ქართული პრესის მიმოხილვა 12.08.2021

ქართული პრესის მიმოხილვა 12.08.2021

“ათი დღის განმავლობაში დღიური მაჩვენებელი და სიკვდილიანობა მაღალი იქნება” - რა ეპიდპროგნოზი აქვთ სპეციალისტებს

“ვაქცინამ უამრავი ადამიანი გადაარჩინა” - რისკის განსხვავებული დონე აცრილებსა და აუცრელებს შორის

ტურიზმმა ტემპი დაკარგა და შუა სეზონზე უკუსვლა დაიწყო - ახალმა შეზღუდვებმა დასვენების მსურველები უკვე დააფრთხო

* * *

“ათი დღის განმავლობაში დღიური მაჩვენებელი და სიკვდილიანობა მაღალი იქნება” - რა ეპიდპროგნოზი აქვთ სპეციალისტებს

“კრიტიკული ეპიდსიტუაციის ფონზე, გარკვეული შეზღუდვები ისევ ძალაშია, თუმცა, სპეციალისტების განმარტებით, მის შედეგს ორი-სამი კვირის შემდეგ მივიღებთ - ზუსტად ამ პერიოდს კი კრიზისულს უწოდებენ, რა დროსაც არც ინფიცირებულთა რაოდენობის ნახტომისებურ მატებას და არც საველე ჰოსპიტალების გაშლასაც აღარ გამორიცხავენ. ოთხშაბათის მდგომარეობით, კორონავირუსის 5352 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 48 ადამიანი, კრიტიკულია დადებითობის დღიური მაჩვენებელი და 10.61%-ს შეადგენს, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.33% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.27%. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კი განაცხადა, რომ ქვეყანაში საკმაოდ მაღალი დადებითობის მაჩვენებელია და სტატისტიკა მზარდი იქნება, თუმცა ამბობს, რომ ამის პარალელურად ვაქცინაციის პროცესი საკმაოდ გაუმჯობესდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ათი დღის განმავლობაში დღიური მაჩვენებელი და სიკვდილიანობა მაღალი იქნება” - რა ეპიდპროგნოზი აქვთ სპეციალისტებს.

“რა თქმა უნდა, ჩვენ გავდივართ პიკს. დღეს ჯერ გვაქვს საკმაოდ მაღალი დადებითობის მაჩვენებელი, რაც ეპიდემიოლოგებისთვის და ჯანდაცვის სექტორისთვის ნიშანია, რომ სტატისტიკა ჯერ კიდევ მზარდი იქნება. დღეს გვაქვს 46 ათასამდე აქტიური შემთხვევა. ამ შემთხვევების უმეტესობის ნაწილი ჩვენი ოჯახის ექიმების მხრიდან იმართება ბინაზე. 8 ათასამდე საწოლია მობილიზებული ქვეყნის მასშტაბით, საიდანაც ძირითადი წილი, რა თქმა უნდა, მოდის თბილისზე”, - თქვა მან. ტიკარაძის განცხადებით გაუარესებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, კვირის ბოლოს ჯანდაცვის სამინისტრო საკოორდინაციო საბჭოს ახალი რეკომენდაციებით მიმართავს. “ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რა იქნება შემდეგი რეკომენდაციები რეგულაციებთან მიმართებაში. ჩვენ კვირის ბოლოს კიდევ ერთხელ შევიკრიბებით ჯერ სამინისტროში, ჩამოვყალიბდებით რა იქნება შემდეგი რეკომენდაცია და ამას როგორც ყოველთვის, წერილობითი ფორმით მივაწვდით საბჭოს განხილვისთვის”, - აღნიშნავს ჯანდაცვის მინისტრი. მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კი არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში საველე ჰოსპიტალების საჭიროებაც გახდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თუ მომდევნო 7-10 დღის განმავლობაში ეპიდემიის მატების იგივე ტენდენცია გაგრძელდება, რა თქმა უნდა, მოგვიწევს დამატებით ალტერნატიული სასტუმროების მობილიზება, მიდის საუბარი იმაზე, თუ რა იქნება ამ შემთხვევაში საველე გადაწყვეტა, რაც ჩვენ აქამდე არასდროს გამოგვიყენებია. 8000 არის ჩვენი მაქსიმუმი. საწოლფონდის ის რაოდენობაა, რაც შეგვიძლია გამოვყოთ ჰოსპიტალური სექტორიდან. ამას კიდევ დაემატება სასტუმროების რაოდენობაც. დღეს ამაზე საუბარი ძალიან რთულია, წინასწარ ვარაუდის დონეზე იქნება, მაგრამ მომდევნო დღე ამის სურათს აქტიურად წარმოაჩენს”, - აღნიშნავს გაბუნია. მისი განმარტებით, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გამო, გაუქმდება ისეთი სოციალური თავყრილობა და კონცერტები, რაც აუცილებელი არ არის. მისი თქმით, დაილუქა რამდენიმე ობიექტი, რომელიც ეპიდვითარების გამო დაწესებულ რეგულაციებს არ იცავდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ კი განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების 15 % მძიმეა, 5% კრიტიკული”, - განაგრძობს გამოცემა.

