზადა, 4 ნოემბრის სდომაზე განიხილა, რის შემდეგაც ცენტრი ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მოსალოდნელ ცვლილებებზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. “ე.წ. მწვანე პასპორტში შედის 4 ინდიკატორი: ორჯერადი აცრა და გაკეთებიდან 14 დღე რომ იყოს გასული; ბოლო 6 თვის განმავლობაში აქვს თუ არა პირს გადატანილი ინფექცია; ბოლო 72 საათში ნეგატიური გაქვს თუ არა პისიარ ტესტის პასუხი და 24 საათში გაქვს თუ არა ანტიგენის ტესტი ნეგატიური. აქედან ერთ-ერთს უნდა აკმაყოფილებდე, რომ შენს პასპორტს ერქვას “მწვანე” პასპორტი”, განმარტავს გამყრელიძე, რომლის თქმით, “შეზღუდვებზე არ არის საუბარი იმიტომ, რომ პანდემიის მართვის მოდელი ზოგადად მთელ მსოფლიოში შეცვლილია”, - დასძენს გამოცემა.
“შეზღუდვები შეცვლილია ჩვენთანაც - ნაკლები შეზღუდვა, რომელიც ეკონომიკაზე ახდენს ზეწოლას, ე.წ. ლოკდაუნები, ჩაკეტვები, ტრანსპორტის შეჩერება არ განიხილება. განიხილება არაპირდაპირი ე.წ. დისკომფორტის, “მწვანე პასპორტის” შემოტანა, წამახალისებელი ღონისძიებები და ყველაზე მარტივი რეგულაციების დაცა, რომელსაც ხშირად ვიმეორებ. ესენია: ყველას ეკეთოს პირადე, ყველამ დაიცვას დისტანცია, აარიდოს თავი ნებისმიერი მიზეზით დიდ შეკრებას და ხშირად დავიბანოთ ხელები, წავიდეთ და ავიცრათ”, - განაცხადა გამყრელიძემ. იმავე საკითხზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამაც. ამასთან აღნიშნა, რომ “მწვანე პასპორტი” ვერც ერთ დაწესებულ რეგულაციას ვერ ჩაანაცვლებს. მისივე თქმით, “მწვანე საშვი” არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომ დამატებითი სტიმული შეიქმნას იმ ადამიანებისთვის, ვინც აცრა ვერ გადაწყვიტა. “მწვანე საშვის” მექანიზმი არ არის ერთადერთი მექანიზმი და არც იმის მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ როგორც კი “მწვანე საშვის” მექანიზმი ამოქმედდება, უეცრად ვაქცინაციის პროგრამა დღეში 30 ათას აცრას დაუბრუნდება. ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომ დამატებითი სტიმული შეიქმნას იმ ადამიანებისთვის, ვინც აცრა ვერ გადაწყვიტა. ეს არის ერთ-ერთი საშუალება”, - ამბობს გაბუნია”, - წერს სტატიის ავტორი.
ნანა დოლიძე - “სააკაშვილი კი არ უნდა გააათავისუფლონ, სწორად უნდა გაასამართლონ”
“ჩვენ წინაშეა სამოქალაქო საზოგადოების პოლარიზების კლასიკური მაგალითი, რომელიც ღუპავს ქვეყანას. უპირველესად ეს ხელისუფლების ინტერესია, რათა თვეები გაატარონ სააკაშვილზე ლაპარაკში. ეს აწყობთ პატიმარ ექსპრეზიდენტსაც და “ნაცმოძრაობასაც”. ხელისუფლებამ მოსახლეობა პანდემიის პირისპირ მარტო დატოვა, ამხელა ფული ისესხა და რატომ არავის აინტერესებს, როგორ დახარჯა, სად არის კორუფცია... ახლა სააკაშვილზეა აქცენტი გადატანილი. მმართველი პარტიაც და ოპოზიციაც ქვეყნისთვის საზიანო საქმეს აკეთებენ და ამით ერთმანეთს აძლიერებენ. არადა, რამდენიმე ხნის წინ `ნაცმოძრაობას~ მივმართე, რატომ არ ითხოვენ სააკაშვილის საქმის სტრასბურგის სასამართლოში წაღებას. ეს ორგანიზაცია ერთ დღეში გამოიტანდა განაჩენს, რომლის მიხედვითაც სააკაშვილს სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანდნენ”, - აცხადებს პარტია “ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “სააკაშვილი კი არ უნდა გააათავისუფლონ, სწორად უნდა გაასამართლონ” / “ეს პანიკა ერთ დღეში მოგვარდებოდა, სტრასბურგის სასამართლოსთვის რომ მიემართათ. როგორც ჩანს, ორივე მხარის, განსაკუთრებით, “ნაცმოძრაობის”, ინტერესებშია საკითხის სხვაგვარად გადაწყვეტა...”
