ქართული პრესის მიმოხილვა 11.03.2021

ქართული პრესის მიმოხილვა 11.03.2021

300 სამუშაო ადგილისთვის 95 000 კაცი იბრძვის - ეს კატასტროფაა!

საქართველოს გარღვევის შანსი - მზად არის თუ არა ბაიდენი გადადგას რეალური ნაბიჯები

რა შემთხვევაში ხდება კორონავირუსით რეინფიცირება და როგორ აისახება ეს პანდემიის მსვლელობაზე

* * *

300 სამუშაო ადგილისთვის 95 000 კაცი იბრძვის - ეს კატასტროფაა!

“გერმანიაში ლეგალურად წასვლა და სხვა ქვეყანაში დასაქმება სულ უფრო მეტ ადამიანს სურს. ვაკანსიების რაოდენობა ძალიან ცოტაა, წასვლის მსურველი კი, თითქმის 100 ათასი ადამიანი. “რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, აღნიშნული შეთავაზება რამდენად საინტერესო და მნიშვნელოვანია ქართველებისთვის და ქვეყნიდან მუშახელის გადინებით შეიქმნება თუ არა პრობლემები სოფლის მეურნეობაში. გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამის პლატფორმაზე სულ 95 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა. თავად გერმანული მხარის მიერ კი, ამ დროისთვის, 300 ვაკანსია არის შემოთავაზებული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით 300 სამუშაო ადგილისთვის 95 000 კაცი იბრძვის - ეს კატასტროფაა! / “ესე იგი ჩვენ, ფაქტობრივად, ეკონომიკა არ გვაქვს... კიდევ კარგი, რომ ყველას არ წაიყვანენ”.

“დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში აცხადებენ, რომ მომავალში ვაკანსიების რაოდენობის “მნიშვნელოვან მატებას” ელიან, თუმცა კონკრეტულ რიცხვს ვერ ასახელებენ. შესაბამისად, ამჟამად ერთ სამუშაო ადგილზე არსებული კონკურსი 315 ადამიანს აღემატება. პროგრამის ამუშავების შემდეგ, გერმანიაში მყოფმა არაერთმა ქართველმა ემიგრანტმა განაცხადა, რომ იქ სოფლის მეურნეობის კუთხით მუშაობა საკმაოდ რთულია და დიდ შრომას მოითხოვს. როგორც აღმოჩნდა, ქართველებისთვის არც ეს ფაქტორია შემაფერხებელი და წასვლის მსურველთა რაოდენობაც მატულობს და მატულობს. ბიზნეს სამართლის სფეროს სპეციალისტი, იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი ფიქრობს, რომ “დაინტერესების ამ ტალღას სახელმწიფო ვერ შეაჩერებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გერმანიაში ქართველების ლეგალურად დასაქმებას ვუყურებ, როგორც დადებითად, ისე უარყოფითად. ცუდი არ არის, რომ ქვეყნიდან სამუშაოდ ვიღაც წავა, მაგრამ სამწუხაროდ, ადამიანებს ქვეყნიდან გაქცევაზე უჭირავთ თვალი და ამის ხელშეწყობა ხდება. ასეთი მიძალება კარგი არ არის და ეს ასახავს ჩვენი ქვეყნის რეალურ მდგომარეობას. საქართველოში გარკვეული სახით დაინტერესება სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ასე თუ ისე არის, კვალიფიციური მუშახელი კი ძალიან ჭირს. საქართველოშიც არის მიწაზე სამუშაო სეზონების მიხედვით. ამიტომ დროთა განმავლობაში ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდებით, რომ ადგილზე მუშახელის დეფიციტი შეიქმნება და სეზონური დასაქმების დროს გვექნება რეალური პრობლემა. დაინტერესების ამ ტალღას სახელმწიფო ვერ შეაჩერებს. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში სტაბილური სამუშაო ადგილების გაჩენის შესაძლებლობა არ იკვეთება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ჩარგეიშვილი,

