ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2021

სამი კვირა ახალი შეზღუდვებით და კოვიდ-პასპორტები სექტემბრიდან
სამი კვლევა და ერთნაირი ტენდენციები - "ოცნებას“ "ნაცმოძრაობაზე“ 2-3-ჯერ მეტი მხარდამჭერი ჰყავს
***
სამი კვირა ახალი შეზღუდვებით და კოვიდ-პასპორტები სექტემბრიდან
“შაბათს, 14 აგვისტოს საქართველოში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება, რომელთაგანაც საზოგადოების ყველაზე დიდ უკმაყოფილებას საქალაქო ტრანსპორტის შეზღუდვა იწვევს. გარდა ამისა, შესაძლოა, რომ სექტემბრიდან სხვადასხვა დაწესებულებებში და მათ შორის კვების ობიექტებში, მოქალაქეებს მხოლოდ ე.წ. კოვიდ-პასპორტებით, ან ტესტის უარყოფითი პასუხით შეუშვებენ. სპეციალისტები ამ შეზღუდვების შედეგს დაახლოებით ორ კვირაში ელოდებიან”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, სამი კვირა ახალი შეზღუდვებით და კოვიდ-პასპორტები სექტემბრიდან
"ამირან გამყრელიძის შეფასებით, ვაქცინის არსებობის პირობებში მკაცრი ლოკდაუნის შემოღება აღარ განიხილება და ეს შეზღუდვები წარმოადგენს ე.წ. ბალანსირებულ მიდგომას. რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის შეჩერებას, გამყრელიძე აცხადებს, რომ ეს მოსახლეობის ვაქცინაციას ვერ შეაფერხებს, რადგანაც ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს სპეციალური ავტობუსების გამოყოფა, რომელიც აცრის გაკეთების მსურველ მოქალაქეებს მოემსახურებიან. საკოორდინაციო საბჭოს მიერ ხუთშაბათს მიღებული გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე შემდეგი შეზღუდვები იმოქმედებს: შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს; სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები; იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა; კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე; საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო დამსაქმებლებს; ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აცრების პროცესში ჩაერთვებიან სამხედრო ექიმებისგან დაკომპლექტებული ბრიგადები; მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას; ჯანდაცვის უწყება განაგრძობს მუშაობას დამატებითი საწოლების მობილიზების მიმართულებით; მაქსიმალურად გამკაცრდება კონტროლი მოქმედი რეგულაციების აღსრულებაზე, მათ შორის ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვაზე, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი და ა.შ. შეგახსენებთ, მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის, ობიექტები ჯარიმდებიან 10 ათასი ლარით, ხოლო განმეორებით დარღვევისას - ექვემდებარებიან დალუქვას”, - აღნიშნავს გამოცემა.
"როგორც, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი, გიორგი ღიბრაძე აცხადებს, მაქსიმალურად გამკაცრდება კონტროლი მოქმედი რეგულაციების აღსრულებაზე, მათ შორის ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვაზე, როგორიცაა ქორწილი და ქელეხი. დაწესებულ შეზღუდვებზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემაც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ეს იძლევა იმის საიმედო საფუძველს, რომ მოხდება აღმავალი ინფექციის გარდატეხა. „მნიშვნელოვანია ასევე რეგულაციების აღსრულების კომპონენტის გამკაცრება, შრომითი ინსპექციისა და შსს-ის მხრიდან დაწყებულია ინტენსიური მონიტორინგი, სადაც განხორციელდა როგორც დაჯარიმებები, ასევე ობიექტების დალუქვა. ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება და დარწმუნებული ვართ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება ძალიან დადებითი დინამიკა ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ტიკარაძემ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის მედიასთან გაკეთებული განცხადების მიხედვით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დამძიმებული პაციენტი სამედიცინო დაწესებულების მიღმა არ დარჩეს. „მოგეხსენებათ, რომ შეჩერებულია დღეს ყოველგვარი გეგმური სამედიცინო დახმარება, გეგმური ოპერაციები, საავადმყოფოები მუშაობენ ძირითადად ურგენტზე და ამიტომ, მაქსიმალურად ხდება მობილიზება საწოლფონდისა და ამაზე სამინისტრო მუშაობს. ყოველდღიურად როდესაც გვაქვს ხუთი ათასი შემთხვევა, იქიდან საავადმყოფო დახმარება სჭირდება 5, 10, შეიძლება 12%-ს მაინც. მართალია, საავადმყოფოებიდან ავადმყოფთა გაწერის ინტენსიურობა მეტია და მათი გადაყვანა შემდეგ სასტუმროებში, თერაპიულ საწოლებზე, მაგრამ დატვირთვა სერიოზულია. „განიხილება ყველა ვარიანტი და დღესაც იყო ამაზე მსჯელობა. განიხილება ყველა ვარიანტი დაწყებული საველე ჰოსპიტლიდან, სადაც შედარებით ნაკლები პერსონალით შეიძლება უფრო დიდი რაოდენობა ადამიანების მომსახურეობა; ისევე, როგორც სამხედრო ექიმების და სამედიცინო სამხედრო სამსახურის ჩართვა და კიდევ სხვა ვერსიები, რადგან ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ კოვიდინფიცირებული არ დარჩეს სამედიცინო დახმარების მიღმა. ამიტომ, ყველა ვერსია, მათ შორის უარესი ვერსიებიც განიხილება", - განაცხადა გამყრელიძემ”, - განაგრძობს გამოცემა.
"მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესის დაწყების გამო „მკაცრი ლოკდაუნის" საჭიროება აღარაა. „მკაცრი ლოკდაუნები მართვისთვის უკვე აღარ განიხილება. მას შემდეგ, რაც შემოვიდა აცრა და ვაქცინაცია, განიხილება ე.წ. ბალანსირებული მიდგომა. დღეს ბრიტანეთში, პორტუგალიაში, შვეიცარიაში და თურქეთში იზრდება ინფიცირებულების რაოდენობა, მაგრამ ქვეყანა არ ჩაუკეტიათ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. საკოორდინაციო საბჭოს ხუთშაბათის სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მიმართა რეკომენდაციით, სექტემბრიდან, კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნესცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში, პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ვაქცინით ერთი აცრის ან სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე. საბჭო აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ეცნობება. აქვე აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა მთავრობის ახალი დადგენილება, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მიერ კოვიდ-პასპორტის გაცემის წესებს შეეხება. ახალი წესების მიხედვით, დოკუმენტაციის გაცემა შემდეგი წესით წარიმართება: „სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - იუსტიციის სახლი უფლებამოსილნი არიან, ვაქცინირებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, იმუნიზაციის მართვის ელექტრონული მოდულიდან (იმემ) დააგენერირონ/სამედიცინო დოკუმენტის სახით ამობეჭდონ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინ(ებ)ით აცრის თაობაზე ვაქცინირებული პირის შესახებ რეგისტრირებული ინფორმაცია და დაადასტურონ ბეჭდით და/ან შტამპით და უფლებამოსილი პირ(ებ)ის ხელმოწერით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - იუსტიციის სახლი აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, შესაბამისი მონაცემების დამუშავებას უზრუნველყოფს სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებული ფორმატით", - ნათქვამია საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში”, - დასძენს გამოცემა.