“ადამიანებმა თვითონ უნდა დაუწესონ საკუთარ თავს გარკვეული რეგულაციები. ქვეყანაში დარჩა რეგულაციები, როცა შეზღუდვები მოიხსნა - პირბადე, დისტანცირება და თავშეყრის ადგილებიდან თავის შეკავება. ეს სამივე რეგულაცია თუ კარგად აღსრულდება ამ შემთხვევაში, ალბათ, შესაძლებელი იქნება ეპიდემიოლოგიური სურათის გარკვეულწილად უკუსვლა, გაუმჯობესება. სახელმწიფოს მხრიდან უფრო გამკაცრებული უნდა იყოს არსებული რეგულაციების აღსრულება. იქ, სადაც არ ხდება რეგულაციების დაცვა, ალბათ, შემოღებული უნდა იყოს სასჯელები. ვაქცინაცია და რეგულაციების შესრულება არის ერთადერთი საშუალება, რომ ამ სიტუაციას დავაღწიოთ თავი. ეს შტამი გაცილებით მძიმედ მიმდინარე შტამია. მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში კი მეტი ლეტალური გამოსავალი დგება. უფრო რთულია პაციენტების მართვა. პაციენტების 80% გახლავთ საშუალო და მსუბუქი, 15% არის მძიმე, 5% კრიტიკული. ლეტალობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი პირდაპირ მიბმულია დაავადების რაოდენობის, მათ შორის, მძიმე და კრიტიკული პაციენტების რაოდენობის მატებასთან”, - განაცხადა ეზუგბაიამ. ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ დაახლოებით ათი დღის განმავლობაში შესაძლოა იგივე მონაცემები იყოს, რაც დღეს გვაქვს, თუმცა სახელმწიფოს აქვს ბერკეტი საწოლფონდთან დაკავშირებით მდგომარეობა შეამსუბუქოს”, - დასძენს გამოცემა.

“დაახლოებით ათი დღის განმავლობაში ალბათ მსგავსი შედეგები გვექნება, დღიური მაჩვენებელი მაღალი იქნება, სამწუხაროდ სიკვდილიანობაც მაღალი იქნება. ჰოსპიტალური სექტორი მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს, დღიური ახალი შემთხვევების უფრო ზრდის შემთხვევაში, რა თქმა უნდა ჰოსპიტალურ სექტორს უფრო გაუჭირდება. თუმცა, რაღაც ბერკეტები არის. განსაკუთრებით მთავარი ბერკეტი არის ის, რომ ჰოსპიტალში მხოლოდ ის პაციენტები მოთავსდნენ, ვინც ჟანგბადდამოკიდებულია და მძიმე მდგომარეობა აქვთ და ჰოსპიტალში ყოფნას საჭიროებენ. სახელმწიფოს, ჩემი აზრით, ამ კუთხით აქვს სამუშაო. ამ კუთხით არსებობს რესურსი, რომ პაციენტების ჰოსპიტალიდან გაწერა და ახალი პოაციენტების მიღება დროულად მოხდეს. ამ შემთხვევაში ჰოსპიტალურ სექტორს ცოტათი გავათავისუფლებთ და კლინიკებში ადგილები უფრო მეტი გვექნება, ამიტომ ამ კუთხით გარკვეული ხარვეზები არის და იმედი მაქვს, რომ აღმოიფხვრება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