“ნაციონალებს” აქვთ ამის გამოცდილება, მაგალითად, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის თემას რომ განიხილავდნენ, საქმე სტრასბურგში გაგზავნეს და მისი ჩამორთმევა რამდენიმე თვით გადადეს. ტელეკომპანიამ რამდენიმე თვე მოიგო და შემდეგ “მთავარი არხი” ჩამოაყალიბა. ასე რომ, მათ ახლა გონივრული გამოსავლის პოვნა კი არ უჭირთ, გუნდში ვიღაც ეწინააღმდეგება ამ გადაწყვეტილების მიღებას. ეს პანიკა ერთ დღეში მოგვარდებოდა, სტრასბურგის სასამართლოსთვის რომ მიემართათ. როგორც ჩანს, ორივე მხარის, განსაკუთრებით, “ნაცმოძრაობის”, ინტერესებშია საკითხის სხვაგვარად გადაწყვეტა, თან მუდმივად პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრში უნდა იყვნენ. თავდაპირველად მეგონა, რომ არ გაახსენდათ, ამიტომ შევთავაზე, მაგრამ ახლა ვრწმუნდები, რომ წრე შეიკრა - მმართველი პარტია ცდილობს ქვეყანაში არსებული პრობლემებიდან ისრები სააკაშვილის შიმშილობაზე გადაიტანოს, მისი თანაგუნდელები კი ცდილობენ მისი მხარდამჭერების ემოციებზე ითამაშონ და ვითარება უფრო გაამწვავონ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ანა დოლიძე.
“თვეზე მეტია, ექსპრეზიდენტი შიმშილობს, საქალაქო საავადმყოფოში არ გადაჰყავთ, ის მოთხოვნებს არ ცვლის. ღმერთმა ნუ ქნას, ყველაფერი ფატალურად დასრულდეს. ეს კატასტროფა იქნება როგორც მისი ოპონენტების, ასევე ქვეყნისთვის. ერთადერთი, ვინც იხეირებს, ჩვენი მტერი იქნება. თუ მის მხარდამჭერებს მართლაც უკეთეს მომავალზე აქვთ პრეტენზია, მაგრამ მოუწოდებენ, არ შეწყვიტოს შიმშილობა (პირიქით, ვიღაცებმა თავად დაიწყეს), იმედია, აცნობიერებენ, რომ ეს უმძიმესი სცენარი არ უნდა დაუშვან. ყველაზე უზენაესი ადამიანის სიცოცხლეა, ვინც უნდა იყოს. თუმცა, როდესაც დამნაშავეა, ასევე ვინც უნდა იყოს, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს. მით უფრო, რომ არსებობს სტრასბურგის 39-ე მუხლი და როდესაც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია ხელისუფლებას დაავალებს სააკაშვილის საქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას, ამით “ნაციონალები” ხომ მოგებული დარჩებიან, მაგრამ არ მიდიან ამ გზით. რაღაც სხვას ელიან”, - განმარტავს პარტია “ხალხისთვის” ლიდერი.
