ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2021

ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2021

"არჩევნებმა აჩვენა, რომ ხალხს უნდა ცვლილება" - იგორ კვესელავა

წლის ბოლოს დენი კიდევ ერთხელ გაძვირდება?! - სემეკი მოსახლეობის გაღარიბების მთავარი მიზეზია

***

"არჩევნებმა აჩვენა, რომ ხალხს უნდა ცვლილება" - იგორ კვესელავა

"საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ და მმართველმა გუნდმა მხარი უნდა დაუჭიროს კოალიციურ ხელისუფლებას, 2 ოქტომბრის არჩევნებმა აჩვენა, რომ ხალხს უნდა ცვლილება," - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც "რეზონანსი" თვითმმართველობის არჩევნების შედეგებსა და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, არჩევნებმა აჩვენა, რომ ხალხს უნდა ცვლილება - იგორ კვესელავა

"არჩევნებს აკვირდებოდა ძალიან ბევრი დამკვირვებელი სხვადასხვა ქვეყნიდან, ამდენი დამკვირვებელი არსადროს ჩამოსულა არც ერთ არჩევნებზე. მათი შეფასებები მკაცრი იყო როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი გუნდის მისამართით. ჩემი აზრით, 2 ოქტომბრის არჩევნები არ იყო რეფერენდუმი, მაგრამ გამოავლინა, რომ ხალხს უნდა ცვლილება. არჩევნებს ჰყავს სამი გამარჯვებული - „ქართული ოცნება", "ნაცმოძრაობა" და გახარიას პარტია. "ნაცმოძრაობის" რეიტინგი იწევს, როდესაც ყველას მოლოდინი ჰქონდა, რომ 2012 წლის შემდეგ დაიშლებოდა. ასევე გამოჩნდა ახალი ძალა, რომელმაც მოკლე დროში წარმატებას მიაღწია, ყველგან საკრებულოში ჰყავს თავისი წარმომადგენელი. ფაქტობრივად, ამ სამ ძალას შორის გაიმართება პოლიტიკური ბრძოლა”, - აღნიშნავს გამოცემა.

"მმართველმა გუნდმა სრული გამარჯვება ვერ მოიპოვა. ხალხი მიდის ახალი ძალისკენ, ეს ახალი ძალა კი არის გახარიას პარტია და მე ვფიქრობ, რომ ის არ იბრძვის მეორე და მესამე ადგილისთვის. ის იბრძვის პირველი ადგილისთვის, რომ ჩაანაცვლოს „ოცნება" და „ნაცმოძრაობა". აცხადებს, რომ არ დაუჭერს მხარს არც ერთ ამ ძალას მეორე ტურში. ვფიქრობ, ამ პოზიციას შეინარჩუნებს და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქართულ პოლიტიკაში გამოჩნდა ახალი დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა. სააკაშვილის ჩამოსვლა არ იყო შემთხვევითი, პოლიტიკური ლოგიკით, ის უნდა ჩამოსულიყო. ეს ნაბიჯი რომ არ გადაედგა, „ნაცმოძრაობა" ამ შედეგს ვერ მიაღწევდა. მხარდამჭერებს მიეცა დამატებითი სტიმული და მოხდა მათი მობილიზება. საკითხი იდგა ასე - „ნაცმოძრაობა მიშასთვის" თუ „მიშა ნაცმოძრაობისთვის". ამ კითხვას პასუხი გაეცა. გაუშვებენ, არ გაუშვებენ ციხიდან - სააკაშვილი დამატებითი თავსატეხი გახდა ხელისუფლებისთვის. საქართველოში უნდა დასრულდეს „იზმები" და ეს ვაკხანალია. ქვეყანას ჰაერივით სჭირდება ეროვნული შერიგება, ავიღოთ ყვლაფერი კარგი, რაც გაუკეთებიათ ჩვენს პრეზიდენტებს, მივაფურთხოთ ეშმაკს და ერთად ავაშენოთ ქართული სახელმწიფო”, - განაგრძობს გამოცემა.

"გახარია და მთელი ოპოზიცია ერთად თუ დადგა, "ოცნებას" გაუჭირდება გამარჯვება. ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა და ვფიქრობ, რომ „ქართულმა ოცნებამ" მხარი უნდა დაუჭიროს კოალიციურ ხელისუფლებას. მაგალითად, ზუგდიდში ქალაქის მერი რომ იყოს „ოცნებიდან", ვიცე-მერები იყვნენ „ნაციონალი" და გახარიას პარტიის წევრი. იგივე შეიძლება მოხდეს ბათუმში, რაც ძალიან საინტერესო მოდელი იქნება შემდგომი თანამშრომლობისთვის. კოალიცია არ ნიშნავს პარტიული ინტერესების დაცვას, კოალიცია ნიშნავს სახელმწიფო ინტერესების დაცვას. ეს კოალიციური ხელისუფლება არ იმუშავებს არც ივანიშვილისთვის, არც სააკაშვილისთვის და არც გახარიასთვის, იმუშავებს საქართველოსთვის”, - წერს სტატიის ავტორი.