"აღნიშნული შეზღუდვების სარგებლიანობასა და მინუსებზე „რეზონანსთან" საუბრისას ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა აღნიშნავს, რომ ამ ვითარებაში შეზღუდვათა დაწესება მისაღებია და ჯანდაცვის სრული გადატვირთვისგან დასაცავად სხვა გზა არ რჩება. „მაისის თვეში, შეზღუდვების მოხსნას დაემთხვა რეგიონში კოვიდის „დელტა" შტამის გავრცელების პროცესი, რამაც მწვავე შედეგები გამოიწვია. „დღეს თუ გვინდა, რომ არ გადაიტვირთოს ჯანდაცვის სისტემა, უნდა დავიცვათ რეგულაციები და ხელისუფლების მიერაც მკაცრად უნდა გაკონტროლდეს პროცესები, რათა შევძლოთ პანდემიის გავრცელების დარეგულირება", - განაცხადა გოგინავამ. მან ასევე აღნიშნა, თუ რას გამოიწვევს, კოვიდ პასპორტების მოთხოვნა და აუცრელებისთვის რეგულაციების გამკაცრება. „ზოგადად ვთვლი, რომ კანონმდებლობის დონეზე ადამიანის უფლების შეზღუდვა სწორი არ არის. ჩვენ უნდა შევძლოთ მოსახლეობის სხვა გზებით დარწმუნება აცრის სარგებლიანობაში. ეს ფაქტი გამოიწვევს უკმაყოფილებას, მაგრამ უნდა შევძლოთ იმის გაცნობიერებაც, რომ ინფექციით უამრავი ადამიანი იღუპება, გადატვირთულია სამედიცინო დაწესებულებები და გადაღლილია სამედიცინო პერსონალი. თუ ეს ვითარება გაგრძელდა, უბრალოდ ძალიან მძიმე ფაქტის წინაშე დავდგებით. „ჩვენ ამ შეზღუდვების შედეგს ვიხილავთ რამდენიმე კვირაში. მე არ ვიცი წინასწარ რამდენად ეფექტური იქნება ეს პროცესი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ საგრძნობლად დაეხმარება ეპიდვითარების გამწვავების პროცესის შენელებას", - განაცხადა გოგინავამ”, - წერს სტატიის ავტორი.
სამი კვლევა და ერთნაირი ტენდენციები - "ოცნებას“ "ნაცმოძრაობაზე“ 2-3-ჯერ მეტი მხარდამჭერი ჰყავს
"აგვისტოში უკვე მესამე სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, რომელიც 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინ ამომრჩევლებში არსებული განწყობების სავარაუდო სურათს ქმნის - 2 აგვისტოს „აირაის", 10 აგვისტოს „გორბის" და 12 აგვისტოს „ენდიაის". ზოგიერთი ამ კვლევის მიმართ ანალიტიკოსთა ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი, თუმცა სამივე კვლევაში მკაფიოდ იკვეთება ორი მნიშვნელოვანი ტენდენცია”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, სამი კვლევა და ერთნაირი ტენდენციები - „ოცნებას“ „ნაცმოძრაობაზე“ 2-3-ჯერ მეტი მხარდამჭერი ჰყავს
"პირველ რიგში ეს ეხება გადაუწყვეტელ ამომრჩეველს. სამივე კვლევაში საკმაოდ მაღალია იმ მოქალაქეების წილი, რომლებსაც ვერ გადაუწყვეტიათ ვის მისცენ ხმა, ან ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ სურთ. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქართული საზოგადოება დღევანდელი პოლიტიკური სპექტრის მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი. მეორე ტენდენცია კი მთავარ პოლიტიკურ ძალებს შორის ძალთა ბალანსს უკავშირდება. სამივე კვლევაში მმართველი პარტია მნიშვნელოვნად უსწრებს „ნაციონალურ მოძრაობას". „აირაისა" და „გორბის" შემთხვევაში „ოცნებას" დაახლოებით 2-ჯერ მეტი ადამიანი უჭერს მხარს, ვიდრე „ნაცმოძრაობას", „ენდიაის" შემთხვევაში კი ეს უპირატესობა კიდევ უფრო შთამბეჭდავია. სამივე კვლევა ივლისში, ან აგვისტოს დასაწყისში ჩატარდა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უფრო მნიშნელოვანია როგორი იქნება პარტიების რეიტინგი სექტემბერში”, - აღნიშნავს გამოცემა.