“იმედია, რომ ორი კვირის შემდეგ რეგულაციები და მოსახლეობის მხრიდან რეკომენდაციების დაცვა გარკვეულ შედეგს გამოიღებს და ახალი შემთხვევების კლებას მაინც დაიწყებს. ალბათ არსებული ყოველდღიური შემთხვევების გაორმაგება არ უნდა მოხდეს, შესაძლოა რაღაც პერიოდის განმავლობაში ასე 5000-6000 -ის ფარგლებში იყოს და შემდეგ კლება დაიწყება, გარდაცვლილთა რაოდენობაც, სამწუხაროდ, დღიური მაჩვენებელი 50-ის გარგლებში და შესაძლოა მეტიც კი იყოს. რადგან გარდაცვალების რაოდენობის მატება, ინფიცირებულთა რაოდენობის მატებას ჩამორჩება, ანუ ჯერ იმატებს ინფიცირებულა რაოდენობა, შემდეგ იმატებს მძიმე პაციენტების რაოდენობა და დაახლოებით ერთ-ორ კვირაში გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობის მატება მოჰყვება, ამიტომ სავარაუდოდ და სამწუხაროდ მსგავსი სტატისტიკა გვექნება, ხუთიათასი პაციენტი სადღაც 50-60 გარდაცვლილი დღიური მაჩვენებლით”, - ამბობს გოგინავა. ალერგიოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ლეტალობის საგანგაშო მაჩვენებელზე კი წერს, რომ სანამ კორონავირუსით დღეში რამდენიმე ათეული ადამიანი იღუპება, ქვეყანაში გლოვის დღეები გამოცხადდეს, რაც “ავტომატურად გამორიცხავს დაუსრულებელ ტაშ-ფანდურს და კონცერტომანიას”, - წერს სტატიის ავტორი.

“ვაქცინამ უამრავი ადამიანი გადაარჩინა” - რისკის განსხვავებული დონე აცრილებსა და აუცრელებს შორის

“CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით, აგვისტოს დასაწყისში აშშ-ში კორონავირუსის წინააღმდეგ 164 მილიონზე მეტი ადამიანი იყო ორივე დოზით აცრილი. მათგან, 0.001%-ზე ნაკლები ანუ 1 507 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, ხოლო 0.005%-ზე ნაკლების ანუ 7 101 ადამიანის ჰოსპიტალიზება მოხდა. გართულებული შემთხვევების 74%-ში პაციენტთა ასაკი 65 წელს აღემატებოდა. 1 500 დაღუპულიდან კი ყოველი მეხუთეს გარდაცვალების მიზეზი სხვა ფაქტორი იყო და არა - ვირუსი, მიუხედავად დაინფიცირებისა. კოვიდით დაინფიცირების რისკები ორჯერადად აცრილი ადამიანის შემთხვევებშიც გვხვდება და გარდაცვალების საშიშროებაც არის - გახდება თუ არა სჭირო მესამე დოზის გამოყენება და ვის შეიძლება დასჭირდეს. ამის შესახებ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ გართულებების მიუხედავად, ვაქცინამ უამრავი ადამიანი გადაარჩინა დაღუპვას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ვაქცინამ უამრავი ადამიანი გადაარჩინა” - რისკის განსხვავებული დონე აცრილებსა და აუცრელებს შორის.

“კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდგომ დაინფიცირების შემთხვევაში გასათვალისწინებელია როდის აიცრა ადამიანი, რამდენ ხანში დაემართა ინფექცია და რაიმე სხვა თანმდევი დაავადებები ხომ არ აღენიშნება, რომელიც შემდგომ პაციენტის დამძიმების პროვიცირებაში დიდ როლს ასრულებს. აცრა არ არის მკურნალობა, ეს არის ხელოვნურად ინფექციის დაბალი დონით გამოწვევა ორგანიზმში, რათა მოხდეს ანტისხეულების გამომუშავება. არა მხოლოდ კოვიდ ვაქცინას, არამედ ყველა სხვას, რაც აქამდე გვქონია, დაწყებით ეტაპზე მსგავსი გართულებები ჰქონდა და უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ მაშინაც დაიღუპნენ ადამიანები. ზოგი ანაფილაქსიური შოკით და ზოგიც სხვადასხვა გართულებებით. ადამიანის ორგანიზმის მიუღებლობა განსხვავდება პრეპარატების მიმართ, ამიტომ იქნება მსგავსი გართულებები, მაგრამ უნდა ვისაუბროთ იმ გადმოსახედიდან, თუ რამდენი ადამიანის გადარჩენა მოხდა სამაგიეროდ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