“ვინაიდან სააკაშვილმა დანაშაული საქართველოში ჩაიდინა, მსგავს სიტუაციებში ექსტრადირება არ ხდება, მაგრამ შეუძლებელი არ არის. თუმცა ექსტრადიციას მეორე პრინციპიც აქვს - ის უკრაინის მოქალაქეა და დიპლომატიური შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია მისი გადაყვანა. თუმცა, ვფიქრობ, სააკაშვილს ეს არ ენდომება, ვინაიდან ამ ფორმით მას ბრძოლის ველიდან გაიწვევენ. არც ხელისუფლებას აქვს მაინცდამაინც სხვა გამოსავალი, რადგან ამ შემთხვევაში მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი თავად არიან. სააკაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომის ჩატარება პრობლემატური იქნება, რადგან მისი მომხრეები სასამართლოსთან შეიკრიბებიან და ამას შეიძლება ინციდენტები მოჰყვეს. გირგვლიანის საქმეზე, 20 კაცი ვიყავით და სასამართლოს შენობას ჰაერში ვატრიალებდით. გარდა ამისა, ასეთ ქმედებას საერთაშორისო საზოგადოებრიობის კრიტიკა მოჰყვება - იტყვიან, რომ მას ამის უფლება აქვს. უცხოური მედია ამ ყველაფერს, მომხრეების საპროტესტო გამოსვლებს ძალიან მძიმედ შეაფასებს. მოკლედ, საერთაშორისო დონეზე ბარბაროსების ქვეყნად გამოგვიყვანენ. თუმცა არც იმ მოსაზრებას ვიზიარებ, რომ გაათავისუფლონ. სწორად უნდა გაასამართლონ”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ხელისუფლებას აქვს ძალიან მოკლევადიანი გათვლა - სააკაშვილს კითხვების მიუხედავად გაასამართლებს, რათა სათქმელი ჰქონდეს, დამნაშავე იყო და მისი სტატუსის მიუხედავად, გავასამართლეთო. იციან, რომ სტრასბურგიდან გადაწყვეტილებები 6-7 წლის შემდეგ მოდის და არად დაგიდევთ, შემდეგ რა იქნება და ვინ რომელ მხარეს დადგება. ეს არის მათი გეგმა”, - დასძენს ანა დოლიძე და შეკითხვაზე - “ოპოზიციამ წალენჯიხაზე ესტაფეტა გამოაცხადა. შეიძლება ეს ინიციატივა სხვა რეგიონებშიც თვითმმართველობის გაძლიერების წინა პირობა გახდეს?” - პასუხობს:
“რუსეთში ერთადერთ ქალაქს, ეკატერინბურგს ჰყავს ოპოზიციონერი მერი, რომელსაც პუტინი ვერ შეეგუა - ნავალნისთვის გამოცხადებული მხარდაჭერის გამო დაიჭირა და სხვებიც მიაყოლა. ასე რომ, წალენჯიხა ძალიან კარგი ტესტი იქნება იმის გასარკვევად, არის ხელისუფლების ცვლილების პერსპექტივა თუ მმართველი პარტია იმ მერს პუტინივით მოექცევა. სხვა მხრივ, მართალია, სინგაპურს ვერ ააშენებენ, მაგრამ შეიძლება ქალაქს მზრუნველი ხელი დაეტყოს, საკრებულომ რეალურად იმუშაოს, მუნიციპალიტეტისთვის განკუთვნილი ფული კი არ მოიპარონ, ქალაქს დაახარჯონ. ბიზნესიც ჩავიდეს და ინფრასტრუქტურაც განავითაროს... რაც შეეხება ჩვენს პარტიას "ხალხისთვის" - არავის ფრთის ქვეშ მომწიფებასა და გაზრდას არ ვაპირებთ. ვწერთ პროგრამებს, რათა 2024 წლის არჩევნებისთვის მომზადებული ვიყოთ”.