წლის ბოლოს დენი კიდევ ერთხელ გაძვირდება?! - სემეკი მოსახლეობის გაღარიბების მთავარი მიზეზია

„სემეკი დენის გაძვირებისთვის ემზადება. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას აქვს ვალდებულება, რომ დამტკიცებიდან 3 წლის განმავლობაში ტარიფი ხელშეუხებელი იყოს, გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, მიღებულია. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ გუშინ განაცხადა, რომ წელს ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს გადახედავს. ენეგეტიკოსებიც და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები ღიად აცხადებენ, რომ ეს იქნება მოსახლეობის გასაღატაკებლად გადადგმული ნაბიჯი, რაც მდგომარეობას უკიდურესად დაამძიმებს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, წლის ბოლოს დენი კიდევ ერთხელ გაძვირდება?! - სემეკი მოსახლეობის გაღარიბების მთავარი მიზეზია / "განუკითხაობას აქვს ადგილი, უკონტროლოა სემეკი და ტრანსანიონალური კორპორაციების მითითებების უსიტყვო მორჩილია"

"ბოლოს, როცა ელექტროენერგია გაძვირდა, საუბარი მიდიოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ტარიფი დაანგარიშებული იყო ლარის დაბალ ნიშნულზე და კურსი იმ დროს 3,45-ის ნიშინულზე მერყობდა. ახლა, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ვალუტა სტაბილურად ერთ დონეზეა - 3,11-3,13-ის ფარგლებში, დენის გაძვირების საკითხი მაინც დადგა დღის წესრიგში. ამით სემეკი, კერძოდ კი, მისი ხელმძღვანელი დავით ნარმანია, ფაქტობრივად, ადასტურებს, რომ წარმოადგენს მოსახლეობის მიმართ მტრულად განწყობილ ორგანიზაციას, რომელიც მუდმივად ტრანსნაციონალური კომპანიების ინეტერსების კარნახით მოქმედებს და ტარიფების ზრდით მოსახლეობის გაღატაკების პოლიტიკას ეწევა. მით უმეტეს, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ტარიფში შეიძლება გამოინახოს გაიაფების შესაძლებლობაც კი და ელექტროენერგია საქართველოში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ძვირდებოდეს. ასეთი მოსაზრებისაა ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე, რომელსაც მიაჩნია, რომ კომპანიებს კომუნალური გადასახადის გაზრდის საჭიროება არ აქვთ”, - აღნიშნავს გამოცემა.

"დენი ძვირდება და ეს არის ძალიან ცუდი ამბავი, თუმცა უკვე არაფერი გვიკვირს, კომენტარიც ზედმეტია. განუკითხაობას აქვს ადგილი, უკონტროლოა სემეკი, თითქოს არ ემორჩილება სახელმწიფოს, მაგრამ ტრანსანიონალური გამანაწილებელი კორპორაციების მითითებების უსიტყვო მორჩილია. რატომ უნდა გაზარდონ ფასი, ლარი გაექცათ თუ სხვა რა მოხდა, რითი ასაბუთებენ? ცხადია, მოსახლეობის ინეტერსების საზიანო გადაწყვეტილებაა. 100 კვტ/სთ დენის გაზრდილი ფასი შეიძლება გადასახადზე მკვეთრად არ ისახოს, მაგრამ უფრო დიდი მომხმარებლებისთვის კატასტროფულ ზიანს მოიტანს, რადგან გაძვირების ახალ ტალღას გამოიწვევს, რომელიც ისედაც არის პანდემიის ფონზე. ახლა უფრო მეტად გაიზრდება ფასები, ამის რეალური საფრთხე დიდია, ეს არის მთავარი პრობლემა. პირველ რიგში, მრეწველობას და წარმოებას დაარტყამს და შემდეგ უკვე მოსახლეობას დააზარალებს“, - განაცხადა ჭიჭინაძემ ,,რეზონანსთან“. შექმნილ სიტუაციაში, როგორც ენერგეტიკოსმა აღნიშნა, უნდა გამოიკვეთოს სახელმწიფო პოზიცია, რათა არ მისცეს კომპანიებს ტარიფით სპეკულირების საშუალება”, - განაგრძობს გამოცემა.

