ჯუანშერ ბურჭულაძე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე - უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩემს ქვეყანასა და შავი ზღვის რეგიონში ნატო-სა და პარტნიორი ქვეყნების უფრო აქტიური ჩართულობით მიიღწევა

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს წინაშე მოხსენებით წარსდგა.
თავდაცვის მინისტრმა ალიანსის წევრებს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებთან ერთად, თავდაცვის რეფორმირების პროცესი გააცნო, რომელიც ნატო-სთან თავსებადი, მაღალი მზადყოფნისა და თავდაცვისუნარიანი ძალების ჩამოყალიბებას ემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, სიტყვით გამოსვლისას ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატო-სთან პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმის სრული სპექტრი მიმოიხილა. ხაზი გაესვა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სახით ნატო-ს პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის მზადებას ემსახურება. მინისტრმა ნატო-ს, ალიანსის მოკავშირე ქვეყნებსა და პარტნიორებს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელებაში მხარდაჭერისა და აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
„უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩემს ქვეყანასა და შავი ზღვის რეგიონში ნატო-სა და პარტნიორი ქვეყნების უფრო აქტიური ჩართულობით მიიღწევა“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ და მიესალმა ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე მიღებულ კომუნიკეს, რომელშიც ხაზგასმულია ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მიმართ და საუბარია ნატო-საქართველოს ურთიერთობებში მესამე მხარის ჩაურევლობის შესახებ.
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ჯუანშერ ბურჭულაძემ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში საქართველოს წვლილზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველო, როგორც ალიანსის ოპერაციული პარტნიორი და მომავალი წევრი, საერთო უსაფრთხოების პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული რჩება.

