“ამიტომ, ადამიანები ყველანაირად ცდილობენ როგორმე ქვეყნის გარეთ გავიდნენ. თუკი ვაკანსიები იქნება ცოტა, ეს იმას ნიშნავს, რომ ქაოსურ გადინებასაც ექნება ადგილი, რაც უფრო ცუდია. ამიტომ, უკეთესი იქნება, თუ მეტი სამუშაო ადგილის შეთავაზება მოხდება და დროთა განმავლობაში წასულები უკან დაბრუნდებიან”, - თვლის ჩარგიშვილი და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია თუ გერმანიაში ქართველების მიერ გამომუშავებული ანაზღაურება საქართველოშივე დაიბეგრება, რასაც ორმაგი ეფექტი ექნება. კორონავირუსის პირობებში, ადგილობრივ წარმოებას დიდი ყურადღება დაეთმო, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ სოფლის მეურნეობა იმაზე მეტად ამუშავდა, ვიდრე აქამდე. შესაბამისად, მუშახელი ქვეყანაშიც საჭიროა, განსაკუთრებით კი, სეზონური სამუშაოების დროს. როგორც სოფლის მეურნეობის დარგის ექსპერტები აცხადებენ, გერმანიაში ქართველების სამი თვით წასვლით, საქართველოს სოფლის მეურნეობას პრობლემები არ შექმნება, მაგრამ აქ სხვა რამაა საყურადღებო. ჯუმბერ ფანჩულიძის თქმით, მთავარია, გერმანიაში წასულმა ქართველებმა ცოდნა შეიძინონ და უკან დაბრუნების შემდეგ იგი ქვეყანას მოახმარონ. სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ მოსახლეობის ასეთი დაინტერესება, ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებს. სწორედ ამის შესახებ საუბრობს სოფლის მეურნეობის დარგის ექსპერტი, ბადრი რამიშვილი. აგრარული კუთხით არასწორ პოლიტიკაზე საუბრობს აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი და ხაზს უსვამს, რომ საქართველოდან მოსახლეობა მიდის მაშინ, როდესაც ქვეყნის მიწების უდიდესი ნაწილი, 60-65% დაუმუშავებელია”, - დასძენს გამოცემა.

“კომისიაში უნდა იყვნენ პატრიოტები და საქმის მცოდნეები. მათ ქვეყნის წინაშე პასუხიმგებლობა უნდა აიღონ, რათა ისეთი ხალხი წავიდეს, რომ იქ არ შეგვარცხვინონ. მეორეც, აუცილებელია, ისინი ქვეყანაში დროულად დაბრუნდნენ და იქ შეძენილი ცოდნა საქართველოს მოახმარონ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კომისიაზეა დამოკიდებული, ვის გაუშვებს. ჩვენ მათი წასვლით პრობლემები არ შეგვექმნება. თუ სამი თვით ქართველი სოფლის მეურნეობას მოწყდება არა უშავს. მთავარია, გერმანიაში საქმიანი ადამიანი წავიდეს, ამ სამი თვის მანძილზე ცოდნა შეიძინოს”, - მიიჩნევს გამოცემასთან საუბრისას ჯუმბერ ფანჩულიძე.

“ეს გარემოება ქვეყანას უქმნის პრობლემას და საქართველოში არსებულ საშინელ მდგომარეობაზე მეტყველებს. თითქმის 100 ათასმა ადამიანმა გერმანიაში წასვლის სურვილი გამოთქვა. ეს არის საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის თითქმის, 15%. ესე იგი ჩვენ, ფაქტობრივად, ეკონომიკა არ გვაქვს. კიდევ კარგი, რომ ყველას არ წაიყვანენ. მე ვიცოდი, რომ 2-3 ათას ქართველს გაუშვებდნენ, მაგრამ ძალიან კარგია თუ 300 ვაკანსიაზეა საუბარი. როდესაც თითქმის 100 ათასი ადამიანი 300 ადგილისთვის “იბრძვის”, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა არ გვყავს, რომელიც დაკავებული იქნება ეკონომიკური პრობლემის მოგვარებით. სამუშაო ძალის 15-20% რომ ქვეყნის გარეთ გავიდეს, ესე იგი ქვეყანას ხელისუფლება არ ჰყავს და ეკონომიკას არავინ მართავს”, - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრსას ბადრი რამიშვილი.

“ჯერ კიდევ ბილ კლინტონის პრეზიდენობის დროს, დაყენებული იყო საკითხი, რომ საქართველოსთვის დაშვებულიყო კვოტა და ამერიკაში ქართველი გლეხები საგაზაფხულო სამუშაოებზე წასულიყვნენ. მაშინ, რატომღაც ეს საკითხი არ გადაწყდა. ახლა 95 ათასზე მეტმა ადამიანმა გააკეთა განაცხადი 300 ადგილზე. ეს კატასტროფაა, ხალხი გარბის მაშინ, როდესაც საქართველოს მიწების უდიდესი ნაწილი - 60-65% დაუმუშავებელია. არ არსებობს სწორი აგრარული პოლიტიკა, არ არსებობს სახელმწიფოს სწორი მხარდაჭერის პოლიტიკა, სოფლის მეურნეობის განვითარებისადმი. საქართვლოს სიძლიერე ყოველთვის იყო მიწასთან მარადიული კავშირი. ამიტომ მტერმაც ვერაფერი დაგვაკლო. ახლა ეს ურთიერთობა წყდება”, - დაასკვნის აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი.