შიმშილობა, სასამართლო და სახელმწიფო გადატრიალება - რა გეგმა აქვს სააკაშვილს და რისთვის ემზადება ხელისუფლება
“შაბათს რუსთავის ციხესთან გამართულ აქციაზე ენმ-მ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა და მოითხოვა, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 24 საათში გადაიყვანონ ციხიდან სამოქალაქო კლინიკაში. ორშაბათს საღამოს თბილისში იგივე მოთხოვნით მასშტაბური აქცია დაიგეგმა. გაირკვა ექსპრეზიდენტის სასამართლოს დეტალებიც - სხდომა 10 ნოემბერს რუსთავის ციხეში გაიმართება. პენიტენციალურმა სამსახურმა კი გაავრცელა კადრები, რომელზეც მოშიმშილე სააკაშვილი მცირე ოდენობით საკვებ პროდუქტებს ღებულობს. რასაც საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა. ყოველივე ამის ფონზე კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ენმ ქვეყანაში მორიგ დესტაბილიზაციას გეგმავს და შესაბამის დირექტივებს პარტიის ლიდერები ციხეში პირადად მიხეილ სააკაშვილისაგან იღებენ. ანალიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ ოპოზიციას ახლა რეალურად არანაირი რესურსი არ გააჩნია იმისთვის, რომ სახელწმიფო გადატრიალება მოახდინოს. ამის მზაობა მოსახლეობაში არ არის. მეორეც, თუკი ხელისუფლებას მსგავსი ინფორმაცია აქვს, საზოგადოების ინფორმირება უფრო კონკრეტული ფაქტებით უნდა გაამყაროს და მისი თავიდან აცილება შეძლოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შიმშილობა, სასამართლო და სახელმწიფო გადატრიალება - რა გეგმა აქვს სააკაშვილს და რისთვის ემზადება ხელისუფლება.
“შიმშილობს თუ არა სააკაშვილი? მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა 23 სექტემბერს კუჭის ოპერაცია გაიკეთა და მან ამის გამო კონკრეტული საკვები გარკვეული ზომიერებით უნდა მიიღოს. ამიტომ გაჩნდა ვერსია, რომ შესაძლოა სააკაშვილი ამ ხნის განმავლობაში კი არ შიმშილობს, არამედ მკაცრ დიეტას იცავს. ამ ინფორმაციის საპასუხოდ შაბათს სააკაშვილმა გამოაცხადა, რომ უარს აცხადებს ყველანაირი მინერალისა და ვიტამინის მიღებაზე: “30 ოქტომბრის შემდეგ, მართლაც, ციხის სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციით და იმის დაზუსტებით, რომ ეს სრულად შედის შიმშილობის პროტოკოლში, მივიღე რამდენიმე ბოთლი წვენი. არანაირ საკვებს მე არ ვიღებ, მიუხედავად დაჟინებული შეთავაზებისა კონსილიუმის ზოგიერთი წევრის და ადგილობრივი ექიმების მხრიდან, ხოლო რასაც ვიღებ, ყველაფერზე აქტი დგება და ხელს ვაწერ. დღეს დილიდან, რათა საბოლოოდ გამოვრიცხო ყველანაირი უსირცხვილო სპეკულაცია, რომელიც მიზნად ისახავს ჩემს დისკრედიტაციას და შეურაცხყოფას მაყენებს, უარს ვაცხადებ შიმშილობის პროტოკოლში შემავალი ნებისმიერი დასახელების მიღებაზე, მათ შორის, მინერალებსა და ვიტამინებზე, გლუკოზის აბებზე”, - ნათქვამია მესამე პრეზიდენტის მიმართვაში”, - აღნიშნავს გამოცემა.
“მოგვიანებით პენიტენციალურმა სამსახურმა გასააჯაროვა კადრები, რომელზეც, მათი ინფორმაციით საკვების მიღების პროცესია ასახული. ამასთან, უწყების ოფიციალურ “ფეისბუქ” გვერდზე გამოქვეყნდა იმ პროდუქტების ფოტომასალაც, რომელიც სააკაშილმა მიიღო. პენიტენციური სამსახური ამ ინფორმაციის გასაჯაროებას მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ხსნის, თუმცა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ამის კანონიერების შესწავლა დაიწყო. “არსებითად მნიშვნელოვანია მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. თავისუფლებააღკვეთილ პირს უნდა ჰქონდეს ნდობა იმ დაწესებულებისა და სამედიცინო პერსონალის მიმართ, სადაც იგი იმყოფება და ვისგანაც იღებს სამედიცინო მომსახურებას. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მან თავი შეიკავოს სამედიცინო მომსახურების მიღებისაგან, სამედიცინო პერსონალისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებისაგან, რომლითაც საფრთხე ექმნება მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას”, - ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში”, - განაგრძობს გამოცემა.