"კომუნალური გადასახადის გაზრდით სოციალური ფონის სერიოზულ გამწვავებას ვარაუდობს ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი და აცხადებს, რომ წესით, ეს უნდა იყოს მოსახლეობისთვის ზღვარი, რასთან დაკავშირებითაც უკმაყოფილება უნდა გამოიხატოს, თუმცა ესეც ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან ხალხი გაჭირვებას, ფასების განუკითხავ ზრდას და უსამართლობას მიეჩვია. გარდა ამისა, სოსო სიმონიშვილს ასევე დიდი ეჭვი აქვს, რომ ელექტროენერგიასთან ერთად, სავარაუდოდ, გაზის ტარიფსაც მალე გააძვირებენ. ,,ფული გაუფასურდა და მან ფაქტობრივად არაფერი დატოვა გაუძვირებელი. ჩინოვნიკების მიერ დანერგილი მიდგომები უკვე ფეხს იმკვიდრებს მეცნიერებაშიც, სპეციალისტებიც კი ვერ ხედავენ სხვაობას ინფლაციასა და ფასების ზრდას შორის. რაც შეეხება კონკრეტულ მომენტს, სემეკს აქვს თავისი ნორმა, რის მიხედვითაც აძვირებს ტარიფს. როგორც ჩანს, ენერგოკომპანიებმა მიმართეს, ყველანაირად ეცდებიან დარწმუნებას, რომ ხარჯი გაეზარდათ და ამას, სამწუხაროდ, სემეკი გაითვალისწინებს. უაღრესად ნეგატიური პროცესებია. მალე ამას აუცილებლად მოყვება გაზის გაძვირებაც. პირდაპირ ვამბობ, არ არსებობს მექანიზმი, რაც მოსახლეობას ამ მდგომარეობისა და საფრთხისგან დაიცავს“, - აღნიშნა სიმონიშვილმა და დასძინა, რომ შემოსავლების კლების ფონზე გადასახადების გაძვირება უმძიმეს პრობლემას გამოიწვევს და მოსახლეობის დიდ ნაწილს კიდევ უფრო გააღარიბებს”, - დასძენს გამოცემა.

"შემოსავალი არ აქვს ხალხს, როგორ უნდა გაუმკლავდეს გაზრდილ ფასებს, ძნელად წარმოსადგენია. ხელფასები არ იზრდება. ჩვენი ეკონომიკა ისე მახინჯურად არის აწყობილი, რომ მოსახლეობის კეთილდღეობაზე არ არის ორიენტირებული. ეს მოეთხოვება როგორც სემეკს, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ გუნდს. აქვთ ფუფუნება, ხალხს პოლიტიკურ სიმახინჯეზე ესაუბრონ, სულელურ კინკლაობას არიან აყოლილი და არც მოქალაქეები ცდილობენ, მთავრობისგან ეკონომიკის სწორად მართვა მოითხოვონ. დამძიმდება სოციალური ფონი, მაგრამ რა დონეზე უნდა მივიდეს სიტუაცია, რომ უკმაყოფილება გამოიწვიოს, ეს ზღვარი ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის. ასე თუ არ მოხდა და ხალხი არ იფიქრებს, რომ მათი გაუსაძლისი მდგომარეობა სწორედ მთავრობის და კონკრეტული უწყებების უპასუხისმგებლო და საზიანო პოლიტიკის შედეგია, არაფერს ეშველება. არ შეიძლება, ღატაკდებოდე, გადასახადები გიძვირდებოდეს და მშვიდად აგრძელებდე ცხოვრებას. ალბათ, ხალხის მოთმინებასაც ექნება საზღვარი, ყოველთვის ასე არ გაგრძელდება“, - განუცხადა ,,რეზონანსს“ სოსო სიმონიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ტარიფის გადახედვასთან დაკავშირებით სემეკის ხელმძღვანელმა დავით ნარმანიამ "ბიზნეს მედიასთან" ინტერვიუში განაცხადა. მან დაასახელა ის გარემოებები, რის გამოც ახალი ტარიფების დაანგარიშებაა საჭირო. როგორც ნარმანიამ განმარტა, ამის მიზეზი ელექტროენერგიის განაწილებისა და მიწოდების საქმიანობის იურიდიულ დონეზე გაყოფაა, რის შედეგადაც დღეს თბილისში ელექტროენერგიას მოსახლეობას "თელასის" ნაცვლად, კომპანია "თელმიკო" აწვის, რეგიონებს კი "ენერგო-პრო ჯორჯიას" ნაცვლად - "ეპი ჯორჯია". სემეკის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ტარიფის არსებითი ზრდა მოსალოდნელი არ არის, რადგან მოქმედ ტარიფში უკვე ასახულია ყველა ძირითადი ფაქტორი, რამაც 1 იანვრიდან უკვე გაზარდა ელექტროენერგიის საფასური. ახალ ტარიფში კი ისეთი ხარჯები იქნება გათვალისწინებული, როგორიც მაგალითად, ენერგეტიკული ბირჟის მომსახურების საფასურია, რომლის სრულფასოვანი ამოქმედება მომავალ წელს იგეგმება. გარდა ამისა, ნარმანიამ გაზის ტარიფზეც ისაუბრა და განმარტა, რა შედეგი მოაქვს მის სუბსიდირებას, ერთი მხრივ, მოსახლეობისთვის და მეორე მხრივ, ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის, რომელიც საკუთარ თავზე იღებს სატარიფო წნეხის შემსუბუქებას”, - წერს სტატიის ავტორი.