საქართველოს გარღვევის შანსი - მზად არის თუ არა ბაიდენი გადადგას რეალური ნაბიჯები

“ამერიკას შეუძლია, რომ საქართველოს მხარდაჭერის თვალსაზრისით ნატოში როგორც სუპერსახელმწიფომ თავისი სიტყვა თქვას, თუმცა ამით ყინული ვერ დაიძვრება და სკეპტიკურად განწყობილი სახელმწიფოების პოზიცია არ შეიცვლება - ამის შესახებ საგარეო საკითხების ექსპერტები საუბრობენ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ჯერჯერობით საქართველოს უსაფრთხოების თვასაზრისით უფრო რეალისტური ამერიკა-საქართველოს შორის პირდაპირი სამხედრო ხელშეკრულებაა. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ სანამ საქართველომ სკეპტიკოსი სახელმწიფოების გულს მოიგებს, ყველაზე რეალისტური ვარიანტი ამერიკული ბაზების განთავსებაა, თუმცა, აქაც გარკვეული რისკებია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით საქართველოს გარღვევის შანსი - მზად არის თუ არა ბაიდენი გადადგას რეალური ნაბიჯები.

“ამერიკას შეძლებით კი შეუძლია, რომ საქართველოს მხარდაჭერის თვალსაზრისით ნატოში როგორც სუპერ სახელმწიფომ თავისი სიტყვა თქვას, მაგრამ არა მგონია, რომ ამან ყინული დაძრას იმიტომ, რომ აქ უკვე სხვა სახელმწიფოების დარწმნუნებაა საჭირო, პრობლემა არა ამერიკელების, არამედ სკეპტიკურად განწყობილი სახელმწიფოების დაძლევაზეა. საქართველოს მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ნატოს სახელმწიფოების თვალსაზრისით სხვადასხვა დროს სხვადასხვა პრობლემები იყო - სააკაშვილის დროს იყო ის, რომ საშინელი ავტორიტარული რეჟიმი იყო და “იმედის” დარბევამ და სხვა ქმედებებმა ურთიერთობა საკმაოდ დაძაბა, არც ერთი სახელმწიფო სააკაშვილის მიერ აშენებულ ქვეყანას ნატოში არ შეუშვებდა. მერე იყო პრობლემები რუსეთის ფაქტორთან დაკავშირებით, რუსეთის არგაღიზიანების მომენტი, ასევე, ოკუპირებული ტერიტორიის მომენტი. ახლა რა ხდება არ ვიცი, თუმცა, ადრე თუ ეკონომიკური სტაბილურობის პრობლემები გვქონდა, ახლა პოლიტიკური კრიზისიც დაემატა, თან რეგიონშიც სიტუაცია უკვე განსხვავებულია”, აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ჯერჯერობით თეორიულად საქართველოში ამერიკის ბაზების განთავსება უფრო რეალისტურია, ვიდრე ნატოში გაწევრიანების მთელი ეს პერიპეტიები. ასევე, თეორიულად, ევროკავშირში გაწევრიანების უფრო მეტი შანსია, ვიდრე ნატოში, მაგრამ ევროკავშირზე მეტად უფრო რეალისტური ამერიკის ორმხრივი სტრატეგიული, არანატოს წევრი ქვეყნის მოკავშირის სტატუსია. თუმცა, ამ ბაზების განთავსებასაც თავისი საფრთხეები აქვს, არავინ არ იცის რუსეთი რა რეაგირებას მოახდენს” - ამბობს მაისაია. ანალოგიურად ფიქრობს ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე, იგი აღნიშნავს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება დღესდღეობით სკეპტიკოსი სახელწიფოების თვალსაზრისით სირთულეს წარმოადგენს, ამისი საუკეთესო ალტერნატივა კი საქართველოში ამერიკული ბაზების განთავსება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩემი აზრით, აშშ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს მხარს დაუჭერს, ისევე როგორც სხვა ადმინისტრაციების პირობებში უჭერდა, უბრალოდ აქ პრობლემას ის ფაქტი წარმოადგენს, რომ ნატოს ფარგლებში გადაწყვეტილება კონსენსუსის საფუძველზე მიიღება. ჯერჯერობით ნატოს წევრ სახელმწიფოებს შორის კონსენსუსი არ არსებობს, ამიტომ მიმაჩნია, რომ აღნიშნულის ალტერნატივა იმისა, რომ საქართველოში ნატოში ვერ წევრიანდება, ესაა საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსება, ანუ საქართველომ ამერიკული მხარე უნდა დაარწმუნოს იმაში, რომ ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფა აუცილებელია, რომლისთვისაც საჭიროა ამერიკული სამხედრო ბაზების არსებობა. იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკა თავდაცვაზე 740 მილიარდ დოლაზე მეტს გამოყოფს, ანუ ამერიკაზე მსოფლიო სამხედრო ხარჯების თითქმის 50% მოდის და ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვითი ხარჯების 70%-ზე მეტი, შესაბამისად შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ საქართველოს ნატოში ვერ გაწევრიანების ალტერნატივა პირდაპირი ბილატელარული ხელშეკრულებაა აშშ-სა და საქართველოს შორის”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“ცივი ომის პერიოდში აშშ-ს ასეთი ტიპის ხელშეკრულებები რამდენიმე სახელმწიფოსთან ჰქონდა, მათ შორის იაპონიასთან, მაგალითად სან ფრანცისკოს ხელშეკრულება, რომელსაც ხელი 1951 წელს მოეწერა, რომელიც ითვალისწინებდა იაპონიის ამერიკული სამხედრო ქოლგის ქვეშ ყოფნას და მათ ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსებას, დღეს დაახლოებით 30 ათას კაციანი კონტინგენტი ჰყავს კუნძულ ოკინავაზე. აშშ-ს მსგავს ხელშეკრულებას ხელი ასევე სამხრეთ კორეასთან, ისრაელთან მოეწერა, ამიტომაც საქართველოსთვისაც კარგი იქნებოდა, რადგან ამ ბაზების არსებობა საქართველოში შიდა სტაბილურობას უზრუნველყოფს, გარკვეულწილად რუსეთი იძულებული იქნება, რომ არსებულ რეალობას ანგარიში გაუწიოს. აშშ-ის ინტერესებში უნდა შედიოდეს საქართველოში არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და მილსადენების დაცვა, ასევე თუ ანაკლიის პორტის დაცვა, თუ მისი მშენებლობა გვეღირსა” - განაგრძობს ანალიტიკოსი.

