ჯუანშერ ბურჭულაძე - ჯარის უწყვეტი და ხარისხიანი მომარაგების მიზნით, მნიშვნელოვანია სამხედროების ადგილობრივი წარმოების უნიფორმით უზრუნველყოფა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯარის უწყვეტი და ხარისხიანი მომარაგების მიზნით, მნიშვნელოვანია სამხედროების ადგილობრივი წარმოების უნიფორმით უზრუნველყოფა.
საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა ადგილობრივი სამხედრო ინდუსტრიის განვითარების გარდა, სამხედროების ადგილობრივი წარმოების უნიფორმებით უზრუნველყოფაზეც ისაუბრა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ დეპუტატებს შპს „დელტა ტექსტილის“ დაფუძნების, მისი საქმიანობისა და გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ კომპანია პანდემიისა თუ სხვა ფორსმაჟორულ სიტუაციებშიც კი, უნიფორმითა და ტექსტილის სხვა ნაწარმით თავდაცვის ძალების შეუფერხებელ მომარაგებას უზრუნველყოფს.
„მიმდინარე წელს ჩვენ უკვე მივიღეთ პირველი პროდუქცია და წლის ბოლომდე კიდევ მივიღებთ ჯარისკაცებისთვის ისეთ მნიშვნელოვან ნაწარმს, როგორიცაა კომუფლირებული უნიფორმები, მაისურები, სპორტული ტანსაცმელი და ტექსტილის სხვადასხვა სახეობა“, - განაცხადა ბურჭულაძემ.
ასევე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვითი ქვედანაყოფების მობილურობის ამაღლება ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა.
თავდაცვის მინისტრმა, ამ მიზნით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები, ლოჯისტიკური შესაძლებლობების განვითარების კუთხით შემუშავებული და განხორციელებული პროექტები გაიხსენა.
„ლოჯისტიკური შესაძლებლობების განვითარების მიზნით, დღეისათვის თავდაცვის ძალებს უკვე მიღებული აქვს 500 ერთეულამდე მსოფლიო ბრენდების გერმანული „მანის“, იტალიური „ივეკოს“ და ამერიკული „ფორდის“ მარკის სპეციალური დანიშნულების ტექნიკა. ეს არის იმ პოლიტიკის ნაწილი, რომლის ფარგლებში საბჭოთა მოძველებული ტექნიკა ეტაპობრივად განახლდება და თანდათანობით ჩვენი ქვედანაყოფები მსუბუქი და მაღალი გამავლობის სპეცტექნიკით აღიჭურვება“,- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
მინისტრის თქმით, მაღალი ხარისხისა და სტანდარტების სპეციალური ტექნიკით აღჭურვა თავდაცვის ძალების სამხედრო შესაძლებლობების, ქვედანაყოფების მობილურობისა და ზოგადად, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ხელს უწყობს.

