"2 აგვისტოს „საერთაშრისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა" („აიარაი") გამოქვეყნა კვლევის შედეგები, სადაც კითხვაზე - ვის მისცემდით ხმას, 2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები რომ მომდევნო კვირას ტარდებოდეს - პასუხები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება" - 26%; „ნაციონალური მოძრაობა" - 14%; „საქართველოსთვის" (გიორგი გახარიას პარტია) - 9%; ლეიბორისტული პარტია - 3%; „გირჩი - მეტი თავისუფლება", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ლელო" და „პატრიოტთა ალიანსი", „მოქალაქეები" - 2-2%; „ერი" (ლევან ვასაძე), „ევროპული საქართველო", „სახელმწიფო ხალხისთვის", „დროა" (ელენე ხოშტარია) და „გირჩი" - 1-1%; სხვები - 1%; არ იცის/უარი პასუხზე - 27%”, - განაგრძობს გამოცემა.
"ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები საერთაშორისო ორგანიზაცია „გორბი"-მ 10 აგვისტოს გამოაქვეყნა. ამ შედეგების თანახმად, დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 46,8% ხმას „ქართულ ოცნებას" მისცემდა. „ნაციონალურ მოძრაობას" - 27,1%, ხოლო გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის" - 8,7%. ამ კვლევაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, პირდაპირი ინტერვიუს წესით, 1953 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილება ქვეყნის მასშტაბით 2.2%-ია, თბილისის მასშტაბით - 3.2%. საზოგადოებრივი აზრის კვლევა 25 ივლისიდან 4 აგვისტოს შუალედში ჩატარდა. ხუთშაბათს, 12 აგვისტოს კი „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" („ენდიაი") კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. კითხვაზე - რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პასუხები ასე განაწილდა: არცერთი - 51%; „ქართული ოცნება" - 18%; არ ვიცი - 10%; უარი პასუხზე - 9%; „ნაციონალური მოძრაობა" - 6%; სხვა პარტიები - 6%. აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) და გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 1.4%-ია”, - დასძენს გამოცემა.
"ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბარში კვლევების სანდოობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სამივე კვლევაში ის განწყობებია ასახული, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვეჩეხებით. „როდესაც სანდოობაზეა საუბარი, ყოველთვის უკავშირებენ პროცენტებს, მაგრამ სამივე კვლევაში „ქართული ოცნების" უპირატესობა მის მთავარ ოპონენტთან თითქმის პირდაპირპროპორციულია - სხვაობა ორჯერადია. ზოგადად ტენდენცია მართლა ასეთია, ეს რეალობაა. ანუ ამომრჩეველში ასეთი განწყობაა, მინიმუმ ორჯერად ზღვარზე გადის - თუ „ნაცმოძრაობა" 25%-ს მიიღებს, უნდა იანგარიშო, რომ „ოცნება" 50%-მდე აიღებს. „ის, რომ ამომრჩევლების 51% პოლიტიკურ ძალებს არ ენდობა, ესეც ჩვენი რეალობაა. ამ განწყობას ყოველდღიურად ვეჩეხებით. სანდოობა სხვა მეტი რა შეიძლება იყოს... „კონკრეტულ პროცენტებზე ვერ გეტყვით, საქართველოში ცოტა სპეციფიური ამომრჩეველია. ჩვენთან არჩევნების ბედი არჩევნებამდე ორი კვირით ადრე წყდება. თანაც საარჩევნო კამპანია ახლა ფაქტიურად არ მიმდინარეობს, „ოცნებამ" კი დაიწყო, მაგრამ ხალხი, ვისაც ის ხვდება, ეს მოსახლეობა არაა, ესაა ნომენკლატურა - ზოგი მიყვანილი, ზოგი მისული და ა.შ. რეალურად ოპოზიციას ჯერ კანდიდატებიც არ დაუსახელებია და აბა, მოსახლეობაში რა განწყობა იქნება? „არჩევნებამდე თვენახევარი დარჩა და თბილისის მერობის კანდიდატის გარდა არ ვიცით რეგიონებში რა ხდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კვლევები, რომელიც ასახავს ამომრჩეველთა განწყობას სექტემბრის შუა რიცხვებში. მაგ დროისთვის რეალობასთან უფრო ახლოს ვიქნებით, თუ რეალურად რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს", - განაცხადა ძაბირაძემ”, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.