“კვირას დილით კი, სააკაშვილის თხოვნით, საპატიმროში მას სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე შეხვდა. მისი ცნობით, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ექიმების თხოვნით მართლაც მიიღო რამდენიმე მილიგრამი საკვები დანამატი, თუმცა სურათები, სადაც საკვები დანამატები ერთად ეწყო, თვალით არასდროს უნახავს და არც იცის სად არის გადაღებული. “როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელ თამთა დემურიშვილთან კომუნიკაციის შემდეგ მიიღო მან რამდენიმე დღის წინ ამგვარი დანამატი, როგორც ალტერნატივა ერთ-ერთი პრეპარატის. ის ასევე საუბრობს, რომ შემოთავაზება უფრო მეტი იყო, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა, ესეც მცირე ულუფით და ერთეულ შემთხვევებში დათანხმდა. ჩვენ სამედიცინო ჩანაწერები რაც გადავამოწმეთ, ეს მართლაც დასტურდება, ერთეულ და მილიგრამ შემთხვევეზე იყო საუბარი ამ დანამატებთან დაკავშირებით”, - განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილემ”, - დასძენს გამოცემა.
“შაბათს ასევე გაირკვა სააკაშვილის სასამართლო პროცესის ადგილი და თარიღი. იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგვაძის ცნობით, 10 ნოემბერს ჩანიშნული სასამართლო პროცესი, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა ჩატარდეს. “ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ სასამართლო პროცესი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდეს და ყველა ის პირი, ვინც იქნება საჭირო, მივა პენიტენციურში. ჩვენი მკაცრი რეკომენდაცია იქნება, რომ მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმარი არ გაიყვანონ. ჩვენ ისედაც დავღალეთ საზოგადოება ამდენი საუბრისგან და თუ კი სასამართლოსთან იქნება გარკვეული პროვოკაცია, მერე ვინ აგებს ამაზე პასუხს, ან რა რაოდენობის ძალა უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ. არ შეიძლება, რომ მთელი რესურსი იყოს მიმართული ერთი ადამიანის დაცვაზე და ამ მუდმივი პროვოკაციების თავიდან არიდებაზე, შესაბამისად, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ პროცესი ჩატარდეს მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებაში”, - ამბობს რატი ბრეგაძე. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ეს თავის დაზღვევაა და ხელისუფლებას უნდა ყველა ის რისკები გამორიცხოს, რაც შეიძლება სასამართლოს დარბაზში შეიქმნას”, - წერს სტატიის ავტორი.
“როგორც ჩანს, ხელისუფლებას არ სურს სააკაშვილი საჯაროდ გამოვიდეს და უამრავმა კამერამ მისი საჯაროდ გამოსვლები გააშუქოს. სავარაუდოდ, ფიქრობენ, რომ ასეთი აქტიურობა ხელისუფლებას დააზიანებს. სააკაშვილს ვიცით, რომ საჯარო გამოსვლები ეხერხება და არაა გამორიცხული სასამართლო პროცესები ერთგვარ შოუდ გადააქციოს. სასამართლო პროცესს აუცილებლად უცხოური მედია და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. ამიტომ ეს საერთაშორისო განხილვის საგანი გახდება და სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური ფიგურის აქტუალიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ერთხელ მოხდება. სავარაუდოდ, ამ მოსაზრებების და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მიიღეს ეს გადაწყვეტილება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“თუმცა იგი არ გამორიცხავს, რომ ექსპრეზიდენტის სასამართლოს ციხეში გამართვამ დასავლელ პარტნიორებს დამატებითი კითხვები გაუჩინოს. შაბათს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საგანგებო ბრიფინგი გამართა ოპოზიციის მხრიდან ვითარების მოსალოდნელ ესკალაციაზე. მათი ცნობით, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან გეგმავს სხვადასხვა ღონისძიებებს: კერძოდ, პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, იუსტიციის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობების ბლოკირებას და პენიტენციურ დაწესებულებასთან მისასვლელი გზების გადაკეტვას. გარდა ამისა, სუს-ის ცნობით, “სიტუაციის მაქსიმალური ესკალეციისა და სხვადასხვა პროვოკაციული ქმედებების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, აქციაში დაგეგმილია, ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების ჩართვა. ასევე, აქციის ორგანიზატორები განიხილავენ ძალოვანი სტრუქტურის ცალკეული თანამშრომლების გადაბირებისა და ერთ-ერთი ოპოზიცური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც”. ანალიტიკოსები ამ ცნობებს გაზვიადებულად მიიჩნევენ. მათი შეფასებით, ენმ-ს მსგავსი მასშტაბის აქტივობებისთვის საჭირო რესურსი არ აქვს. ანჯაფარიძე ამბობს, რომ ოპოზიცია ახლა ყველანაირ ვა-ბანკზე შეიძლება წავიდეს. ისინი ამ აქციებსა და გამოსვლებში მთელ თავის რესურსს დებენ, იქნება ეს ადამიანური თუ ფინანსური. ამიტომ სუს-მა უფრო მეტი ფაქტები და მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს, რომ საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.
