ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2021

ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2021

"მის კეთილშობილი სურვილებით შეფუთულ განცხადებაში პოლიტიკური მოტივებია“, - ანჯაფარიძე ლომჯარიაზე

"შეიძლება მხოლოდ მეგობრელი კავშირი ყოფილიყო... ეს არ ნიშნავს, რომ ტერაქტს გეგმავდნენ“, - არეშიძე პანკისში დაკავებულებზე

***

"მის კეთილშობილი სურვილებით შეფუთულ განცხადებაში პოლიტიკური მოტივებია“, - ანჯაფარიძე ლომჯარიაზე

"მგონია, რომ ლომჯარიას ეს განცხადება კეთილშობილი სურვილებით შეფუთული მცდელობაა, რომ ოპოზიციის წისქვილზე წყალი დაასხას" - ასე აფასებს "რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სახალხო დამცველის განცხადებას გაუარესებული ეპიდსიტუაციის გამო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესაძლო გადადების შესახებ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "მის კეთილშობილი სურვილებით შეფუთულ განცხადებაში პოლიტიკური მოტივებია“, - ანჯაფარიძე ლომჯარიაზე.

"რა შუაშია ან "ნაციონალური მოძრაობა", ან "ქართული ოცნება"?! საერთოდ რა შუაშია რომელიმე პოლიტიკური პარტია ან მისი ინტერესები, როდესაც ვსაუბრობთ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე?! როდესაც ვიცით, რომ თუ არჩევნებს არ ჩავატარებთ, დიდი ალბათობით, უფრო ნაკლები ადამიანი დაიღუპება... "ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადამიანების სიცოცხლე და თუნდაც ძალიან მცირე რამ გავაკეთო იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ დაღუპულთა რაოდენობა. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ მხარეობაზე აპელირება სრულიად წარმოუდგენელია, ამორალურია ამაზე საუბარი, როდესაც სიკვდილ-სიცოცხლეზე ვსაუბრობთ", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. ანჯაფარიძის თქმით, შესაძლოა ლომჯარიას განცხადების უკან პოლიტიკური მოტივები იმალებოდეს, რადგან მისი მოთხოვნები ოპოზიციის მოთხოვნებს პირდაპირ ემთხვევა. მისივე თქმით, სახალხო დამცველის განცხადებებს ოპოზიციის დღის წესრიგის მიმართ მხარდაჭერა არაერთხელ გამოუხატავს და ეს ეჭვებიც სწორედ აქედან გამომდინარე აქვს”, - აღნიშნავს გამოცემა.

"მგონია, რომ ლომჯარიას ეს განცხადება კეთილშობილი სურვილებით შეფუთული მცდელობაა, რომ ოპოზიციის წისქვილზე წყალი დაასხას. ლომჯარია მიუკერძოებელი სახალხო დამცველი რომ იყოს და მას ადრე სხვადასხვა ფორმით გამოხატული არ ჰქონდეს, შეფარული თუ არცთუ შეფარული მხარდაჭერა ოპოზიციის დღის წესრიგის მიმართ, კიდევ ვიფიქრებდი, რომ ესაა წმინდად სახალხო დამცველის მიერ ადამიანის უფლებრივი კუთხით დანახული თემა. "მაგრამ მე პირადად დიდი ეჭვი მაქვს, რომ ქალბატონი ლომჯარია მიუკერძოებელი არაა და გარკვეულწილად პოლიტიკურად ანგაჟირებულია. შესაძლოა მის კეთილშობილი მოტივებით შეფუთულ განცხადებაში პოლიტიკური მოტივები იმალებოდეს. ჩვენ ვხედავთ, რომ ის ოპოზიციის მოთხოვნებს პირდაპირ ემთხვევა, აქედან გამომდინარე, ეს თანხვედრა და ქალბატონი ლომჯარიას პერსონა ეჭვებს აჩენს, რომ რაღაცნაირად კოორდინირებული მოქმედებაა. "ოპოზიციას, როგორც ჩანს, იმედი აქვს, რომ კოვიდპანდემიური სიტუაცია არ დამშვიდდება, კიდევ უფრო გაუარესდება, საზოგადოების უკმაყოფილება მოიმატებს და შესაბამისად, წარმატების მოპოვება უფრო გაუადვილდებათ. მეორე შესაძლო ახსნა კი ისაა, რომ მათ უფრო მეტი დრო სჭირდებათ იმისათვის, რათა ორგანიზაციულად, პარტიულად და ყველა სხვა პარამეტრით უკეთ მოემზადონ, დარჩენილი დრო კი ამისთვის საკმარისი არაა, დროის მოგება სჭირდებათ. პანდემია კი კარგი მიზეზია იმისთვის, რომ არჩევნების გადადება მოითხოვონ”, - დასძენს გამოცემა.

