ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სპეციალური ოპერაციების ძალების ინიციატივის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სპეციალური ოპერაციების ძალების ინიციატივის ხელმძღვანელთან, ვიცე-პოლკოვნიკ პაველ შმიდტთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ პოლონელი ოფიცერი თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა და გაწეული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა.
„ ვიცე-პოლკოვნიკი პაველ შმიდტი საქართველოში 2017 წლის სექტემბრიდან იყო მოვლენილი და ოთხი წლის განმავლობაში ქართულ მხარეს აღნიშნული მიმართულების განვითარების კუთხით მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა. ვიცე-პოლკოვნიკ პაველ შმიდტის მხარდაჭერა განსაკუთრებით აღსანიშნავია ნატო-ს სპეციალური ოპერაციების სარდლობასა (NATO Special Operations Headquarter -NSHQ) და ქართულ მხარეს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ქართული სპეციალური ოპერაციების ძალების შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით.
გამოსამშვიდობებელ შეხვედრას სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი, სპეციალური ოპერაციების ძალების, ნატო-ს ძირითადი ჯგუფისა და SNGP-ის განხორციელების სამმართველოს წარმომადგენლები დაესწრნენ“,- აღნიშნავენ უწყებაში.

























