თავდაცვის ძალებში სპორტული ტურნირი გაიმართა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებს შორის გამართული სპორტული ტურნირი დასრულდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ვაზიანში, მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში სამხედრო მოსამსახურეები ერთმანეთს სპორტის ოთხ სახეობაში - ფეხბურთში, ფრენბურთში, მკლავჭიდსა და ძალოსნობაში შეეჯიბრნენ.
„გამარჯვებულებს თასები და მედლები თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა, მე-4 მექანიზებული ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი ჯინჭარაძემ, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მთავარმა სერჟანტმა, შალვა მთვარელიშვილმა, მე-4 მექანიზებული ბრიგადის მთავარმა სერჟანტმა, კახაბერ ლაბაძემ და მე-5 საარტილერიო ბრიგადის მთავარმა სერჟანტმა, დავით ბარბაქაძემ გადასცეს. ტურნირი ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. აღმოსავლეთ სარდლობის ორგანიზებით სპორტული შეჯიბრი სამხედრო მოსამსახურეებს შორის მომავალშიც გაიმართება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