"გადაიდება თუ არა არჩევნები? მგონია, რომ მმართველი გუნდისთვის ამას მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ აქ ისეთი დელიკატური სიტუაციაა, რომ ფაქტიურად პანდემიური სიტუაცია პოლიტიკური გადაწყვეტილებებს კარნახობს. ანუ, თუ პანდემიური სიტუაცია დამშვიდდა და სექტემბრის პირველ რიცხვებში ვნახავთ, რომ კოვიდ ინიფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის კლება იქნება, რა თქმა უნდა მმართველ პარტიას არჩევნების გადადების არანაირი ინტერესი არ ექნება. რადგან ახლა რა რეიტინგებიცაა გამოქვეყნებული, "ოცნება" ამ არჩევნებს იგებს, მით უმეტეს იმ შეცდომების ფონზე, რაც კოლექტიურად ოპოზიციამ დაუშვა, იქნება ეს სტრატეგიული თუ ტაქტიკური შეცდომები. ყველაფერი პანდემიურ სიტუაციაზეა დამოკიდებული. თუ კიდევ უფრო გაუარესდა, ხელისუფლებას მართლა გაუჭირდება არგუმენტების გამონახვა, რომ არჩევნები მაინცდამაინც 2 ოქტომბერს ჩატარდეს", - განაცხადა ანჯაფარიძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

"შეიძლება მხოლოდ მეგობრული კავშირი ყოფილიყო... ეს არ ნიშნავს, რომ ტერაქტს გეგმავდნენ“, - არეშიძე პანკისში დაკავებულებზე

"სპეცოპერაციის შედეგად პანკისში 5 პირი დააკავეს, რომლებსაც ბრალად ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედებათ. გავრცელებული ცნობებით, მათგან ორი სოფელ დუისის, ხოლო სამი სოფელ ქორეთის მცხოვრებია. როგორც ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, ისინი ჯერჯერობით ეჭვმიტანილები არიან და ამის თაობაზე კატეგორიული განცხადება სწორი არ იქნება, მაგრამ, მისი ინფორმაციით, მათგან სულ მცირე ორ პირს სავარაუდოდ „ისლამური სახელმწიფოს" წევრებთან ჰქონდათ უერთიერთობა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ტერორისტული აქტი იგეგმებოდა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "შეიძლება მხოლოდ მეგობრული კავშირი ყოფილიყო... ეს არ ნიშნავს, რომ ტერაქტს გეგმავდნენ“, - არეშიძე პანკისში დაკავებულებზე