“როგორც ვიცი, შესაძლებელია საქართველოშიც იყოს მსგავსი შემთხვევა, როდესაც ორჯერადად აცრილი პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით, თუმცა ზუსტი სტატისტიკა ჩემთვის ცნობილი არ არის. მიუხედავად ყველაფრისა, დღეს ჩვენ მხოლოდ ერთი გზა გვაქვს ეპიდემიის დასამარცხებლად და ეს გზა არის ვაქცინაცია, რა თქმა უნდა, იმ რეგულაციების დაცვასთან ერთად რისი რეკომენდაციებიც ჯანდაცვის ორგანიზაციებისგან გვაქვს... გამომდინარე იქედან, რომ ორჯერადად აცრის შემდგომ დაინფიცირების შემთხვევები მაინც გვაქვს, საჭირო გახდა ვაქცინის მესამე დოზის გამოყენების საკითხის განხილვა, ეს დამოკიდებულია ადამიანის ორგანიზმზე, შესაძლოა ადამიანისთვის ერთი აცრაც საკმარისი აღმოჩნდეს, ხოლო ზოგს სამი დასჭირდეს იმუნიტეტის გასამყარებლად. თუ კვლევის შედეგად პირველი და მეორე აცრის შემდეგ, პაციენტის ორგანიზმში იმუნიტეტი არ გამომუშავდა ის მესამედაც უნდა აიცრას”, - დასძენს ხმალაძე.

ტურიზმმა ტემპი დაკარგა და შუა სეზონზე უკუსვლა დაიწყო - ახალმა შეზღუდვებმა დასვენების მსურველები უკვე დააფრთხო

“დამძიმებული კოვიდსტატისტიკის გამო, ქვეყანაში უკვე მეორე დღეა ახალი შეზღუდვები მოქმედებს. მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან გასამკლავებლად საქართველოს მთავრობამ კვლავ რეგულაციების გატარების გზას მიმართა. შეზღუდვები ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას მოახდენს და ერთ-ერთი პირველი ტურიზმის სფერო იქნება. შეზღუდვები ამჯერად “შერბილებულია”, ანუ იმაზე ნაკლებად დამაზარალებელი, ვიდრე ბოლო წელიწად-ნახევარის განმავლობაში ყოფილა. სამშაბათიდან აიკრძალა ქორწილების, ქელეხების და იუბილის გადახდა. კვების ობიექტებს სამუშაო დრო ისევ შეუმცირდათ და ისინი ღამის 12 საათიდან დილის 5 საათამდე მონაკვეთში ვერ იმუშავებენ. გარდა ამისა, ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება დაბრუნდა, თუმცა იმ შემთხვევაში, სადაც ხუთი ადამიანი შეიკრიბება. მართალია ქვეყანაში ლოქდაუნი არ გამოცხადებულია, თუმცა ნებისმიერი სახის შეზღუდვა ეკონომიკას აზარალებს, მით უფრო, თუ ეს ისეთ შემოსავლიან და აქტიურად მომუშავე სექტორს ეხება, როგორიც კვების ობიექტებია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ტურიზმმა ტემპი დაკარგა და შუა სეზონზე უკუსვლა დაიწყო / ახალმა შეზღუდვებმა დასვენების მსურველები უკვე დააფრთხო.