“გარდა ამისა, შესაძლოა რუსეთთან ვაჭრობა გაიმართოს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ტერიტორიის დელიმიტარიზაცია მოხდეს, ანუ რუსეთმა სამხედრო ბაზები ოკუპირებული ტერიტორიიდან გაიყვანოს, ამერიკამ კი დანარჩენი საქართველოს ტერიტორიიდან. საქართველოს ამერიკული ბაზების განთავსება საშუალებას მისცემს, რომ უფრო მეტი ეკონომიკური სტაბილურობა უზრუნველყოს, როგორც შედარებით სტაბილურმა ქვეყანამ ინვესტიციები მოიზიდოს, პლიუს რუსეთთან ვაჭრობის ბერკეტი ექნება. რაც შეეხება უშუალოდ ბაიდენის ადმინისტრაციას, კი ბატონო, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართულებით მხარდაჭერა იქნება, თუმცა, ეს თანამშრომლობა უფრო მეტ კონკრეტიკას საჭიროებს. აუცილებელია, რომ რეალობას თვალი გავუსწოროთ, გერმანია, საფრანგეთი და სხვა ქვეყნები ჩვენი ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგნი არიან, მათ საქართველო დიდხანს ვერ დაელოდება, ამიტომაც უშუალოდ ამერიკა-საქართველოს შორის ხელშეკრულების გაფორმებაა აუცილებელი”, - დაასკვნის ნიკა ჩიტაძე.

რა შემთხვევაში ხდება კორონავირუსით რეინფიცირება და როგორ აისახება ეს პანდემიის მსვლელობაზე

“კორონავირუსით რეინფიცირება არის ის შემთხვევა, როცა ადამიანმა კოვიდი უკვე გადაიტანა და მისი მსხვერპლი ხელმეორედაა - ეს კი მაშინ ხდება, თუ ადამიანს ვირუსის მიმართ სპეციფიკური იმუნიტეტი არ აქვს, ან ანტისხეულები კარგად არაა გამომუშავებული. სპეციალისტები ამბობენ, რომ შემთხვევები ძირითადად მსუბუქი ფორმით მიდის და ლეტალურ შემთხვევებზეც ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა, აცხადებენ, რომ ესეც ადამიანის ორგანიზმზეა დამოკიდებული დაავადება როგორი მიმდინარეობის იქნება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როგორც მან განმარტა, პაციენტი ვირუსით დაახლოებით სამი თვის შემდეგ რეინფიცირდა, თუმცა ორივე შემთხვევაში ვირუსი მსუბუქი მიმდინარეობისაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა შემთხვევაში ხდება კორონავირუსით რეინფიცირება და როგორ აისახება ეს პანდემიის მსვლელობაზე.