"პანკისში ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ დაკავებულ ახალგაზრდებს ტერორიზმთან არავითარ კავშირი არ აქვთ, თუმცა სპეცოპერაციის ჩატარებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ დაკავებული საქართველოს 5 მოქალაქე ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანდა და სირიაში გამგზავრებას გეგმავდა. "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან თანამშრომლობით, კახეთის რეგიონში ჩატარებული სპეციალური ღონისძიებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს. „გამოძიებით დგინდება, რომ საქართველოს 5 მოქალაქე გაწევრიანდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს" რიგებში და გეგმავდნენ სირიაში - ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას. ერთგულების დასტურად, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს" ამჟამინდელი ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) და ფიცის ამსახველი ვიდეორგოლი გაავრცელეს ტერორისტებთან დაკავშირებულ პირებთან”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ჯგუფის წევრები ღიად გამოხატავდნენ ტერორისტული ორგანიზაციისადმი მხარდაჭერას და ქუჩებში გადაადგილებისას სისტემატურად ახდენდნენ ტერორისტული სიმბოლიკის დემონსტრირებას. „გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ჯგუფის ლიდერი, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ იყო ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენელი და საქართველოს ემირი. ზემოხსენებული პირები სწორედ მისი დახმარებით გაწევრიანდნენ ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში და გეგმავდნენ სირიაში გამგზავრებას. ისინი პერიოდულად აწყობდნენ კონსპირაციულ შეხვედრებს და განიხილავდნენ სირია-ერაყის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს და საქართველოსთან მიმართებით არსებულ სამომავლო გეგმებს. „გამოძიების დაწყებისთანავე კომპლექსურად გატარდა შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გულისხმობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში”, - განაგრძობს გამოცემა.

"მამუკა არეშიძის ინფორმაციით, დაკავებულთაგან სულ მცირე ორს სავარაუდოდ კავშირი ჰქონდა ადამიანებთან, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს" წევრები არიან. "ისინი ჯერჯერობით ეჭვმიტანილები არიან კავშირში და ამის თაობაზე კატეგორიული განცხადება სწორი არ იქნება. რაც შეეხება დამატებით ინფორმაციას, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სულ მცირე ორ მათგანს კავშირი ჰქონდა ადამიანებთან, რომლებიც ერთ-ერთი ისლამისტური ორგანიზაციის წევრები არიან უცხოეთში. "ისლამისტური ორგანიზაციები, რომლებიც ახლა ძალიან აქტიურია, სულ სამია - "ისლამური სახელმწიფო", "ალ-ქაიდა" და "თალიბანი". ზუსტად არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ „"ისლამური სახელმწიფოს" წევრებთან ჰქონდათ ურთიერთობა, ოღონდ ეს ურთიერთობა არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც ტერორისტული აქტი იგეგმებოდა. "საერთოდ, მუსლიმი ახალგაზრდების იდეოლოგიური დამუშავება წლებია უკვე მიმდინარეობს. თუ ყურადღებას მიაქცევთ, არაერთი ქართულენოვანი საიტიც არის, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ისლამისტური ეწოდოს. ასე რომ, არ მიკვირს ახალგაზრდები ამ იდეოლოგიურ დამუშავებას რომ ექვემდებარებიან და ასეთ შედეგს ვიღებთ. "ის ბიჭები რომ მაინცდამაინც ტერორისტულ აქტს გეგმავდნენ, ან საერთაშორისო ტერორიზმში არიან ჩართული, ამას დამტკიცება სჭირდება. ეს ჯერჯერობით არ ჩანს, მაგრამ მეგობრული კავშირი - ასეთი რამ შეიძლება ყოფილიყო. "აქედან გამოდმინარე, პანკისელები როცა ამბობენ, რომ ეს ასე არაა, გულისხმობენ იმას, რომ ამ ადამიანებს უბრალოდ კონტაქტი აქვთ ან ახლობელთან, ან ნაცნობთან, ან ა.შ. ეს დაახლოებით იგივე სიტუაციაა, როდესაც აქ ჩატაევი იყო ჩამოსული და მასთან სხვადასხვა ტიპის თანამშრომლობა ჰქონდა რამდენიმე ადგილობრივს. ჩატაევი ვინ იყო, ყველამ ძალიან კარგად იცოდა, მაგრამ რა გეგმები ჰქონდა, დარწმუნებული ვარ, არცერთმა არ იცოდა. ამიტომ ეს მიგვანიშნებს, რომ კავშირები არის, მაგრამ ჩართულობა კიდევ გადასამოწმებელია," - განაცხადა არეშიძემ”, - წერს სტატიის ავტორი.