Agile Spirit 2021-ის სამეთაურო-საშტაბო კომპონენტი დასრულდა

Agile Spirit 2021-ის სამეთაურო-საშტაბო კომპონენტი დასრულდა

სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლების „Agile Spirit 2021“-ის სამეთაურო-საშტაბო დახურვის ცერემონია გაიმართა. რაც შეეხება საველე წვრთნებს, ის 6 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სწავლების ქართველი და ამერიკელი ხელმძღვანელები, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და პოლკოვნიკი კრის მარშალი ადგილზე იმყოფებოდნენ. მათ განხორციელებული აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს და სამეთაურო-საშტაბო კომპონენტში წარმოდგენილ 15 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრნენ.

„სწავლების ქართველმა და ამერიკელმა ხელმძღვანელებმა სწავლების სამეთაურო-საშტაბო კომპონენტში ჩართულ პირად შემადგენლობას მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს და საერთაშორისო სწავლებების მნიშვნელობა და პარტნიორობა ხაზგასმით აღნიშნეს. დასასრულს, წვრთნებში ჩართული სამხედრო მოსამსახურეები Agile Spirit 2021-ის სამახსოვრო დაფებითა და კოინებით დააჯილდოვეს“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამეთაურო-საშტაბო სწავლების მიზანი იყო ბრიგადის დონის ქვედანაყოფში გაერთიანებული ძალების კოორდინაცია და ტაქტიკურ საბრძოლო ძალად ჩამოყალიბება. სამეთაურო-საშტაბო კომპონენტის სწავლებაში Agile Spirit 2021-ში მონაწილე 15-ვე ქვეყნის წარმომადგენელი იყო ჩართული.

შეგახსენებთ, მე-10 საიუბილეო სწავლება Agile Spirit 2021 საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის ორგანიზებით იმართება.