“ერთი შემთხვევაა დადასტურებული რეინფიცირების, სამთვიანი შუალედით. იქ სხვადასვა შტამი არ არის, ერთი და იგივე შტამის მუტანტია. რეინფიცირება მოხდა 2,5 - 3 თვის შემდეგ. ორივე შემთხვევაში არის მსუბუქი მიმდინარეობა. რაც შეეხება ასაკს, არ მინდა შემეშალოს, მაგრამ ხანდაზმული არ არის”, - განაცხადა გამყრელიძემ. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე აღნიშნავს, რომ კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირება იშვიათია და ჩვეულებრივ მსუბუქად მიმდინარეობს. “რეინფიცირება არც ისე ხშირად ფიქსირდება, მაგრამ, რამდენიმე ერთეული შემთხვევა ვიცი. თუმცა, იმ პაციენტებში მსუბუქად განვითარდა და ყველაფერი კარგად დამთავრდა, დამძიმებული რეინფიცირების შემთხვევა არ გამიგია. ესაა გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც ანტისხეულები გაქრება. მიუხედავად იმისა, რომ უჯრედული იმუნიტეტი რჩება, შესაძლოა რეინფიცირება მაინც მოხდეს, მაგრამ არც ისე ხშირად”, - განმარტა მან. კითხვაზე რამდენად სწორია მიდგომა, როცა ადამიანი კორონავირუსს მოიხდის და პირბადეს აღარ ატარებს, ინფექციონისტმა გვითხრა, რომ ყველა შემთხვევაში პირბადე აუცილებელია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეს სწორი მიდგომა არაა, სამ თვემდე კიდევ შეიძლება, მაგრამ მაინც უნდა გაიკეთონ, ანუ პირბადე ყველასთის აუცილებელია, ვინც გადაიტანა და ვინც არა. პირბადეების ტარებამ იმიტომ, იკლო, რომ ხალხი გათამამდა, ცოტაა შემთხვევები და ზოგმა გადაიტანა და ალბათ ამიტომ. წესით არ უნდა მოიკლოს და ყველა უნდა ატარებდეს”, - განაცხადა ენდელაძემ. შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონმტროლის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში პირბადეების ტარებამ საგრძნობლად იკლო და 75-დან 43%-მდე დაეცა. ამ ფაქტს სპეციალისტები უკავშირებენ იმას, რომ ახლა ეპიდვითარება გარკვეულწილად დასტაბილურებულია, რამაც საზოგადოების ყურადღების მოდუნება გამოიწვია. ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე “რეზონანსთან” რეინფიცირების გამომწვევ ორ მიზეზზე საუბრობს”, - დასძენს გამოცემა.

“ხელმეორედ ადამიანი იმ შემთხვევაში დაინფიცირდება, თუ მას ამა თუ იმ ვიორუსის მიმართ სპეციფიკური იმუნიტეტი არ აქვს, ჯერ ბოლომდე კიდევ გარკვეული არაა ეს ის კორონავირუსია, თუ არა, რომლითაც ადრე იყო დაინფიცირებული. მეორე მომენტი არის ის, რომ არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი ვირუსს გადაიტანს, მას იმუნიტეტი მაინც არ აქვს. რეინფიცირების მიმდინარეობას რაც შეეხება, ადამიანს გააჩნია, მისი ანამნეზი რამდენად დამძიმებულია, თუმცა, წესით უფრო მსუბუქად უნდა მიმდინარეობდეს და რეინფიცირებით გარდაცვალების შემთხვევები მე არ ვიცი, როგორც ვიცი ჯერჯერობით არ ყოფილა... კატეგორიულად მოვითხოვ, რომ პირბადე ყველამ გაიკეთოს, ვინც გადაიტანა და არ გადაიტანა, თუნდაც იმიტომ, რომ რეინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირდეს. პირბადე გამოცხადებულია ბრძანებით, რომ ყველამ უნდა ატაროს, იქ არ წერია, რომ მოხდილი ვისაც აქვს, ან არ აქვს მოხდილი. ასე რომ, მე პირბადის არ ტარების კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.