“თუ დააკვირდებით, ენმ ისევ 2003 წლის სცენარის გამეორებას ცდილობს. როგორც მაშინ, ახლაც უნდათ, რომ ყველა ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყონ. მაშინაც მთავარი ლოზუნგი ჰქონდათ, რომ ყველა შევარდნაძის წინააღმდეგ უნდა გაერთიანებულიყო. ახლაც იგივე ლოზუნგი აქვთ - საქართველო „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. უნდათ, რომ საერთო სახალხო მოძრაობის სახე მისცენ, რათა მერე დასავლეთის თვალში უფრო მეტი ლეგიტიმაცია ჰქონდეთ და თქვან, რომ ეს არა მხოლოდ „ნაციონალების“ არამედ მთელი ქვეყნის პროტესტია. ამის მიუხედავად მაინც არ მიმაჩნია, რომ ენმ-ს აქვს ხალხის გამოიყვანისა და სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირების რესურსი. ოპოზიციის მიზანია სახელმწიფო სტრუქტურები გამოფიტოს და დაღალოს. შემდეგ კი ამით სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე ადმიანების საბოლოო პროტესტი გამოიწვიონ”, - თვლის ანჯაფარიძე.
“ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილიც ასევე მიიჩნევს, რომ ოპოზიციას და მით უმეტეს მიხეილ სააკაშვილს ახლა არ აქვს იმის რესურსი, რომ სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირება და მითუმეტეს სახელმწიფო გადატრიალება მოახდინონ. “სააკაშვილი არის ჩაფუშული ბუშტივით, რომლესაც სულს “ოცნება” უბერავს და მხოლოდ ამის შემდეგ “ცოცხლდება”. სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ მას ციხიდან სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა და სახელმწიფო შენობების პიკეტირება შეუძლია. როცა “ოცნების” ხელშია ნებისმიერი რესურსი და ძალაუფლება, როგორ შეიძლება ერთმა კაცმა ციხიდან რევოლუცია მოგიწყოს? მეორეც, ეს განწყობა ჩვენს საზოგადოებაში არ არის და ამაზე საუბარი მართლა სასაცილოა. სააკაშვილი აზროვნებს ვიწროდ, რადგან ეს კაცი არის ილუზიაში. მისი ბუნება რევოლუციას, სახლის სახურავებს და ტრაილერებს ვერ ცდება”, - ამბობს ზაქარეიშვილი, რომლის აზრით, “ამიტომაც ის, რასაც ციხიდან იწერება, სასაცილოა. ამ ყველაფერს ხალხის სრული მხარდაჭერა სჭირდება, რაც არ აქვთ”, - დასძენს სტატიის ავტორი.