"განსხვავებული მოსაზრებისაა ანალიტიკოსი გია აბაშიძე, იგი „რეზონანსთან" საუბარში „ენდიაის" და „აირაის" ქართველ კონტრაქტორებს არ ენდობა, რომლებიც კვლევებისთვის საველე სამუშაოებს ასრულებენ და ამის მაგალითად 2012-ის კვლევას იხსენებს, როცა „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა. „აირაისა" და „ენდიაიზე" არაერთხელ ითქვა, რომ მათი საველე სამუშაოების შემსრულებელი ქართული ადგილობრივი კომპანია არაკეთილსინდისიერია და ყოველთვის რეალობასაა აცდენილი. საზოგადოებას არაერთხელ უნდა შევახსენოთ ის ფაქტი, რომ 2012 წელს არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ისინი გიორგი თარგამაძეს და გრიგოლ ვაშაძეს ყველაზე მაღალ პროცენტს უწერდნენ და „ნაცმოძრაობის" გამარჯვება გარდაუვალი იყო, 2012 წლის ოქტომბერში კი კარგად ვნახეთ, რომ ეს კვლევები სამარცხვინოდ რელობას იყო აცდენილი. „ასევე მინდა შევეხო „აირაის" კვლევის ერთ-ერთ სეგმენტს, სადაც პროცენტულად მსახლეობის დიდი რაოდენობა ცესკოს და საარჩევნო ლეგიტიმაციას არ ენდობა, ანუ გამოდის, რომ არჩეულ პარლამენტს ის არალეგიტიმურს უწოდებს და ცესკოს უნდობლობას უცხადებს? ეს ხომ სრული მითი და აბსურდია. აქედან გამომდინარე, ის მრავალწლიანი უნდობლობა, რაც საზოგადოებაში „აირაის" და „ენდიაის" ადგილობრივი საველე სამუშაოების კომპანიებზეა, ეს კიდევ უფრო მტკიცდება და კიდევ უფრო არასწორი მიმართულებით მიდიან. „2012-დან 2021 წლის ჩათვლით, სხვადასხვა დონის არჩევნები გაიმართა და მაშინაც კი ისინი რეალობას საგრძნობლად აცდენილნი იყვნენ, თუმცა არა 2-3%-ით, როგორც ეს „აირაის" და „ენდიაის" მიერ დასავლეთში ჩატარებულ კვლევებშია. აქედან გამომდინარე საზოგადოების გულისწყრომა სრულიად ბუნებრივია იმის თაობაზე, რომ ამ ორგანიზაციების ბრენდების ქვეშ გამოქვეყნებული კვლევები რეალობასაა აცდენილი, რადგან საარჩევნო შედეგები სულ სხვა სურათს გვაძლევს. აქედან გამომდინარე, მიჭირს იმის გაანალიზება, თუ შერჩევითად რას დაწერენ და რას არა. მთავარია, რომ მათი რეიტინგები რეალობას არ ასახავს, ეს უკვე ათი წელია ასეა, თუ მეტი არა. „გამოქვეყნებულ შედეგებსა და საარჩევნო შედეგებს უნდა დავაკვირდეთ ხოლმე, როცა ნებისმიერი პროფესიონალური კვლევის პროცენტული მაჩვენებელი საარჩევნო შედეგებთან ახლოსაა, არა აქვს მნიშვნელობა რომელი კომპანიაა, ის ბუნებრივია წლების განმავლობაში სანდო ხდება, „გორბიმ" ეს არაერთხელ დაადასტურა, რომ ის რეალურ შედეგებს ოდნავ პლუს-მინუს სულ რამდენიმე პროცენტით აცდენილია ხოლმე და ეს ბუნებრივიცაა, როგორც ეს დასავლეთში ხდება ხოლმე. ძალიან დასანანია, რომ „აირაი" და „ენდიაი" საველე სამუშაოებისთვის დღემდე იმ ქართულ ორგანიზაციებს იყენებენ, რომლებსაც პოლიტიკურ კვლევებთან არაფერი არ ესაქმება, ისინი უფრო „ნაცმოძრაობის" და მისი განშტოებების პრომოუშენს აკეთებენ და მერე შედეგები რაცაა, მკაფიოდ ვხედავთ", - განაცხადა აბაშიძემ”, - დასძენს ავტორი.
"ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ სამი კვლევის მონაცემებში საერთო პარტიათა თანმიმდევრობაა და ის ტენდენცია, რომ ამომრჩეველი ზოგადად პარტიების მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი. „პროცენტებზე ლაპარაკი ყოველთვის მიჭირს. ამიტომ უფრო შემიძლია ვისაუბრო ამ მონაცემების მიხედვით ტენდენციები როგორია. სამივე კვლევის მიხედვით პარტიებს შორის ადგილები ერთნაირად ნაწილდება - „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" და შემდეგ სხვა პარტიები მოდიან. „მეორე არის ის, რომ ამომრჩევლის საკმაოდ დიდ ნაწილს არჩევანი ჯერ გაკეთებული არ აქვს. ბოლო კვლევა ხომ ამ მხრივ საერთოდ პიკზეა, მაგრამ რეალობაც დაახლოებით ასეთია, რომ დღეს არსებულ პოლიტიკური სპექტრს მოსახლოების აბსოლუტური უმრავლესობა არ ენდობა. აქ ოპოზიციას და პოზიციას შორის ზღვარი ფაქტიურად წაიშალა. პარტიების პროცენტებში განსხვავებები კი არის, მაგრამ მოსახლეობის დიდი უმრავლესობისთვის მთლიანად პოლიტიკური სპექტრი მიუღებელია. რა თქმა უნდა არჩევნების წინ ეს სურათი შეიცვლება ასე არ იქნება, მაგრამ დღეის სურათი ქვეყანაში არსებულ რეალობას ასახავს - მიუღებელია არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ოპოზიციაც. „ვლაპარაკობთ, რომ მოსახლეობა მესამე ძალას ელის, რომელიც ჯერ არ ჩანს, გახარიას "ენდიაის" კვლევაში რა პროცენტი აქვს არ ვიცი, თუმცა პირველ ორ კვლევაში თითქმის თანაბარია, შესაძლოა დაწინაურებული იყოს, მაგრამ იმის თქმა, რომ გახარია უკვე ფორმირებულია, როგორც მესამე ძალა, ეს ძალიან თამამი განცხადება იქნება, რადგან ადრე სხვა პარტიებსაც უკეთესი შედეგებიც კი ჰქონდათ. მაგალითად, „ევროპულ საქართველოს" სადღაც 15%-იც უჭერდა მხარს, მაგრამ დღეს ვხედავთ რა ვითარებაცაა, ამიტომ გახარიას რა პოტენციალიც აქვს, მას სწორი გამოყენება უნდა", - თქვა ძაბირაძემ. „სხვა მხრივ კვლევებში ისეთი ამოვარდნები არაა. ამასთანავე, „ოცნებასა" და „ნაციონალებს" შორის პროცენტული სხვაობა ჯერადია, მინიმუმ ორჯერ და მაქისმუმ სამჯერ მეტია, ტენდენციები უკვე ასახულია და ვნახოთ რა იქნება. „ამ სამ კვლევაში რადიკალური განსხვავებები, ჩემი აზრით, არაფერიც არაა, თუ პროცენტებს არ მივიღებთ მხედველობაში. ტენდენცია კი ყველა კვლევაში ნარჩუნდება, მაგრამ ის განწყობა, რომ 51%-ს არცერთი პარტია გულზე არ ეხატება, ალბათ რეალობასთან ყველაზე ახლოსაა", - თქვა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან"”, - წერს სტატიის ავტორი.

