“მიუხედავად იმისა, ახალი რეგულაციები კვების ობიექტებს მძიმე შედეგს მოუტანს, საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის კოტე გაბრიჩიძის აზრით, ასეთ რთულ ვითარებაში, დაუშვებელია, დიდი შეკრებების გამართვა და სწორედ ამიტომ, მათ მთავრობას არაერთხელ მიმართეს, რომ ეს ყველაფერი აკრძალულიყო. “ქორწილებისა და ქელეხების გადახდა ხომ ისედაც თითქმის 2 წელია აკრძალულია, თუმცა მიუხედავად ამისა, ვიღაც თავხედები და კრიმინალები ამას მაინც აკეთებდნენ, რაც ფაქტიურად, კანონის დარღვევაა. როგორც ქურდობა არ შეიძლება და ვიღაცები მაინც ქურდობენ, სწორედ იგივე შემთხვევაა ესეც. ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი. ჩვენი ასოციაცია, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში, ითხოვს, რომ სასტიკად დაისაჯოს ის ხალხი, ვინც მსგავს მასშტაბურ ღონისძიებებს აწყობს. ამ ყველაფერზე ვსაუბრობთ მაისის შემდეგ. დაუშვებელია დილამდე 5 ათასი კაცი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ “ძიგძიგებდეს”. ეს ამ ვითარებაში კატასტროფაა და ჩვენ წინასწარ ვიძახდით, რომ მოიტანდა მძიმე შედეგს და ასეც მოხდა. დავმარცხდით”, - ამბობს კოტე გაბრიჩიძე. რესტორნებთან ერთად, რთულ ვითარებაშია სასტუმროებიც. მათი ბედი ახლა დიდწილად უცხოელ ვიზიტორებზეა დამოკიდებული. ისინი კი, ჯავშნებს აუქმებენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“როგორც სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა დაადასტურა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დამძიმების შემდეგ ჯავშნები მასობრივად გაუქმდა, განსაკუთრებით კი, თბილისში. “ივლისი იყო ძალიან კარგი. იმდენად კარგი, რომ ჩავთვალეთ, 60%-ით დავბრუნდით 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, თუმცა მას შემდეგ, რაც ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესდა და რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის ისრაელმა ჩაგვკეტა, ძალიან ბევრი ჯავშანი გაგვიუქმდა და ეს განსაკუთრებით დედაქალაქში შეიმჩნევა”, - განაცხადა ალავერდაშვილმა. ახალი შეზღუდვების შემოღება გავლენას ტურიზმზეც მოახდენს, რადგან რეგულაციის მიხედვით, რესტორნების და ღამის კლუბები ღამის 12 საათზე უნდა დაიხუროს. ტურიზმის ინდუსტრიაში, რომელიც ბოლო წელიწად-ნახევარში ყველაზე მეტად დაზარალდა, თითქოს, სასიკეთე ძვრები დაიწყო, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ სექტორი ახლა მორიგი გამოწვევის წინაშეა. რთულად სათქმელია, რამდენად მოხდება ახალ პრობლემებთან გამკლავება, თუმცა ფაქტია, რომ ის მოლოდინი, რომელიც ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით არსებობდა, არ გამართლდა”, - განაგრძობს გამოცემა.

“სწორედ ამიტომ მძიმე განცხადებას აკეთებენ ტურიზმის სფეროს სპეციალისტები. ისინი მიიჩნევენ, რომ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საქართველოში ჩამოსული ტურისტები უკან გაბრუნდებიან. დარგის სპეციალისტი მანანა ალადაშვილი აღნიშნავს, რომ ინფიცირების მზარდ მაჩვენებელთან ერთად, პრობლემაა შემოღებული შეზღუდვებიც, რაც ტურიზმზე გავლენას აუცილებლად მოახდენს. ქვეყანაში კოვიდ სტატისტიკა სულ უფრო მძიმდება, წესდება შეზღუდვები, უქმდება ჯავშნები და აცრის პროცესიც დიდად სახარბიელოდ არ მიმდინარეობს. ამიტომ ვითარებაც სულ უფრო მეტად მძიმდება და იძაბება. ფაქტია, რომ წლევანდელი ზაფხულის სეზონი ისე ვერ “იმუშავებს”, როგორი მოლოდინიც არსებობდა და ამას უკვე ყველა გრძნობს”, - დასძენს გამოცემა.

“ბოლო მონაცემები ცხადყოფს, რომ ტურიზმის კუთხით, საქართველო რეიტინგულად ძალიან დაბლა ჩამოვიდა. ახალი ნაკადის შემოსვლის ნაცვლად, ვფიქრობ, საქართველოში ვინც ჩამოვიდა, ისინიც უკან, თავის ქვეყანაში ბრუნდებიან. ამის განმაპირობებელი მიზეზი კი მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. ძალიან დიდია ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა. ქვეყანაში დაწესებული ახალი შეზღუდვები, რა თქმა უნდა, ტურიზმზე გავლენას იქონიებს. როდესაც ქვეყანაში უცხოელი შემოდის, ის დღე ექსკურსიებს ანდომებს, საღამოს კი რესტორანში, ან კაფეში ისვენებს და ერთობა. საქართველოში ტურისტი იმის გამო არ ჩამოდის, რომ გასტრონომიული თვალსაზრისით რაიმე სიახლე ნახოს, მაგრამ ესეც ერთ-ერთი დამახასიათებელი მნიშვნელოვანი კომპონენტია ტურისტული პაკეტისა და თუკი ვიზიტორს ამის საშუალება არ ექნება, რა თქმა უნდა, ძნელი იქნება მათი დაინტერესება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მანანა ალადაშვილი.