მამუკა ხაზარაძე - „ძალიან დიდ დროს გავატარებ წალენჯიხაში, სანამ დასახულ მიზანს არ მივაღწევ“
“მე დღეს ვდგავარ იქ, სადაც უსამართლობას ებრძვიან. დიახ, მე სხვა პარტიას წარმოვადგენ, ნიკა მელია - სხვა პარტიას. ვერავინ დამაკომპლექსებს, იქ რატომ დგახარ, აქ რატომ დგახარო. ჩვენ გვინდა ახალი პოლიტიკა, ახალი ძალა და რეალობა შემოვიტანოთ ამ ქვეყნის ცხოვრებაში. თუ სააკაშვილისა და ივანიშვილის დაპირისპირებიდან არ გამოვედით, ქვეყანა უფსკრულში გადაგვეჩეხება - ამ დიქოტომიიდან უნდა გამოვიდეთ და "ლელო" სწორედ ამას ცდილობს”, - აცხადებს “ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „ძალიან დიდ დროს გავატარებ წალენჯიხაში, სანამ დასახულ მიზანს არ მივაღწევ“.
“ჩვენ კოალიცია შევქმენით ნიკა მელიასთან, ელენე ხოშტარიასა და ზურაბ-გირჩი ჯაფარიძესთან. ეს იყო პირველი კონკრეტული ნაბიჯი დაკავშირებული ქალაქის მერების არჩევნებთან. მაგალითად, წალენჯიხაში ვიცე-მერი იქნება “ლელოს” წარმომადგენელი თამარ ბელქანია, ქუთაისში ანა ნაცვლიშვილი უნდა ყოფილიყო ვიცე-მერი. იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩამოგითვალეთ, ჩვენ კომფორტულად ვგრძნობთ თავს, ხოლო თუ რომელიმე ძველი ლიდერი რამეს იტყვის, ეს არ ნიშნავს, რომ კოალიცია ყველაფერს გაიზიარებს. სააკაშვილის კი არა, მამაჩემის პოზიციას არ გავითვალისწინებ, თუ ჩემთვის მისაღები არ იქნება. “ნაცმოძრაობის” ნახევარი მილიონი ამომრჩეველი მხოლოდ იმიტომ არ უნდა უგულებელვყოთ, რომ მათმა ძველმა ლიდერებმა ადრე შეცდომები დაუშვეს... ნახეთ როგორი კომპლექსი შექმნა “ოცნებამ” - თუ ოპოზიციურ აზრს გამოთქვამ, “ნაციონალი” ხარ, უფრო მეტიც, სააკაშვილის მსახური. მე დამოუკიდებელი ადამიანი ვარ, სააკაშვილსაც გავაკრიტიკებ და ივანიშვილსაც”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა ხაზარაძე.
“ძალიან დიდ დროს გავატარებ წალენჯიხაში, სანამ დასახულ მიზანს არ მივაღწევ. უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ინვესტორებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის საინტერესო იქნება საქმის კეთება. უნდა გვახსოვდეს, რომ წალენჯიხა აფხაზეთის მოსაზღვრე ქალაქია და ძალიან მნიშვნელოვანია მისი აყვავება. ანალოგიური მიზნები მქონდა ანაკლიაშიც. ორად ორი ადგილია - ანაკლია და წალენჯიხა, საიდანაც შეგვიძლია განსხვავება დავანახოთ აფხაზებს”, - დასძენს მამუკა ხაზარაძე და შეკითხვაზე - “სოცქსელში ბევრმა დაგისვათ შეკითხვა, თუ რატომ არ მოინდომეთ წალენჯიხის ან სხვა რომელიმე რეგიონის აყვავება დღემდე?” - პასუხობს:
“იმიტომ, რომ წალენჯიხაში “ოცნების” ხელისუფლება იყო და გასაქანს არ მომცემდნენ, ისევე როგორც არ მომცეს გასაქანი ანაკლიაში. არაერთი მაგალითის მოყვანა შემიძლია, თუ როგორ მოუწყო “ოცნების” ხელისუფლებამ ტერორი ამა თუ იმ ბიზნესს მხოლოდ იმიტომ, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე იყვნენ დამფუძნებლები. წალენჯიხა ერთადერთი ადგილია, სადაც ოპოზიციამ გაიმარჯვა და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ ბიზნესმენებს საქმის კეთების საშუალება მიეცემათ. გაიხსენეთ ღარიბაშვილის განცხადება, რომც მოიგონ ადგილობრივი არჩევნები, ჩვენ გარეშე მაინც ვერაფერს გააკეთებენო. ეს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პრემიერია?!”

























